Facebook Twitter

საქმე №ას-1709-2018 13 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. პ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „...“(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბერის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ. პ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ნ-ის“ (შემდგომ – თავდაპირველი მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი სს „ნ-ის“ 2016 წლის 2 მარტის №02/03/2016 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნეს ფინანსური დეპარტამენტის უფროსისა და გენერალური დირექტორის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს 2016 წლის 9 მარტიდან იძულებითი განაცდური თვეში 13750 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2009 წლიდან 2016 წლის 9 მარტამდე არსებობდა შრომითი ურთიერთობა და მოპასუხე კომპანიაში ეკავა ფინანსური დეპარტამენტის უფროსის, გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

3. 2016 წლის თებერვალში მოპასუხე კომპანიის ხელმძღვანელობამ შესთავაზა თანამშრომლებს, ნებაყოფლობით დაეტოვებინათ სამსახური და ისინი მიიღებდნენ 3 თვის ხელფასის ანაზღაურებას.

4. მოსარჩელე აღნიშნულ შემოთავაზებას არ დათანხმდა. მოპასუხის გენერალური დირექტორის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეორგანიზაციის საფუძვლით მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. რეალურად კომპანიაში რეორგანიზაცია არ მომხდარა და აღნიშნული ატარებდა მხოლოდ ფიქტიურ ხასიათს, შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლდა უკანონოდ.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ვინაიდან კომპანიაში მოხდა რეორგანიზაცია საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით და სწორედ აღნიშნული გახდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ამჟამინდელი მოპასუხე სს „...ს“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურების ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის – 13750 ლარის გადახდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბერის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, მის შესავსებად განესაზღვრა 7 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა: დაეზუსტებინა მოთხოვნა, კერძოდ, თუ რა ნაწილში ასაჩივრებს გადაწყვეტილებას. მხოლოდ სამსახურში აღდგენის ნაწილში თუ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც; აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამსახურში აღდგენის ნაწილში გასაჩივრების შემთხვევაში, მის მიერ უნდა ყოფილიყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით; აპელანტს უნდა მიეთითებინა, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომელზეც აპელანტი ამყარებს თავის მოთხოვნას და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მათ.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მერვე ნაწილის საფუძველზე, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს, რომელიც ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელ ფიზიკურ პირს 2018 წლის 5 ოქტომბერს. განჩინებით დადგენილ 7-დღიან საპროცესო ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა მოსარჩელის წარმომადგენელს იურიდიული კომპანია შპს „ს-ის“ ოფისის მისამართზე. აღნიშნულ მისამართზე საქმიანობს არაერთი კომპანია, მათ შორის, შპს „შ–ი“ (ს/კ №-...). შპს „ს-ის“ უკუგზავნილში მითითებულია, რომ გზავნილი ჩაბარდა ბ. ს–ს. დამატებით კომენტარში კი აღნიშნულია, რომ დასახელებული პიროვნება არის იურისტი, ადრესატის წარმომადგენელი, რაც რეალობას არ შეესაბამება. მითითებული პირი იურიდიულ კომპანია შპს „ს-ასთან“ არანაირ კავშირში არ იმყოფება და დასაქმებულია შპს „შ–ი“ პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე. აღნიშნული ფაქტი დასტურდება შპს „შ–ის“ მიერ გაცემული 2018 წლის 23 ოქტომბრის ცნობით (ტომი 2, ს.ფ 45), ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობითა და დანართით, რომლის თანახმად ბ. ს–ს ხელფასი ერიცხება კომპანიიდან შპს „შ–ი“ (ტომი 2, ს.ფ 52-54). კერძო საჩივარს დაერთო საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვით შპს „შ–ი“ მისამართი ემთხვევა აპელანტის წარმომადგენლის იურიდიული ფირმის ადგილსამყოფელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

16. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, მის შესავსებად განესაზღვრა 7 დღის ვადა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.

17. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

18. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

19. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.

20. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ განჩინება ხარვეზის შესახებ აპელანტს გაეგზავნა მისი წარმომადგენლის მისამართზე.

21. საფოსტო გზავნილის მიხედვით, აღნიშნული განჩინება ჩაბარდა იურისტს, ადრესატის თანამშრომელს, ორგანიზაციის წარმომადგენელს 2018 წლის 5 ოქტომბერს (ტომი 2, ს.ფ. 15).

22. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ გზავნილის მიმღები ფიზიკური აპელანტის წარმომადგენელი არ არის, შესაბამისად, ხარვეზის განჩინების მისთვის ჩაბარება მხარისათვის გადაცემას არ უთანაბრდება.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

24. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც აბათილებს შპს „ს-ის“ უკუგზავნილის შინაარსს ხარვეზის განჩინების აპელანტის წარმომადგენლისათვის ჩაბარების შესახებ და ადასტურებს, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენლის იურიდიული ფორმის მისამართზე მდებარე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელ ბ. ს–ს.

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რა დროსაც საკასაციო პალატამ გაიზიარა მხარის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის მიმღები პირი ადრესატი მხარის თანამშრომელი არ იყო და აღნიშნული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია უტყუარი მტკიცებულების – შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხისა და დაკავებული თანამდებობების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე (იხ. სუსგ 31.01.2017წ. №ას-1007-968-2016, სუსგ 9.02.2018წ. ას-17-17-2018).

27. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს სადავო გზავნილის მიმღები ბ. ს–ი მუშაობს შპს „შ–ი“ პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე. აღნიშნული ფაქტი დასტურდება შპს „შ–ის“ მიერ გაცემული 2018 წლის 23 ოქტომბრის ცნობით (ტომი 2, ს.ფ 45), ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობითა და დანართით, რომლის თანახმად ბ. ს–ს ხელფასი ერიცხება კომპანიიდან შპს „შ–ი“ (ტომი 2, ს.ფ 52-54) და საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიხედვით შპს „შ–ი“ მისამართი ემთხვევა აპელანტის წარმომადგენლის იურიდიული ფირმის ადგილსამყოფელს.

28. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს სააპელაციო პალატის განჩინება ხარვეზის დადგენისა და მის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის შესახებ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. სასამართლო გზავნილი მიიღო არაუფლებამოსილმა პირმა, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ხარვეზის შევსების ვადის ათვლის საფუძველი ვერ გახდება.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. პ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბერის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე