Facebook Twitter

საქმე №ას-1738-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. რ-ე (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ს–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2007 წლის 7 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

განმცხადებლის მოთხოვნა:

1. 2018 წლის 4 ოქტომბერს ლ. რ-ემ (შემდგომ – განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორის) განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (შემდგომ – მოპასუხე) მოითხოვა საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „ბ-ის“ (შემდგომ – არბიტრაჟი) 2007 წლის 7 დეკემბრის (საქმე №01/07-423) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება.

განცხადების საფუძვლები:

2. განმცხადებელმა განმარტა, რომ ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის წერილით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2007 წლის 7 დეკემბრიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სამოქალაქო საქმე, რომლის მხარეებიც არიან განმცხადებელი, მოპასუხე და იურიდიული კომპანია ,,ბ -ი“, რეგისტრირებული არ არის. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, განმცხადებელმა მოითხოვა მის მიერ წარდგენილი საჩივრის ხელახლა განხილვა და საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2007 წლის 7 დეკემბრის (საქმე №01/07-423) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით წარმოდგენილი განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 35612 მუხლის პირველი ნაწილის, 372-ე მუხლის, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით განმცხადებლის საჩივარი არბიტრაჟის 2007 წლის 7 დეკემბრის (საქმე №01/07-423) გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

5. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით განმცხადებლის საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით განმცხადებლის საჩივარი საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2007 წლის 7 დეკემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე კვლავ დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ, ვინაიდან სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა და არ დააკმაყოფილა განმცხადებლის (საჩივრის ავტორის) ანალოგიური მოთხოვნა იდენტური ფაქტებითა და მოტივებით, ასევე, ანალოგიური საფუძვლით, სსსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

9. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ არბიტრაჟის 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია 2018 წლის 28 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილი, რომლითაც დგინდება, რომ 2007 წლიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სამოქალაქო საქმე განმცხადებელს, მოპასუხესა და იურიდიულ კომპანია „ბ-ს“ შორის რეგისტრირებული არ არის. სწორედ აღნიშნული საფუძვლით მოითხოვა განმცხადებელმა საქმის ხელახლა განხილვა.

10. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო საქმის დედნები არ იძებნება და სააღსრულებლო საქმის წარმოება მიკერძოებული იყო. ამასთან, საჯარო რეესტრში ცვლილების საფუძველი – განკარგულება ყალბია.

11. მხარის განმარტებით, 2007 წლის 7 დეკემბრის საარბიტრაჟო №01/07-423 საქმე განხილულ იქნა კერძო საჩივრის ავტორისათვის შეუტყობინებლად, რითაც მას გასაჩივრების უფლება შეეზღუდა. აუქციონზე მისი ხელმოწერები გაყალბებულია და დოკუმენტებში მითითებულია უცხო პირების ტელეფონის ნომრები. აღნიშნული საქმის წარმოების შესახებ მან მხოლოდ 10 წლის შემდეგ შემთხვევით შეიტყო, როცა სადავო უძრავ ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება სურდა.

12. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოპასუხე არ არის ამხანაგობის წევრი და მას მეზობლები არ იცნობენ. თავად კი დღემდე ფლობს სადავო უძრავ ქონებას,

13. მხარემ აღნიშნა, რომ არ არსებობს საჯარო რეესტრის ჩანაწერის ცვლილებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, ახალი აზომვითი ნახაზები და აუდიტორული დასკვნა.

14. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილობის თაობაზე შეიტანა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის განხილვაც მიმდინარეობს საქმის ნომრით 3/5860-18.

15. გარდა ამისა, მხარემ მიუთითა, რომ ძველი თბილისის პროკურატურიდან ვაკე-საბურთალოს პროკურატურაში გადაიგზავნა სისხლის სამართლის საქმე განსახილველ დავასთან დაკავშირებით საარბიტრაჟო და სააღსრულებლო ბიუროს მიერ დოკუმენტაციის გაყალბების თაობაზე.

16. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ დასახელებული არგუმენტები ადასტურებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტს.

17. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა საარბიტრაჟო საქმის გამოთხოვა, კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნა, გაყალბების ფაქტზე სპეციალისტების მოწვევა, საქმის მწარმოებელი ნოტარიუსებისაგან აღიარებითი ჩვენებების მიღება იმ საკითხზე, კონკრეტულად ვინ აწარმოვა განმცხადებლის მაგივრად საქმე და აღნიშნული მიზნით სანოტარო ბიუროდან ვიდეო გადაღებისა და რეგისტრაციის ჟურნალის გამოთხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება.

20. სსსკ-ის 35612 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.

21. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

22. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

23. სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილი ადგენს კანონისა და სამართლის ანალოგიას, კერძოდ, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას წარმოდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

25. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით განმცხადებლის საჩივარი სადავო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

26. ამდენად, დადასტურებულია, რომ განმცხადებლის ანალოგიური მოთხოვნა იმავე საფუძვლებით ერთხელ უკვე გახდა სასამართლოს შეფასების ობიექტი, რა დროსაც იგი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, განმეორებით იმავე განცხადებით სააპელაციო პალატისათვის მიმართვის შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

27. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 35612 მუხლის მეორე ნაწილიც, რომლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

28. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებისმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.

29. დასახელებული კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ არბიტრაჟში საქმის წარმოება მიმდინარეობს დამოუკიდებლად და სასამართლოს უფლება არ გააჩნია, ჩაერიოს ან ნებისმიერი გზით ზეგავლენა მოახდინოს მასზე. ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სასამართლო არეგულირებს საარბიტრაჟო წარმოების კონკრეტულ ეტაპებს, ზემოხსენებულ კანონში ზუსტად და ამომწურავადაა მითითებული.

30. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს, რომლებიც ეხება პრეტენზიებს საარბიტრაჟო წარმოების მიმართ. აღნიშნული საკითხების შეფასება დასაშვები იქნებოდა განცხადების წარმოებაში მიღების შემთხვევაში, რაც კონკრეტულ ვითარებაში არ განხორციელებულა.

31. შესაბამისად, განცხადების განუხილველად დატოვების პირობებში სრულიად დაუსაბუთებელია საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობების დაკმაყოფილება ექსპერტიზის დანიშვნის, მტკიცებულებების გამოთხოვის, სპეციალისტის მოწვევის თაობაზე.

32. ამასთან, სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია.

34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე