№ას-803-803-2018 27 სექტემბერი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) – თ.ბ–ძე; ვ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები – (მოპასუხეები) ე.გ.; ა.გ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ვალდებულების შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ზედმეტად გადახდილი თანხის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ბ–ძემ (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ვ.ბ–ძემ (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრეს ე.გ–ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) და ა.გ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ვალდებულების შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებისა და ზედმეტად გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
2.1. პირველ მოპასუხესა და მეორე მოსარჩელეს შორის 2011 წლის 17 ივნისის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად და ქალაქ თბილისში, ..... მდებარე ბინა #11(34 კვ.მ), საკადასტრო კოდით #......., აღირიცხა მეორე მოსარჩელის სახელზე.
2.2. დადებულად იქნა აღიარებული პირველ მოპასუხესა და პირველ მოსარჩელეს შორის 2011 წლის 17 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება.
2.3. 2011 წლის 28 ივნისის სესხის ხელშეკრულება 2016 წლის 31 მარტიდან შეწყვეტილად იქნა ცნობილი.
2.4. სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებულად აღიარებისა და ზედმეტად გადახდილი 6 460 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე უარყოფილ იქნა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მათი გამოუცხადებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 14 მარტს 12:00 სთ-ზე, დადგინდა, რომ მხარეებს სხდომის თაობაზე ეცნობოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5.2. 2018 წლის 14 მარტს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები/მოსარჩელეები, რომლებსაც სხდომის თაობაზე ეცნობათ სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, 2008 წლის 11 იანვარს მათ წარმომადგენელს დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და შეატყობინა სასამართლო სხდომის თარიღი. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე, 73.1-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შემდეგ გარემოებაზე მითითებით:
7.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, მათთვის არ ყოფილა ცნობილი სასამართლო სხდომის თარიღი, რაც შეეხება წარმომადგენელს, აღნიშნული პირი მათ ინტერესებს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა, სააპელაციო ინსტანციაში აპელანტთა დაცვის უფლებამოსილება კი, არ გააჩნდა, რადგან, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 25 ნოემბრიდან შეუწყდა ადვოკატის უფლებამოსილება, რაც სატელეფონო საუბრისას აცნობა კიდეც მოსამართლის თანაშემწეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის მთავარ სხდომაზე მოსარჩელეთა გამოუცხადებლობა.
10. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 229.1 მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
11. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის, აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
13. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. #ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ; #ას-1410-1330-2017; 30.01.208 წ).
14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 14 მარტს, 12:00 საათზე, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით, სატელეფონო შეტყობინებით, 2018 წლის 11 იანვარს ეცნობა მოსარჩელეთა წარმომადგენელს ზ.ხ–ს (შემდეგში - პირველი წარმომადგენელი), (იხ. აქტი, ს.ფ. 278). კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვენ იმ საფუძვლით, რომ სხდომის თარიღის თაობაზე ეცნობა მოსარჩელეთა პირველ წარმომადგენელს, რომელიც მათ ინტერესებს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდა, სააპელაციო ინსტანციაში მოსარჩელეების დაცვის უფლებამოსილება კი, არ გააჩნდა, რადგან ადვოკატის უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა, შესაბამისად, ამ უკანასკნელისათვის შეტყობინების ჩაბარება კანონით დადგენილი წესით ჩაბარებად ვერ მიიჩნევა.
15. სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის თანამშრომლისა, ამ ორგანოს, ორგანიზაციის საქმეზე. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მხარის ინტერესების დაცვის უფლებას კანონმდებელი ანიჭებს მხოლოდ იმ პირებს, ვინც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეთა პირველ წარმომადგენელს 25.11.2016 წლიდან 14.03.2018 წლამდე, მათ შორის, შეტყობინების ჩაბარების მომენტშიც, შეწყვეტილი ჰქონდა ადვოკატის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორთა ზემოხსენებული პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად პასუხი უნდა გაეცეს კითხვას - იქონიებს თუ არა ეს გარემოება გავლენას მოსარჩელეთა პირველი წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარების მართლზომიერებაზე ისეთ ვითარებაში, როცა სასამართლომ ადვოკატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ არაფერი იცოდა, ხოლო მინდობილობა კი, ძალაში იყო.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ სსსკ-ის 7.2. მუხლის (თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო, თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია) საფუძველზე ამავე კოდექსის მე-100 მუხლის (წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს, თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით სასამართლო დანიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს, შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა) ანალოგიით უნდა იხელმძღვანელოს. მითითებული ნორმა კი, ავალდებულებს ადვოკატს, საადვოკატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ აცნობოს როგორც სასამართლოს, ასევე - მხარეს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, მისთვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარებულად მიჩნევას განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელი სასამართლოში წარადგინა მოსარჩელეთა პირველმა წარმომადგენელმა და დადგენილია, რომ მინდობილობა ძალაშია 2021 წლის 2 აპრილის ჩათვლით (იხ. მინდობილობა ს.ფ. 67-69). საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 14 მარტს, 12:00 საათზე, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით, სატელეფონო შეტყობინებით, 2018 წლის 11 იანვარს ეცნობა მოსარჩელეთა პირველ წარმომადგენელს, რა დროსაც საადვოკატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მას სასამართლოსათვის არ უცნობებია. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტება, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პირველმა წარმომადგენელმა უწყების ჩაბარების დროს აცნობა სასამართლოს, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, უფრო მეტიც, სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო შესაგებელი წარდგენილია 2018 წლის 7 მარტს, სადაც პირველი წარმომადგენელი მითითებულია, როგორც მოწინააღმდეგე მხარის/მოსარჩელეების წარმომადგენელი და არც ამ შემთხვევაში უცნობებია მას სასამართლოსათვის საადვოკატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველმა წარმომადგენელმა სასამართლოს დაუდასტურა მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარების კანონიერება.
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა ვერც იმ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, რომ უწყება აუცილებლად მოსარჩელეთა მეორე წარმომადგენელს უნდა ჩაჰბარებოდა. ეს პრეტენზიაც იმ გარემოებას ეფუძნება, რომ უწყების ჩაბარება კანონიერი არ იყო მოსარჩელეთა პირველი წარმომადგენლისათვის საადვოკატო უფლებამოსილების შეწყვეტის გამო. ამ საკითხზე სასამართლომ ზემოთ უკვე იმსჯელა და მოსარჩელეთა პირველი წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარება კანონიერად მიიჩნია, რაც, სსსკ-ის 70.1 მუხლის საფუძველზე, უწყების მხარისა და მისი სხვა წარმომადგენლისათვის ჩაბარებასაც ნიშნავს. ამავე მუხლით დადგენილია, რომ წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა უწყების ჩაბარების მართლზომიერებაზე გავლენას ვერ იქონიებს, იგი შეიძლება მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის საგანი გახდეს.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 387.3 მუხლით და აპელანტების სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, ვინაიდან ისინი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ სხდომაზე და, ამასთან, სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (შდრ. სუს. #ას 886-1098-08, 05.12.2008წ).
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ბ–ძისა და ვ.ბ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი