Facebook Twitter

საქმე №ა-2776-შ-78-2018 18 დეკემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – რ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ი

განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი – განქორწინება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით რ. შ-ის შუამდგომლობა გერმანიის, ქ.დრეზდენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა; ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, ქ.დრეზდენის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. შ-სა და რ. შ-ს შორის 2013 წლის 8 დეკემბერს ხემნიცის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ რეგისტრირებული #7../20... ქორწინება შეწყდა.

2. საკასაციო პალატას 2018 წლის 17 დეკემბერს განცხადებით მომართა რ. შ-მა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული ქორწინების რეგისტრაციის თარიღის - „2013 წლის 8 დეკემბრის“ ნაცვლად „2003 წლის 8 დეკემბრის“ მითითება.

3. საკასაციო პალატამ შეისწავლა განცხადების საფუძვლიანობა, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქმის მასალებით დგინდება, რომ ქორწინების რეგისტრაციის თარიღი არის 2003 წლის 8 დეკემბერი, ხოლო საკასაციო პალატის 22.11.2018წ. განჩინების მე-2 პუნქტში, მის ნაცვლად მითითებულია 2013 წლის 8 დეკემბერი.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი ეროვნული საპროცესო კანონმდებლობაა, შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეებზე, სპეციალური კანონით დადგენილ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია, როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე, ზეპირი მოსმენის გარეშე.

7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

8. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს და ქორწინების რეგისტრაციის თარიღი - „2013 წლის 8 დეკემბერი“ შეიცვალოს „2003 წლის 8 დეკემბრით“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 260-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. შ-ის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის №ა-2776-შ-78-2018 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა:

2.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის №ა-2776-შ-78-2018 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული ქორწინების რეგისტრაციის თარიღი - „2013 წლის 8 დეკემბერი“ გასწორდეს: „2003 წლის 8 დეკემბრით“.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური