№ას-738-738-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – მ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ჯ.მ–ძე; თ.რ.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 2 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 1 მაისს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, ყადაღა დაედო ჯ.მ–ძის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე) საცხოვრებელ სახლში არსებულ შემდეგ ნივთებს, ესენია:
1.1. სარეცხი მანქანა „ ბეკო“, თეთრი, 8 კგ-იანი, 1 ცალი;
1.2. ღია ყავისფერი ნაჭრის სავარძელი -2 ცალი;
1.3. სავარძელი ჭრელი ნაჭრის ზედაპირით - 2 ცალი;
1.4. დიდი ზომის ხის კარადა (ე.წ. კედელი) შუშებით- 1 ცალი;
2. მ.მ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა პირველი მოპასუხისა და თ.რ–ის (შემდეგში მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის გადაწყეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 17 აპრილს, 15:00 სთ-ზე, დადგინდა, რომ მხარეებს სხდომის თაობაზე ეცნობოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6.2. 2018 წლის 17 აპრილს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, იგი სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებულ იქნა 2018 წლის 11 აპრილს სატელეფონო შეტყობინებით (იხ. ს.ფ. 157, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები). მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
7. სსსკ-ის 387-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე, 73.1-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან არ არსებობდა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ. მისი განმარტებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო ავადმყოფობის გამო, ამიტომაც ითხოვდა სხდომის გონივრული ვადით გადადებას, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. კერძო საჩივარს დაურთო ჯანმრთელობის ცნობა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
14. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
15. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
17. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
18. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
19. ამდენად, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია ჯანმრთელობის შესახებ #08110129 ცნობა (იხ. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა, ს.ფ. 171-172), რაც არ ასახავს სააპელაციო სასამართლოს სხდომის დღეს (2018 წლის 17 აპრილს) აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც მას საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა. ამ ცნობის მიხედვით, მოსარჩელე სტაციონარულად მკურნალობდა 2017 წლის 8 სექტემბრიდან 2017 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით და გაწერის დროს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
20. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტიც, რომ სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი იყო მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, ვინაიდან ამისი დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება (განცხადება ან შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე) და კერძო სჩივრის ავტორმაც ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით, კერძოდ, მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არასაკმარისია სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის.
24. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. (შდრ. სუსგ-ები № ას-1312-1232-2017, 24.11.2017; № ას-633-591-2017, 21.09.2017; № ას-48-44-2017, 01.03.2017; № ას-880-830-2015, 21.10.2015).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი