საქმე №ას-997-2018 24 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ი. გ.-ე და თ. გ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. გ.-ემ და თ. გ.-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების – გ. ტ.-ის, მ. ხ.-ის, მ. მ.-ისა და ნ. დ.-ის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ი. გ.-ისა და თ. გ.-ის სარჩელი გ. ტ.-ის, მ. ხ.-ის, მ. მ.-ისა და ნ. დ.-ის მიმართ დაკმაყოფილდა. გ. ტ.-ეს, მ. ხ.-ს, მ. მ.-სა და ნ. დ.-ს ი. გ.-ისა და თ. გ.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი სარემონტო სამუშაოების ღირებულების – 48755,91 ლარის გადახდა. გ. ტ.-ეს, მ. ხ.-ს, მ. მ.-სა და ნ. დ.-ს ი. გ.-ისა და თ. გ.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ გადაუხდელი ბინის ქირის – 10780 აშშ დოლარის ეკვივალენტი 24025 ლარის გადახდა. გ. ტ.-ეს, მ. ხ.-ს, მ. მ.-სა და ნ. დ.-ს ი. გ.-ისა და თ. გ.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს – 1569 აშშ დოლარის ეკვივალენტი 3496 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ.-მა და მოითხოვა მის მიმართ მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ნ. დ.-ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში. ი. გ.-ისა და თ. გ.-ის სარჩელი ნ. დ.-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. გ.-ემ, თ. გ.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით კასატორებს დაევალათ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების – 76276,91 ლარის 5%-ის – მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 953,50 ლარის გათვალისწინებით დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის – 2860,35 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
2018 წლის 30 ივლისს კასატორების წარმომადგენელმა ლ. ხ.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ნ. დ.-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნაწილობრვივ – თავის 1/4 ნაწილში, ხოლო საააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სააპელაციო საჩივარი. ასევე კასატორების წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ნ. დ.-მა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი – 763 ლარი, შესაბამისად, კასატორებმაც წარმოადგინეს დავის საგნის ღირებულების – 76276,91 ლარის 1/4-ის – 19069 ლარის 5% – 953,50 ლარი.
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორების წარმომადგენლის მოსაზრება და 2018 წლის 23 აგვისტოს განჩინებით გაუგრძელა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორების წარმომადგენელ ლ. ხ.-ს ჩაბარდა 2018 წლის 12 სექტემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ.-ისა და თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ ლ. ხ.-ს ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 23 აგვისტოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2018 წლის 12 სექტემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.229). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 13 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 17 სექტემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 953,50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ.-ისა და თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. ი. გ.-ესა (პ/ნ ...) და თ. გ.-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ ლ. ხ.-ის მიერ 2018 წლის 29 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 953,50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი