Facebook Twitter

საქმე №ას-1746-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ. ყ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბერის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „ს-ამ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ყ–ის (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ 37 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 17 ივნისს მოსარჩელე კომპანიის თანამშრომელი – მოპასუხე ნასვამ მდგომარეობაში მოძრაობდა მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით, რა დროსაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა. შედეგადაც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება. სამართალდარღვევაზე მოპასუხის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო, თუმცა ვინაიდან მძღოლი იყო ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მომხდარი არ ჩაითვალა სადაზღვევო შემთხვევად და ანაზღაურებას არ დაექვემდებარა.

3. მოსარჩელემ ზიანის დადგენის მიზნით მიმართა ექსპერტიზის ბიუროს, რომლის დასკვნის თანახმად მოსარჩელის მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 37000 ლარი. მოპასუხეს მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მისი ბრალეულობით არ მომხდარა, იგი არ იყო ნასვამ მდგომარეობაში. მხარემ სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მატერიალური ზიანის ოდენობაც და იგი შეუსაბამოდ გადაჭარბებულად ჩათვალა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27500 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში მოთხოვნას ეთქვა უარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბერის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით 1 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით განისაზღვრა 10 დღის ვადა.

9. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2018 წლის 28 სექტემბერს.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 64-ე, 65-ე მუხლების, 215-ე მუხლის მესამე ნაწილის, 59-ე და 63-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2018 წლის 8 ოქტომბერს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დამატებით 10 დღით გაგრძელება, ვინაიდან, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, იმყოფება უცხოეთში.

11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მართალია, აღნიშნული განცხადება ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში იქნა წარმოდგენილი, თუმცა იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 1100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოსათვის წარდგენა.

13. 2018 წლის 13 აგვისტოს აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე უკვე დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის თაობაზე აპელანტის პირველად ინფორმირების შემდეგ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2018 წლის 1 აგვისტოს ჩაბარდა) საკმარისი და გონივრული ვადა გავიდა ხარვეზის შესავსებად, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

14. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აპელანტი იმყოფება საზღვარგარეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რისი დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ აპელანტი მხარე ცდილობს სასამართლო პროცესის გაჭიანურებას, რის გამოც ხელი ეშლება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ირღვევა მეორე მხარის უფლებები. მით უფრო, რომ ყველა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე იდენტური შინაარსისაა და არ შეიცავს რაიმე ისეთ გარემოებას, რაც სასამართლოს ხარვეზის ვადის კვლავ გაგრძელების შესაძლებლობას მისცემდა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი, მიიღოს დროული და ეფექტური მართლმსაჯულება.

15. თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მეორე მხარის ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს განჩინება საქმეზე №ას-1074-1007-2012).

16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

18. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად მხარეს დასჭირდა გარკვეული ვადა. აპელანტის პირველი შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, თუმცა აღნიშნული პერიოდი არ აღმოჩნდა საკმარისი თანხის მოსაძიებლად. აპელანტის განმეორებითი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე კი სასამართლომ უარი განაცხადა.

19. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ უსამართლოდ შეუზღუდა მხარეს სასამართლო წესით საქმის განხილვის უფლება, არ გაითვალისწინა აპელანტის მითითება, რომ იგი, სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო, იმყოფებოდა სამკურნალოდ საზღვარგარეთ და ჰქონდა მძიმე მატერიალური მდგომარეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

22. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

23. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

24. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 1100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სასამართლოსათვის წარდგენა.

25. აპელანტმა იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს წინაშე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა.

26. აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აპელანტი იმყოფება საზღვარგარეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რისი დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია.

27. ამდენად, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2018 წლის 28 სექტემბერს.

28. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

29. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ აპელანტისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 29 სექტემბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 8 ოქტომბერს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

30. დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელების შესახებ აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

31. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

32. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – ხარვეზის დროულად გამოსწორებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

33. მოცემულ შემთხვევაში აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აპელანტი ხარვეზის შევსებისათვის მისთვის მიცემულ პერიოდში იმყოფებოდა სამკურნალოდ საზღვარგარეთ ან გააჩნდა მძიმე მატერიალური მდგომარეობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განჩინებით აპელანტის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა სწორად შეფასდა და ეთქვა უარი. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულებები კერძო საჩივრის ავტორს არც კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე წარმოუდგენია.

34. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

35. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ყ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბერის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე