საქმე №ას-1545-2018 12 ნოემბერი, 2018 წელი
№ას-1545-2018 ადამაძე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ა-ძე, თ. ფ-ძე, ი. გ-ძე, ო. ჯ-ძე, ა. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ს. ბ.“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – გ. ა-ძის, თ. ფ-ძის, ი. გ-ძის, ო. ჯ-ძისა და ა. ა-ძის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ.“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრასს „ს. ბ.“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ.“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „ს. ბ.“ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გ. ა-ძეს, თ. ფ-ძესა და ო. ჯ-ძეს სს „ს. ბ.“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 12336,48 აშშ დოლარის გადახდა. გ. ა-ძისათვის, თ. ფ-ძისა და ო. ჯ-ძისათვის სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებული 12336,48 აშშ დოლარის გადახდევინება განხორციელდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაციის გზით: ა) წყალტუბოს რაიონის, სოფ. პ. მდებარე ა. ა-ძის კუთვნილი უძრავი ქონება, ს.კ №29...კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობეით (№01 განაშენიანების ფართობი – 320,01კვ.მ, №02-21,78კვ.მ); ბ) წყალტუბოს რაიონის, სოფ. პ. მდებარე ი. გ-ძის კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ №29..., 1940კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობებით (№01-144კვ.მ, №02-30კვ.მ). იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით, განხორცილდა გ. ა-ძის, თ. ფ-ძისა და ო. ჯ-ძის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებების რეალიზაცია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ა-ძემ, თ. ფ-ძემ, ი. გ-ძემ, ო. ჯ-ძემ, ა. ა-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-ძის, თ. ფ-ძის, ი. გ-ძის, ო. ჯ-ძისა და ა. ა-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 617 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როგორც კასატორ გ. ა-ძეს, ასევე კასატორების წარმომადგენელ მიხეილ ნემსაძეს, ჩაბარდათ 2018 წლის 26 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ძის, თ. ფ-ძის, ი. გ-ძის, ო. ჯ-ძისა და ა. ა-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტებით დასტურდება, რომ როგორც კასატორ გოგიტა ადამაძეს, ასევე კასატორების წარმომადგენელ მ. ნ-ძეს, ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობათ სატელეფონო შეტყობინებით 2018 წლის 26 ოქტომბერს, საქმეში მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტები, ს.ფ.359-360). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 27 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 31 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ა-ძის, თ. ფ-ძის, ი. გ-ძის, ო. ჯ-ძისა და ა. ა-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი