Facebook Twitter

საქმე №ას-1588-2018 28 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა. დ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტილად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „გ.“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „ა. დ.“მიმართ გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტილად აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „გ.“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ.“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინებით შპს „გ.“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ.“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2353,75 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.

2018 წლის 5 ნოემბერს კასატორის წარმომადგენელმა დ. ღ-ძემ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით შპს „გ.“ წარმომადგენელ დ. ღ-ძის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

2018 წლის 20 ნოემბერს კასატორის წარმომადგენელმა დ. ღ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს „გ.“ წარმომადგენელ დ. ღ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით.

2018 წლის 27 ნოემბერს კასატორის წარმომადგენელმა დ. ღ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ.“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2353,75 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) წარმოდგენა. კასატორს, მისი შუამდგომლობების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით და ხოლო ამავე სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, დამატებით 3 დღით, მაგრამ მან მხოლოდ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის დანაწესი, რომ სასამართლომ შეიძლება საპროცესო ვადა გააგრძელოს მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, დისპოზიციურია და სასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს საპროცესო ვადის გაგრძელების მსურველი მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მიზეზის დასაბუთების სარწმუნოობითა და საფუძვლიანობით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.

მოცემულ შემთხვევაში კასატორს მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან არ განახორციელა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სრულად არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ.“ წარმომადგენელ დ. ღ-ძის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „გ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი