Facebook Twitter

საქმე №ას-1688-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ხ. წ-ე, მ. ლ-ე, ნ. წ-ე, ს. წ-ე, ნ. მ-ე, ლ. ბ-ე, ვ. ყ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „ბ-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. წ-ის, მ-ი ლ-ის, ნ. წ-ის, ს. წ-ის, ნ. მ-ის, ლ. ბ-ისა და ვ. ყ–ის (შემდგომ – მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა. მოპასუხეებს გააჩნდათ ფინანსური ვალდებულებები მოსარჩელის მიმართ, რომლებიც მხარეს ნებაყოფლობით არ შეუსრულებია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანის წარდგენა. ხარვეზის შესავსებად აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

6. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებმა წარმოადგინეს განცხადება და ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 10 დღით გაგრძელება.

7. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით აპელანტთა განცხადება ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 10 დღით.

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებმა განმეორებით წარმოადგინეს განცხადება და ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის კვლავ 10 დღით გაგრძელება.

9. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 5 დღით.

10. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებმა წარმოადგინეს განცხადება და მოითხოვეს ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის გადავადება, ხოლო ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის კვლავ რამდენიმე დღით გაგრძელება.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით, 64-ე, 65-ე მუხლებით, 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, 59-ე და 63-ე მუხლებით, ასევე, მე-60-61-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა შეევსოთ 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტების შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად, სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად.

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2018 წლის 15 აგვისტოს აპელანტებმა ფოსტის საშუალებით წარადგინეს განცხადება და ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის გადავადება და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის კვლავ რამდენიმე დღით გაგრძელება. განცხადება დადგენილ ვადაში იქნა წარმოდგენილი, თუმცა იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის და 2018 წლის 30 ივლისის განჩინებებით აპელანტების მოთხოვნა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის თაობაზე აპელანტების პირველად ინფორმირების შემდეგ საკმარისი და გონივრული ვადა გავიდა ხარვეზის შესავსებად, აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

14. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ ორჯერ დაკმაყოფილდა აპელანტების შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ. აღნიშნული სასამართლოს უქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ ისინი ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას, რის გამოც ხელი ეშლება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს და ირღვევა მეორე მხარის უფლებები. მით უფრო, რომ ყველა შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ მსგავსი შინაარსისაა და არ შეიცავს რაიმე ისეთ გარემოებას, რაც სასამართლოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მისცემს.

15. თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მეორე მხარის ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.

16. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის მიხედვით, უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

18. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ საქმის მასალებიდან ნათლად დგინდება, რომ აპელანტებს გააჩნდათ მძიმე ფინანსური მდგომარეობა, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა მართლმსაჯულების განხორციელებაზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობასა და სამართლიანობის ზოგად პრინციპს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

21. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

22. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 10 დღის ვადაში სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანის წარდგენა. აღნიშნული საპროცესო ვადა აპელანტების შუამდგომლობის საფუძველზე ორჯერ, ჯერ 10 დღით, ხოლო შემდეგ დამატებით კიდევ 5 დღით გაგრძელდა.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებმა წარმოადგინეს განცხადება და მოითხოვეს ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის გადავადება, ხოლო ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის კვლავ რამდენიმე დღით გაგრძელება.

25. ამდენად, საქმის მასალებიდან ირკვევა და კერძო საჩივრის ავტორიც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.

27. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

28. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

30. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

31. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

32. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.

33. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები.

36. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დააფუძნა იმ გარემოებებზე, რომ იგი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარემ ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მის მოთხოვნას მართებულად ეთქვა უარი.

37. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ აპელანტებს არ გადაუხდიათ სახელმწიფო ბაჟის თუნდაც მცირე ნაწილი, რათა დავის მიმართ საკუთარი ინტერესი დაედასტურებინათ.

38. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. წ-ის მ. ლ-ის, ნ. წ-ის, ს. წ-ის, ნ. მ-ის, ლ. ბ-ისა და ვ. ყ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე