Facebook Twitter

საქმე №ას-1598-2018 19 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. თ-ი, ხ. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის, სესხისა და იპოთეკის, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – მ. თ-ისა და ხ. ქ-ის მიმართ ნასყიდობის, სესხისა და იპოთეკის, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

ხ. ქ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ი. ა-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი და ხ. ქ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ი. ა-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2722,50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.

2018 წლის 7 ნოემბერს ი. ა-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 20 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ი. ა-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

2018 წლის 12 ნოემბერს ი. ა-ის წარმომადგენელმა მ. ფ-მა წარმოადგინა ცეესკოს ამონაწერი, სადაც მითითებულია კასატორის მისამართი და მოითხოვა ხარვეზის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინების კასატორის მისამართზე გაგზავნა, ვინაიდან თვითონ ვერ მოახერხა კომუნიკაცია კასატორთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ი. ა-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2722,50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) წარმოდგენა. კასატორს, მისი შუამდგომლობების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა გაუგრძელდა დამატებით 5 დღით, მაგრამ მან ნაწილობრივაც არ შეავსო ხარვეზი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კასატორს პირადად დამატებით უნდა ეცნობოს საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინების თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას. ამასთან, კასატორისათვის უკვე ცნობილია საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინების თაობაზე და მან პირადად მომართა საკასაციო პალატას შუამდგომლობით ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის დანაწესი, რომ სასამართლომ შეიძლება საპროცესო ვადა გააგრძელოს მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, დისპოზიციურია და სასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს საპროცესო ვადის გაგრძელების მსურველი მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მიზეზის დასაბუთების სარწმუნოობითა და საფუძვლიანობით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, აგრეთვე სსსკ-ის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენისათვის, რაც მან არ განახორციელა, ამდენად, მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი