საქმე №ას-1480-2018 26 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ნ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „..&... C.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „..&... C..-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გიორგი ნატრაძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
გიორგი ნატრაძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასმართლოს და მოითხოვა სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „....&... C...“-ის სარჩელი და გიორგი ნატრაძის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „....&... C...“-სა და გ. ნ-ძეს შორის 2014 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული №0...-2014 სესხის ხელშეკრულების 2.2, 5.10, 5.11 პუნქტები ბათილად იქნა ცნობილი; საპროცენტო სარგებლის ოდენობად თვეში 1,5%, პირგასამტეხლოს ოდენობად დღიურად სესხის ძირითადი თანხის 0,07%, მაგრამ არაუმეტეს სესხის ძირითადი თანხის 20% განისაზღვრა, ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გ. ნ-ძეს სესხის ძირი თანხის 6211,11 აშშ დოლარი და სარგებლის სახით 547,93 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. შპს „....&... C...“-ის და გ. ნ-ძეს შორის 2015 წლის 02 თებერვალს გაფორმებული №005-2015 სესხის ხელშეკრულების 2.2, 2.5, 5.10, 5.11 პუნქტები ბათილად იქნა ცნობილი; საპროცენტო სარგებლის ოდენობად თვეში 2%, პირგასამტეხლოს ოდენობად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,07%, მაგრამ არაუმეტეს სესხის ძირითადი თანხის 20% განისაზღვრა, ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გ. ნ-ძეს შპს „....&... C...“-ის მიმართ სესხის ძირი თანხის 12000,00 ლარის და სარგებლის 3817,47 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „....&... C...“-მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1 და 2.4 პუნქტები, ასევე მე-9 პუნქტი, ხოლო ამავე გადაწყვეტილების 2.3 და 2.6 პუნქტებში შევიდა ცვლილება სარგებლის ოდენობის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში გ. ნ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, კერძოდ, N036-2014 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებელი განისაზღვრა 3 456,75 აშშ დოლარით (ნაცვლად 547,93 აშშ დოლარისა), ხოლო N005-2015 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებელი - 10 337,47 ლარით (ნაცვლად 3 817,47 ლარისა); დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 145 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 326 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად ა. თ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულების ან კასატორის მიერ ხელმოწერილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით კასატორს ჩაბარდა 2018 წლის 9 ნოემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვეა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინების ასლი გ. ნ-ძის ოჯახის წევრს – ა. უ-ს (მეუღლე) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2018 წლის 9 ნოემბერს (იხ. ს.ფ.348). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 10 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 14 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავს0 ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი