Facebook Twitter

საქმე №ას-256-256-2018 18 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „კ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია _ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე, მოპასუხის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მუსიკალური ნაწარმოებების საჯაროდ შესრულების აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ასოციაცია) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ--ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის რესტორან „ა–ში“ ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოების საჯაროდ შესრულების აკრძალვა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, დაკისრებული აქვს ვალდებულება, დაიცვას, როგორც ქართველი, ისე _ ყველა უცხოელი ავტორისა და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი ინტერესები. ავტორების უფლებათა დასაცავად, ასოციაცია ნაწარმოების მოსარგებლეებზე გასცემს ლიცენზიებს ნაწარმოების ამა თუ იმ ფორმით გამოყენებაზე, აგროვებს და საავტორო ჰონორარს ანაწილებს შესაბამისი უფლებების მფლობელებზე. მოპასუხე რესტორან „ა–ში“ საჯაროდ ასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებებს, თუმცა, მას ასოციაციასთან გაფორმებული არ აქვს სალიცენზიო ხელშეკრულება და, შესაბამისად მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისათვის მის ავტორებს არ უხდის ჰონორარს. მიუხედავად მოთხოვნისა, ის თავს არიდებს ხელშეკრულების დადებასა და ჰონორარის გადახდას. მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება, ჰონორარის გადახდის გარეშე, ეწინააღმდეგება ავტორების ინტერესებს და ზიანს აყენებს მათ.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ ის არ აწყობს, და არ მართავს მუსიკალურ საღამოებსა და კონცერტებს, საჯაროდ არ ასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებებს და შესაბამისად, სალიცენზიო ხელშეკრულების დადების ვალდებულებაც არ გააჩნია, სარჩელით არ დგინდება რომელიმე ავტორის საავტორო უფლებათა მოპასუხის მხრიდან დარღვევის ფაქტი, ამასთან, შპს „კ–ზე“ არ შეიძლება გავრცელდეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა კუთვნილ რესტორან „ა–ში“, სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე, საჯაროდ შეასრულოს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოები.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, მოპასუხის შუამდგომლობათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შუალედური განჩინებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, ასევე, მოპასუხის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ სარჩელის უარყოფის ნაწილში იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან საავტორო უფლებათა დარღვევის საკითხი, რომელიც, ქვემდგომი სასამართლოების დასკვნით, გამოწვეულია მოსარჩელე ორგანიზაციაში დაცული საავტორო რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საჯარო შესრულებით. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ის არ შეიძლება იყოს სარჩელზე პასუხისმგებელი პირი, უფრო მეტიც, მოპასუხე საერთოდ უარყოფს ნაწარმოების საჯაროდ შესრულების ფაქტს.

1.2. საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის ფარგლებში გამოთქმულ შედავებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის კონტექსტში შეფასებამდე, მიიჩნევს, რომ უნდა გამოირკვეს, ხომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლი). ამ მხრივ პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გადაწყვეტილების სამართლებრივი კანონიერება მოწმდება რა საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404.1 მუხლი: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), სამართლებრივი კვლევა მიმდინარეობს ორი მიმართულებით: სახეზე ხომ არ არის გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე წინაპირობა; უარყოფით შემთხვევაში, რამდენად დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი კასატორს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ ამავე კოდექსის 393-ე მუხლის კონტექსტში.

1.3. საქმის მასალების შესწავლით, სასამართლო ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამართლებრივად არ არის საკმარისად დასაბუთებული (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ლოგიკური აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის ანალიზით, რესტორანში სრულდებოდა მუსიკალური ნაწარმოებები. რესტორანი არის ის ადგილი, სადაც საჯაროდ უნდა შესრულდეს მუსიკალური ნაწარმოები. მისი შესრულება შესაძლებელია, როგორც ცოცხალი შესრულებით ისე _ ტექნიკური საშუალებებით. რესტორნის არსებობა თავისთავში მოიცავს გართობას, მათ შორის მუსიკის საჯაროდ გამოყენებას. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მოპასუხე ის სუბიექტია, ვინც კომერციულ საქმიანობაში იყენებს ავტორთა ნაწარმოებებს. შპს „კ–ს“ აქვს რესტორანი „ა–ი“. ის კლიენტების მოზიდვისათვის რესტორანში ასრულებს მუსიკალურ ნაწარმოებებს. მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისათვის აუცილებელია, მას ავტორისაგან გააჩნდეს მისი გამოყენების უფლება. მოპასუხემ მოსარჩელესთან უნდა დადოს სალიცენზიო ხელშეკრულება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოიყენოს მუსიკალური ნაწარმოები.

1.4. საკასაციო სასამართლო ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოხმობილ ლოგიკური განსჯის შედეგებს მსგავსი ტიპის სარჩელის დასაკმაყოფილებლად არასაკმრისად მიიჩნევს და განმარტავს, რომ სარჩელის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ფორმალური გამართულობა და საქმის განხილვისათვის დადგენილი წესების უზრუნველყოფა, არამედ, მისი საბოლოო შედეგის მიღწევის შესაძლებლობა. მოქმედი კანონმდბლობა ადგენს რა სარჩელის უფლებას, იგი სწორედ დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვაზეა ორიენტირებული, რაც არ უნდა იქნას გაგებული მხოლოდ სასამართლო პროცედურების დაცვად, არამედ, დარღვეული უფლება, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ეფექტურად უნდა აღდგეს. ამ მხრივ, საკასაციო სასამართლო, გარდა ეროვნული კანონმდებლობისა, ყურადღებას გაამახვილებს საერთაშორისოსამართლებრივ სტანდარტებზეც: ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, კონვენციის მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder v. Royaume-Uni, 21 février 1975, §§ 28-36, série A no 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ, ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას, ვინაიდან აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია (Bourdov v. Russie, no 59498/00, §34, CEDH 2002-III), პირის უფლება სასამართლო განხილვაზე „სამოქალაქო უფლებათა და ვალდებულებათა“ განსაზღვრისთვის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების ხელმისაწვდომობასთან ერთად (Kreuz v. Pologne (no 1), no 28249/95, §§ 53 et 54, CEDH, 2001-VI), თანაბრად იცავს ამ პირის უფლებას სააღსრულებო წარმოებათა ხელმისაწვდომობაზეც (mutatis mutandis, Manoilescu et Dobrescu v. Roumanie et Russie (déc.), no 60861/00, CEDH 2005-VI), ანუ უფლებას, ამგვარი პროცედურის დაწყებაზე.

1.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:

1.5.1. შპს „კ–ი“ სამეწარმეო სუბიექტად რეგისტრირებულია 2007 წლის 8 მაისიდან. მას ქ.ბათუმში, ხიმშიაშვილის ქ#10-ში აქვს რესტორანი „ა–ი“;

1.5.2. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის, მოსარჩელის წესდებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2006 წლის 17 თებერვლის #585 გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია არის ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია, რომელსაც მინიჭებული აქვს ავტორთა უფლებების დაცვა. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული აქვს ვალდებულება, დაიცვას, როგორც ქართველი ავტორების, ისე _ ყველა უცხოელი ავტორისა და საავტორო უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი ინტერესები;

1.5.3. შპს „კ–ს“ მოსარჩელესთან ან კონკრეტულად რომელიმე ავტორთან მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებასთან დაკავშირებით გარიგება დადებული არ აქვს (ხსენებული ფაქტები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებისათვის, რამდენადაც კასატორს მათ წინააღმდეგ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია);

1.6. ვინაიდან დავის საგანი ავტორის/საავტორო უფლების მფლობელის ქონებრივ ინტერესებს შეეხება, მისი რეგულირება სწორედ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით უნდა განხორციელდეს (კანონის პირველი და მე-3 მუხლების „ა“ ქვეპუნქტების თანახმად, ეს კანონი არეგულირებს იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები); ეს კანონი ვრცელდება: ... ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, რომლებზედაც უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, და იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი საქართველოს ტერიტორიაზე). სარჩელის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მოითხოვს მის რეპერტუარს მიკუთვნებული სიმღერის საჯაროდ უნებართვოდ შესრულების აკრძალვას, ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ უფლების სუბიექტი არის ნაწარმოების ავტორი (იხ. ამავე კანონის 5.1. მუხლი, ასევე, 6.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

1.7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი (ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც, მათ შორის, მოიცავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება), საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენებისათვის დგინდება, ერთი მხრივ, ავტორს, საავტორო უფლების სხვა მფლობელს ან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და, მეორე მხრივ, მოსარგებლეს შორის დადებული ხელშეკრულებით), ფორმალური თვალსაზრისით ადასტურებს დავის საგნის არსებობას, მით უფრო, რომ ამავე კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან) შექმნილი ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს ავტორის, მომიჯნავე უფლების მფლობელის, მათი მემკვიდრეების, უფლებამონაცვლეების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების უფლებათა მართვა კოლექტიურ საფუძველზე (იხ. კანონის 64.2. მუხლი), რაც მოიცავს ორგანიზაციის უფლებას, შეასრულოს ქმედება, რომელიც საჭიროა მისთვის სამართავად გადაცემული უფლებების დასაცავად ან განსახორციელებლად, მათ შორის, წარმოადგინოს უფლების მფლობელი სასამართლოში და ისარგებლოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, განახორციელოს სხვა საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე, წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში (იხ. კანონის 64.2. მუხლი), თუმცა, როდესაც საუბარია საავტორო უფლების დაცვაზე და მას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ახორციელებს, ის უფლებამოსილია, აღძრას სარჩელი კონკრეტული დარღვევის თავიდან ასაცილებლად და არა აბსტრაქტულად, დარღვევის ყოველგვარი ფაქტის დადასტურების გარეშე. ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა თავად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც თუ ადგილი აქვს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის საჯარო შესრულებას, ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის კანონიერ გამოყენებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც სრულდება საჯარო შესრულება. აღნიშნული წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის კანონიერ გამოყენებაზე სოლიდარულად ეკისრებათ მოსარგებლეს, საჯარო შესრულების ორგანიზატორსა და იმ პირს, რომელიც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით ფლობს ადგილს ან შენობას (მოედანი, სცენა, დარბაზი და სხვა), სადაც სრულდება საჯარო შესრულება. სწორედ კანონის ზემოხსენებული მიზნის მიღწევის ხელშეწყობას ემსახურება 65-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაშვებული პრეზუმფცია იმის თაობაზე, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ... რომელიც საჯაროდ სრულდება, ... ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, ... შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. კანონის სხვაგვარი განმარტება, ასევე, სავარაუდო უფლების დარღვევის თაობაზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებას (ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს), რომელიც დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვას მოიაზრებს და არ არის მიმართული უფლების პრევენციული და/ან აბსტრაქტული დაცვისკენ, გარდა ამისა, გაურკვეველია, რა ფორმით უნდა განხორციელდეს უფლების დაცვა, როდესაც ქვემდგომი სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ფორმირებულ იქნა იმდენად ბუნდოვნად, რომ შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რომელი ნაწარმოების შესრულების უფლება აეკრძალა მოპასუხეს.

2. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:

ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და მიიჩნევს, რომ ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა: იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ვერ ასახელებს/ადასტურებს მოპასუხის მხრიდან კონკრეტული დარღვევის ფაქტს, არამედ, სარჩელით მოითხოვს მისთვის ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული შესრულების აკრძალვას, პალატა მიიჩნევს, რომ ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება კანონის პრინციპებს, ასევე, ეჭვქვეშ აყენებს უფლების რეალურად დაცვის შესაძლებლობას, რაც სარჩელის სრულად უარყოფის საფუძველია.

3. საოქმო განჩინებების გაუქმებაზე, ასევე კასატორის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:

3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

3.2. კასატორი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს იმ საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობები (ინფორმაციის წარდგენის დავალდებულება: 2015 და 2016 წლებში მოსარჩელის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ავტორებისათვის გადახდილი ჰონორარის შესახებ; ასოციაციის წესდების ასლისა და „საქპატენტში“ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების, ასევე, ასოციაციის მართვის ორგანოებში შემავალი პირების, ამ ორგანოებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ; სხვა ქვეყნების ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციებთან ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ; ბოლო ათი სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე იმ დავებზე, სადაც მოსარჩელე მხარის სტატუსით მონაწილეობდა). საკასაციო პალატა არ იზიარებს მხარის ხსენებულ პოზიციას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის ფარგლებშიც კასატორს, როგორც მოდავე მხარეს, ევალება არა მხოლოდ მოთხოვნის წარდგენა, არამედ მისი დასაბუთებაც. მოცემულ შემთხვევაში, მხარე აყალიბებს მხოლოდ მოთხოვნას იმგვარად, რომ მისი გაზიარების შემთხვევაშიც კი, ვერ ხსნის რა დადებითი შედეგი შეიძლება დადგეს მის სასარგებლოდ, რაც მოთხოვნის გაზიარებას გამორიცხავს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები);

3.3. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის შუამდგომლობას, დავაში მესამე პირად „საქპატენტის“ ჩაბმის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლი ადგენს დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ჩაბმის წინაპირობას _ გადაწყვეტილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ პირის უფლებებზე. 90-ე მუხლის თანახმად, ამ საპროცესო მოქმედების განხორციელების წინაპირობა, შეიძლება ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობაც კი იყოს, თუმცა, მოცემული დავის ფარგლებში, როდესაც საავტორო უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია მოითხოვს ავტორის ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით შესრულების აკრძალვას, გაურკვეველია, რა გავლენა უნდა იქონიოს ამ დავამ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის _ „საქპატენტის“ უფლებებზე;

3.4. საკასაციო პალატა ასევე უარყოფს კასატორის შუამდგომლობას მოწმის დაკითხვისა და მტკიცებულების საქმისათვის დართვის თაობაზე, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები), საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს და შეფასოს ახალი მტკიცებულებები, არამედ, იგი შემოიფარგლება საქმეში არსებული დოკუმენტებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმებით.

4. სასამართლო ხარჯები:

ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ მუხლში აღნიშნული წესები უკავშირდება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც), პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 450 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 89-ე, 90-ე, 404-ე, 407-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „კ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სარჩელი შპს „კ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

4. ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას (ს/კ #202065415) შპს „კ–ის“ (ს/კ #2-...) სასარგებლოდ დაეკისროს 450 ლარის ანაზღაურება.

5. კასატორის მოთხოვნა მისი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ყველა საოქმო განჩინების გაუქმების, მტკიცებულებათა გამოთხოვის, მოწმის დაკითხვისა და დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საქმეში ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი