Facebook Twitter

საქმე №ას-1702-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ფ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ქ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადახდილი ნასყიდობის საფასურის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს. ქ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ფ–ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი) მიმართ 13000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის მაისის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა დაეთმო ამხანაგობა „ა-ის“ (შემდგომ – ამხანაგობა) მიერ ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში 10 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე სამომავლო წილის უფლება. შეთანხმების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა ნასყიდობის საფასური – 13000 აშშ დოლარი.

3. ვინაიდან წილზე დგინდებოდა ამხანაგობის უფლებრივი მდგომარეობა, აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, 2008 წლის 6 ივნისს მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის დაიდი ხელშეკრულება მშენებარე მრავალბინიან სახლში ასაშენებელ 15 კვ.მ-ზე სამომავლოდ წარმოშობილი უფლების დათმობის შესახებ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დაპირებული 10 კვ.მ წარმოადგენდა მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის 2008 წლის 6 ივნისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 15 კვ.მ-ში შემავალ ფართს, რომელზეც მოპასუხის უფლება კანონით დადგენილი წესით არსად ფიქსირდება. მოპასუხისათვის 10 კვ.მ ფართის დათმობის შესახებ დათქმას შეიცავდა მხოლოდ ამხანაგობის 2007 წლის 30 სექტემბრის კრების ოქმი, მაგრამ აღნიშნულმა კრების ოქმმა ვერ უზრუნველყო ამ ფართის იდენტიფიცირება და მასზე მოპასუხის უფლების არსებობის ფაქტის დადასტურება.

4. ამდენად, მოსარჩელემ მოპასუხეს 13000 აშშ დოლარი გადაუხადა ფართის განკარგვისათვის კანონით დადგენილი ფორმის დაუცველად დადებული გარიგებით და სადავო თანხის მოპასუხისთვის გადახდას არ გააჩნდა ვალდებულებითი საფუძველი.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2008 წლის 6 ივნისის ხელშეკრულებით წილზე სამომავლო საკუთრების უფლება მოსარჩელეს დაუთმო შპს „ა-მა“ (შემდგომ – შპს, საზოგადოება), ვინაიდან წილი ეკუთვნოდა შპს-ს და არა ამხანაგობას. ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება მოსარჩელემ ვერ შეძლო, ვინაიდან განშლის დროს არ მოხდა ამ ფართის გამოყოფა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, მის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 520 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნისა და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარდგენა.

9. 2018 წლის 7 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

10. სააპელაციო პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით ამ განჩინების ჩაბარებიდან.

11. 2018 წლის 25 ივნისის სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა განცხადებით აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება.

12. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით.

13. 2018 წლის 9 ივლისს სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა განცხადებით აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელება.

14. სააპელაციო პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით აპელანტს 5 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 520 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) გადახის დამადასტურებელი მტკიცებულების, ასევე, წარმომადგენლის სახელზე გაცემული მიდობილობის წარდგენა, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების მითითებით.

15. 2018 წლის 21 სექტემბერს ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოს კვლავ განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.

16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 48-ე მუხლით და განმარტა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მხარის ქონებრივი მდგომარეობის შეფასება.

17. მხარემ უნდა დაასაბუთოს და, ამასთანავე, უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. სსსკ 215-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული.

18. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მას არ გააჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა. აპელანტის წარმომადგენლის მხოლოდ მითითება, რომ მისი მარწმუნებელი იმყოფება მძიმე ფინანსურს მდგომარეობაში, არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს, საჭიროა შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რაც დაარწმუნებს სასამართლოს, რომ აპელანტს არ გააჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა. ასეთი მტკიცებულება კი, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ერთხელ უკვე ეთქვა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, და ამჟამად, ასევე, ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, იმავე საფუძვლით აპელანტი კვლავ შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას.

19. აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო პალატაში განსახილველად შემოვიდა 2017 წლის 15 დეკემბერს და 2017 წლის 25 დეკემბერს სააპელაციო საჩივარეზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა სამჯერ, ანუ, აპელანტს ჰქონდა შესაძლებლობა და საკმარისი დრო, მოეძია შესაბამისი თანხი და გამოესწორებინა დადგენილი ხარვეზი, რაც არ განხორციელებულა.

20. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ყოველი უფლება, მათ შორის საპროცესო-სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, გაუმართლებლად არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის ქმედება ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას და დაუსაბუთებლად ლახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესს. მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც, სსსკ-ის 374-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

22. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ აპელანტმა რამდენჯერმე წერილობით მიმართა სააპელაციო სასამართლო და მიუთითა, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა მხარის განმარტება და უკანონოდ დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

25. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

26. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

27. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, მის შესავსებად განესაზღვრა 10 დღის ვადა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 520 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნისა და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარდგენა.

28. 2018 წლის 7 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

29. სააპელაციო პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით ამ განჩინების ჩაბარებიდან.

30. 2018 წლის 25 ივნისის სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა განცხადებით აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება.

31. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით.

32. 2018 წლის 9 ივლისს სააპელაციო სასამართლოს კვლავ მიმართა განცხადებით აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელება.

33. სააპელაციო პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით აპელანტს 5 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 520 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) გადახის დამადასტურებელი მტკიცებულების, ასევე, წარმომადგენლის სახელზე გაცემული მიდობილობის წარდგენა, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების მითითებით.

34. 2018 წლის 21 სექტემბერს ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოს კვლავ განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.

35. ამდენად, საქმის მასალებიდან ირკვევა და კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

36. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.

37. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

38. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

40. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

41. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

42. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.

43. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები.

46. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის გადავადების თაობაზე დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომ იგი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარემ ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მის მოთხოვნას მართებულად ეთქვა უარი.

47. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ფ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე