საქმე №ას-1117-2018 19 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ-მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 31 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანების 2662,18 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2426,57 ლარი, ჯარიმა - 235,61 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ცნობის გაცემიდან (2017 წლის 5 ივლისიდან) საკრედიტო ბარათის სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 2426,57 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს 0,05% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1,33 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 150 ლარისა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 10 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანების 2710,45 ლარის გადახდა, საიდანაც შემცირებული სესხის ძირითადი თანხაა - 2171,54 ლარი, ჯარიმა - 538,91 ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ცნობის გაცემიდან (2017 წლის 5 ივლისიდან) საკრედიტო ბარათის სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 2171,54 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს 0,05% გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 1,08 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 150 ლარისა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, როგორც მოპასუხე სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, იგი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 31 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებულ 0,05% პირგასამტეხლოს და ჯარიმას 235,61 ლარის ოდენობით, ასევე 2017 წლის 10 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობასა და დაკისრებულ ჯარიმას 538,91 ლარის ოდენობით, სულ ჯამში სადავოდ ხდიდა მისთვის დაკისრებულ 1 075 ლარს, ანუ მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2 000 ლარს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
8. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
8.1. სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა აშკარად შეუსაბამო ოდენობის ჯარიმა და პირგასამტეხლო, თანაც მაშინ, როდესაც 2017 წლის 10 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა ჯერ არ ჰქონდა გასული. ამგვარად, სასამართლომ მხარი დაუჭირა დავაში დომინანტ მხარეს, რითაც ამ უკანასკნელს ისევ მიეცა უსაფუძვლო გამდიდრების შესაძლებლობა;
8.2. მოპასუხისათვის გაუგებარია რა საფუძვლით ეთქვა უარი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, ასევე დარჩებოდა თუ არა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი იმ შემთხვევაშიც, თუ მას გადახდილი ექნებოდა სახელმწიფო ბაჟი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
14. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 31 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 0,05%-ისა და ჯარიმის - 235,61 ლარის, დაკისრების ნაწილში, ასევე 2017 წლის 10 იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობისა და ჯარიმის - 538,91 ლარის, დაკისრების ნაწილში. ჯამში იგი სადავოდ ხდიდა მისთვის დაკისრებულ 1 075 ლარს. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავად მოპასუხესაც სააპელაციო საჩივარში საჩივრის ფასად 1 075 ლარი აქვს მითითებული (იხ. ტ. 1. ს. ფ. 154).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი ქონებრივი დავის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, ხსენებული მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
16. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2 000 ლარს. ამდენად, საკასაციო სასამართლო განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად არა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, არამედ, როგორც აღინიშნა, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება ნაკლები იყო კანონით დადგენილ ოდენობაზე.
17. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე