საქმე №ას-1100-2018 21 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – თ. მ-ე, ჯ. ხ–ი, თ. ხ–ი, თ. კ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ქ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ. მ-ემ, ჯ. ხ–მა, თ. ხ–მა და თ. კ–მა (შემდგომში - „მოსარჩელეები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. ქ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა 2017 წლის 17 ოქტომბრის №1- სააღსრულებო ფურცელში და ძირითადი დავალიანება განისაზღვრა 6 300 აშშ დოლარის ოდენობით.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლომ გამომდინარე იქედან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ძირითადი დავალიანება განისაზღვრა 6 300 აშშ დოლარის ოდენობით, ნაცვლად 7 000 აშშ დოლარისა, მიიჩნია, რომ დავის ფასი იყო 700 აშშ დოლარი (7 000 – 6 300) და ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2 000 ლარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველი.
7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით მოსარჩელეები გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ ნაწილობრივ, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვათ დავალიანების განაწილვადებაზე.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელეთა მხოლოდ ერთ მოთხოვნაზე დავალიანების ძირი თანხის შემცირებაზე 700 აშშ დოლარით, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებაზე სასამართლოს არ უმსჯელია.
9. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელეებს შეეძლოთ მიემართათ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით, თუმცა მათ ეს ვადა გაუშვეს.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს შეეძლოთ შუამდგომლობით მიემართათ სასამართლოსთვის გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების შესახებ. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ აღსრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები საჩივრდება კერძო საჩივრით.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
12. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1.მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა იყო სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა და დავალიანების გადახდევინების განაწილვადება. დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მათთვის ცნობილი გახდა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, თუმცა გადაწყვეტილებაში არ იყო ნამსჯელი განაწილვადებასთან დაკავშირებით. მოსარჩელეებს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ დავალიანების 700 აშშ დოლარით შემცირების ნაწილში, მათი მოთხოვნა იყო დავალიანების განაწილვადება, რის გამოც უსაფუძვლოა მსჯელობა იმის შესახებ თითქოს დავის საგანი არ აღემატება 2 000 ლარს;
12.2.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი, მართალია, ითვალისწინებს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის დაყენება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს წინაშე შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ კი მოთხოვნასთან დაკავშირებით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებების წარდგენასთან ერთად მიცემული იქნება ახსნა-განმარტებანი. მოცემულ საქმეზე მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ მიუცია შესაბამისი ახსნა-განმარტება და სასამართლოსაც არ მოუთხოვია ასეთი. ამდენად, გაუგებარია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე სააპელაციო პალატის მითითება.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელეების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
17. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა 2017 წლის 17 ოქტომბრის №1-.. სააღსრულებო ფურცელში და ძირითადი დავალიანება განისაზღვრა 6 300 აშშ დოლარის ოდენობით, ნაცვლად 7 000 აშშ დოლარისა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ, რადგან დავის საგანი (700 აშშ დოლარი) არ აღემატებოდა 2 000 ლარს, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა.
18. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას, რომ, რადგან მათი მოთხოვნა იყო დავალიანების განაწილვადება, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგნის ღირებულებად 700 აშშ დოლარი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება, მიღწევადია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების გზით, რომლის სარეზოლუციო ნაწილიდან გამომდინარე დავის საგნის ღირებულება 700 აშშ დოლარს შეადგენს, რაც არ აღემატება 2 000 ლარს, შესაბამისად, როგორც აღინიშნა, არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველი.
19. რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას დავალიანების განაწილვადებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოსათვის წარდგენა სააპელაციო საჩივრის შეტანას არ საჭიროებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად შეეძლოთ მიემართათ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსათვის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით, თუმცა, როგორც სააპელაციო სასამართლომაც აღნიშნა, მათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით მინიჭებული უფლება არ გამოიყენეს და 7 დღის ვადაში არ დასვეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეებს დავალიანების განაწილვადებასთან დაკავშირებით მოთხოვნა განცხადების წარდგენის გზით შეუძლიათ დააყენონ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. მ-ის, ჯ. ხ–ის, თ. ხ–ისა და თ. კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე