№ა-5077-შ-127-2018 18 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.გ.
მოწინააღმდეგე მხარე – დ.თ.
განხილვის საგანი – დუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ა.გ–სა და დ.თ–ს შორის გაუქმდა დუსელდორფის მმაჩის ბიუროში 27.11.2012 წელს (რეესტრი # E 2438/2012) რეგისტრირებული ქორწინება.
2. ა.გ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ქორწინების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქმეზე დადგენილია, რომ დუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ა.გ–სა და დ.თ–ს შორის დუსელდორფის მმაჩის ბიუროში 27.11.2012 წელს (რეესტრი # E 2438/2012) რეგისტრირებული ქორწინება.
5. შუამდგომლობაზე თანდართული გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ასევე დამატებით წარმოდგენილი განცხადებით დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე დ.თ. ინფორმირებულია აღნიშნული შუამდგომლობის საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხილვის შესახებ და პრეტენზია არ გააჩნია.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.გ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას დუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება ა.გ–სა და დ.თ–ს შორის დუსელდორფის მმაჩის ბიუროში 27.11.2012 წელს (რეესტრი # E 2438/2012) რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე