Facebook Twitter

საქმე №ას-1633-2018 12 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. პ-ვა

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ-ძე

მოპასუხე - შპს „ბ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, პარნიორის გარიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. პ-ვასა და შპს „ბ.“ მიმართ თანხის დაკისრებისა და პარნიორის გარიცხვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე დ. პ-ვას შპს „ბ.“ სასარგებლოდ დაკისრა 39563 ლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა შენატანის შეუტანლობის გამო დ. პ-ვას შპს „ბ.“ პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. პ-ვამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით დ. პ-ვას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. პ-ვამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2018 წლის 7 ნოემბერს დ. პ-ვას წარმომადგენელმა დ. ნ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა კერძო საჩივრის ავტორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. პ-ვას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე მხარემ, რომელიც შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაამტკიცოს, რომ მას მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო არა აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. მოცემულ შემთხვევაში ასეთი მტკიცებულებები კასატორების მიერ წარმოდგენილი არ არის, ამიტომ მათი შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული `სასამართლო ხელმისაწვდომობის~ უფლების ხელყოფად.

საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. პ-ვას წარმომადგენელ დ. ნ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. დ. პ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი