საქმე №ას-1085-2018 19 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – დ. გ.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ. გ-მ (შემდგომში - „განმცხადებელი“) განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინების გაუქმების შესახებ.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით განმცხადებლის განცხადება დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინება ნ. კ-ეს (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, რომლითაც ნოტარიუს ხ. ჯ–ს აეკრძალა განმცხადებლის (პ/ნ: 6-...) მიმართ, აწ გარდაცვლილ ლ. კ-ეს ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ვიდრე კანონიერ ძალაში არ შევა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ №2/2485-17 სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2017 წლის 29 აგვისტოს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა გ. გ-ემ მოპასუხეების - ა. ჭ-ის, მ. კ-ეს, ნოტარიუს მ. ჯ–ის, მ. თ-ის, განმცხადებლის, საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ზესტაფონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ სამკვიდრო მოწმობის, სანოტარო მინდობილობისა და ქორწინების ბათილად ცნობის, სამკვიდრო ქონების 2/3 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით;
3.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი მიიღო წარმოებაში;
3.3. 2017 წლის 2 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. კერძოდ, მოითხოვა, რომ ნოტარიუს ხ. ჯ–ს აკრძალვოდა მოპასუხეების - მ. კ-ესა (პ/ნ: 6-.) და განმცხადებლის (პ/ნ: 6-.) მიმართ, აწ გარდაცვლილ ლ. კ-ეს ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ვიდრე კანონიერ ძალაში არ შევიდოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ №2/2485-17 სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. მოსარჩელე მხარის მითითებით, მოსარჩელე სარჩელით სადავოდ ხდიდა ბებიის - მ. კ-ესა და მამის - ლ. კ-ეს, ნების გამოხატვის ნამდვილობას ფსიქიკური დაავადების ნიშნების გამო და ითხოვდა შესაბამისი გარიგებების, მათ შორის ლ. კ-ესა და განმცხადებელს შორის ლ. კ-ეს გარდაცვალებამდე 17 დღით ადრე რეგისტრირებული ქორწინებისა და შესაბამისი სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, თუკი მოპასუხეები - მ. კ-ე და განმცხადებელი, ნოტარიუსიდან მიიღებდნენ სამკვიდრო მოწმობას ლ. კ-ეს 1/3-1/3 წილზე, რომელშიც შედიოდა როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონება, მათ დაუბრკოლებლად შეეძლებოდათ მიღებული წილების მესამე პირებზე გასხვისება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხელს შეუშლიდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, გამოიწვევდა გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნებოდა მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. თუ მხარეთა შორის წამოჭრილი დავისა და დაწყებული სამართალწარმოების შესახებ ცნობილია ნოტარიუსისათვის, მას უფლება არ აქვს, დავის დასრულებამდე, გასცეს სამკვიდრო მოწმობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მე-5 ნაწილი, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი და 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, საქმე №ას-1285-1206-2015, 23 თებერვალი, 2016 წელი). მოსარჩელე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დავისა და დაწყებული სამოქალაქო სამართალწარმოების შესახებ ცნობილი იყო ნოტარიუს ხ. ჯ–ისათვის, მისივე მიმართვების საფუძველზე, თუმცა მიუხედავად ამისა, არ იყო გამორიცხული, რომ მას გაეცა სამკვიდრო მოწმობები მ. კ-ესა და განმცხადებლის სახელზე სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის გასვლამდე, ე.ი. 2017 წლის 26 დეკემბრამდე;
3.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა;
3.5. დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელის წარმომადგენელმა, მისი განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება იყო უკანონო, დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო, არასამართლიანი და უნდა გაუქმებულიყო, რადგან „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსს არა აქვს უფლება დავის დასრულებამდე გასცეს სამკვიდრო მოწმობა, თუ მისთვის ცნობილია დავის არსებობის შესახებ. ნოტარიუსმა მართლაც იცოდა მხარეთა შორის სასამართლო დავის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც შეეხებოდა სამკვიდრო ქონების გაყოფას, თუმცა მხარესთან შეხვედრის დროს გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ აპირებდა სამკვიდრო მოწმობის გაცემას მ. კ-ესა და განმცხადებლის სახელზე და არ გამორიცხავდა, რომ ეს მომხდარიყო სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის გასვლამდე, ე.ი. 2017 წლის 26 დეკემბრამდე. მოსარჩელეს არ ჰქონდა იმის გარანტია, რომ ნოტარიუსი დავის დასრულებამდე არ გასცემდა სამკვიდრო მოწმობას, რადგან ნოტარიუსი დავის შემთხვევაშიც ზოგჯერ გასცემს სამკვიდრო მოწმობას. მოპასუხეებს მ. კ-ესა და განმცხადებელს კი არავითარი ქონება არ გააჩნდათ და სამკვიდრო ქონების 1/3-1/3 წილს გაასხვისებდნენ. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება დარჩებოდა აღუსრულებელი;
3.6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის საქმის მასალებთან ერთად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა;
3.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე 2018 წლის 2 თებერვლისათვის;
3.8. მოსარჩელის საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე შეტყობინება საჩივრის ასლთან ერთად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, ქ.თბილისი, ს-ის ქ. №53, გადაეგზავნა მოპასუხე მხარეს, განმცხადებელს. დასახელებული გზავნილის განმცხადებლისათვის ჩაბარების დასტური საქმის მასალებში არ მოიპოვება. შესაბამისად დადგენილია, რომ განმცხადებელი მოსარჩელის საჩივრის განხილვის თაობაზე არ იყო ინფორმირებული კანონით დადგენილი წესით;
3.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრისა და 4 დეკემბრის განჩინებები. მოსარჩელის საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოება მ. კ-ეს მიმართ მოთხოვნის ნაწილში შეწყდა დავის საგნის არარსებობის გამო. დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და ნოტარიუს ხ. ჯ–ს აეკრძალა განმცხადებლის (პ/ნ: 6-...) მიმართ, აწ გარდაცვლილ ლ. კ-ეს ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ვიდრე კანონიერ ძალაში არ შევა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ №2/2485-17 სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად საქმის განხილვის თაობაზე მის არაინფორმირებულობას მიიჩნევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სასამართლოს წარუდგენდა სამკვიდრო მოწმობას, რასაც შესაბამის შეფასებას მისცემდა საქმის განმხილველი სასამართლო და მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდებოდა.
5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა უფლებამოსილება 2018 წლის 2 თებერვალს ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა მოსარჩელის საჩივარი, თუმცა სასამართლოს აქვე უნდა უზრუნველეყო კანონით დადგენილი წესით ეცნობებინა მხარეებისთვის (კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებლისათვის, რომელსაც სასამართლომ, მართალია, გაუგზავნა უწყება ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა, როგორც ირკვევა, უწყება განმცხადებელს არ ჩაბარებია) საჩივრის განხილვის თაობაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა და განმცხადებელს სასამართლო შეტყობინება არ ჩაბარებია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (Fredin v. Sweden, 1991 წლის 18 თებერვალი, განაცხადი №12033/86) და აღნიშნული გარემოება მიღებული განჩინების ბათილობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველად მიიჩნია.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
7. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
7.1. მოსარჩელემ განმცხადებლის მისამართად სარჩელში მიუთითა ქ. თბილისი, ს-ის ქ. №53, სადაც ეს უკანასკნელი ცხოვრობდა და დღემდე რეგისტრირებულია. ამასთან, იგივე მისამართი დააფიქსირა თავად განმცხადებელმაც მის მიერ 2017 წლის 20 ოქტომბერს წარდგენილ შესაგებელში. თუმცა, როგორც ჩანს, მოგვიანებით განმცხადებელმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ამჟამად ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ს-ის ქ. №83/97;
7.2. რადგან მხარემ სამართალწარმოების პროცესში შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, იგი ვალდებული იყო აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა სასამართლოსათვის. ვინაიდან განმცხადებელმა სასამართლოს არ აცნობა საქმის წარმოებისას მისამართის შეცვლის შესახებ, გზავნილი ჩაბარებულად უნდა ჩათვლილიყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმცხადებლისათვის შეტყობინების გაგზავნისას საპროცესო კანონმდებლობა არ დაურღვევია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
12. ზემოთ აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით, ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
13. მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით სწორედ იმ საფუძვლით ცნო ბათილად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინება მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, რომ განმცხადებელი მოსარჩელის საჩივრის განხილვის თაობაზე არ იყო ინფორმირებული კანონით დადგენილი წესით.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 14 ივნისის განჩინებაში მიუთითა, რომ მოსარჩელის საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე შეტყობინება საჩივრის ასლთან ერთად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, ქ.თბილისი, ს-ის ქ. №53, გადაეგზავნა მოპასუხე მხარეს, განმცხადებელს, თუმცა დასახელებული გზავნილის განმცხადებლისათვის ჩაბარების დასტური საქმის მასალებში არ მოიპოვება.
15. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო საჩივრის განხილვის თაობაზე კანონით დადგენილი წესით განმცხადებლის ინფორმირება, თუმცა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ განმცხადებელს შესაბამისი შეტყობინება საჩივრის ასლთან ერთად გაეგზავნა.
16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის შემოწმების მიზნებისათვის უნდა დადგინდეს მხარისათვის 2018 წლის 5 იანვრის განჩინების ასლისა და არა ამავე წლის 2 თებერვლის განჩინების ასლის გაგზავნისა და ჩაბარების ფაქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება 2018 წლის 5 იანვრის განჩინების ასლის არც პირადად განმცხადებლისათვის და არც მისი წარმომადგენლისათვის გაგზავნის მტკიცებულება.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის მონაწილე მხარე უფლებამოსილია იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის შესაბამისი ინსტანციისათვის გათვალისწინებული წესის შესახებ, ვინაიდან კონკრეტულ საქმეზე მიღებული საბოლოო/შემაჯამებელი განჩინება თუ გადაწყვეტილება ეხება მის კანონიერ უფლებებს და აკისრებს მას კანონით დადგენილ ვალდებულებებს. სწორედ ეს აზრია გატარებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის დისპოზიციაში, რომელიც ბლანკეტური ხასიათისაა და დათქმას აკეთებს ამავე კოდექსის 376-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.
18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ჩაბარებულად უნდა ჩათვლილიყო, რადგან განმცხადებელმა სასამართლოს არ აცნობა საქმის წარმოებისას მისამართის შეცვლის შესახებ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუნდაც დგინდებოდეს განმცხადებლის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ფაქტი, აღნიშნული მაინც ვერ აქარწყლებს მოსარჩელის საჩივრის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებას საქმის განხილვის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა მეორე მხარისათვის, განმცხადებლისათვის. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც აღინიშნა, არათუ განმცხადებლისათვის გზავნილის ჩაბარების, არამედ მისთვის 2018 წლის 5 იანვრის განჩინების ასლის გაგზავნის ფაქტიც კი არ დასტურდება.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივრის განმხილველმა სასამართლომ დაარღვია საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლითა და 419-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი პროცედურული წესი, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საჩივარზე წარმოების განახლებას. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით მართებულად დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, რადგან არსებობდა მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობები. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მართლზომიერების შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მითითება ზემოაღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. კ-ეს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე