საქმე №ას-1589-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.კ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ჩ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ......, ს/კ-ით ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) დ.ჩ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 13-14, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
2. მოსარჩელის ქონებას თ.კ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასევე, გ., გ., ლ., დ. და ე. ქ–ები (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები) ფლობენ. უძრავ ნივთს მოპასუხეები არ ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
3. 2016 წლის 7 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, იგი სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხეები განაგრძობენ მისი ნივთის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას.
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მათ არაკვალიფიციური (დაუსაბუთებელი) შესაგებელი წარადგინეს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ასევე, სსკ-ის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე და 312-ე მუხლები გამოიყენა.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილდა მართებულად;
7.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ აღნიშნულ ქონებას, ამასთან, ამ უკანასკნელებმა ვერ მიუთითეს ისეთ მტკიცებულებებზე, რაც მათი მხრიდან სადავო ნივთის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა. ამრიგად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
7.3. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 380-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მოთხოვნა საქმეში გ. დ–ის მოპასუხედ ჩართვის თაობაზე დაუსაბუთებელი იყო.
8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
8.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში ერთ-ერთ მოპასუხედ ნაცვლად გ. დ–ისა არასწორად არის მითითებული გ. ქ., მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილია გ. დ–ის დაბადების მოწმობა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სადავო ბინიდან ამ უკანასკნელის გამოსახლება ვერ მოხერხდება;
8.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ სადავო ბინაში არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
12. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
13.1. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
13.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
13.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები სადავო უძრავი ქონების მფლობელი არიან. მათ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
13.4. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.
14. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებულ განჩინებასა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ერთ-ერთი მოპასუხის გვარის არასწორად მითითების გამო შესაძლოა გართულდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, გამომდინარე იქიდან, რომ „სააღსრულებო წარმოებათა“ შესახებ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოვალეთა გამოსახლება უძრავი ქონებიდან ხდება მათთან მყოფ პირებთან ერთად. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა რომ გ. დ. წარმოადგენს კასატორის შვილს, შესაბამისად, მისი გამოსახლება ავტომატურად გამოიწვევს მასთან მცხოვრები შვილის გამოსახლებასაც. ამასთან, სააღსრულებო წარმოების შეფერხება კასატორის უფლებების დარღვევას არ გამოიწვევს, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს გასაჩივრების უფლების მქონე იმ სუბიექტს, რომელსაც შეუძლია აღნიშნული საკითხი სადავო გახადოს.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.კ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი