№ას-995-2018 27 სექტემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ლ.თ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ლ.ხ–ძე; ბმა „ბ.ც.“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქალაქ ბათუმში, ..... მცხოვრებ ბინის მესაკუთრეების მიერ ჩამოყალიბებულია ბმა ”ბ.ც.”(შემდეგში - მეორე მოპასუხე, ამხანაგობა ან აპელანტი). აღნიშნულ ამხანაგობაში გაერთიანებულია ამხანაგობის 16 წევრი, მათ შორის - ლ.თ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კერძო საჩივრის ავტორი) და ლ.ხ–ძე (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან აპელანტი). ამ უკანასკნელმა 2011 წლის 28 თებერვალს შეიძინა, ქალაქ ბათუმში, ..... მდებარე 63,20 კვ.მ კომერციული ფართი, საკადასტრო კოდით №....., რის შემდეგაც გახდა ამხანაგობის წევრი.
2. პირველმა მოპასუხემ ქონების შეძენისთანავე დაიწყო სარემონტო სამუშაოები, როგორც კუთვნილ კომერციულ ფართში, ასევე, მის ქვეშ მდებარე სარდაფში, რომელიც პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სარდაფის ნაწილის გაგრძელებაა.
3. 2016 წლის 20 მარტს, ჩატარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ იქნა პირველი მოპასუხისათვის 28,34 კვ.მ სარდაფის რეგისტრაცია (შემდეგში სადავო კრების ოქმი). მითითებული ოქმის ამონაწერში აღნიშნულია, რომ სადავო 28,34 კვ.მ სარდაფი დარეგისტრირებული სარდაფის ნაწილის გაგრძელებაა, რომელიც არსებობდა ბინათმესაკუთრეთა კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნულ მოთხოვნას მხარი დაუჭირა ამხანაგობის წევრთა 2/3-მა, კრების ოქმი დამოწმებულ იქნა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 21 აპრილს და 2016 წლის 4 მაისს წარდგენილ იქნა მარეგისტრირებელ ორგანოში.
4. მოსარჩელემ 2016 წლის 9 ივნისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო კრების ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც პირველ მოპასუხეს ნება დაერთო, რეგისტრაციაში გაატაროს ქალაქ ბათუმში, ....... მდებარე 28,34 კვ.მ სარდაფი.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დარჩა განუხილველად.
7.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი, რომლის დასაშვებობა პირველი ინსტანციის სასამართლოს არ შეუმოწმებია. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 180-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და, რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.
7.2. სასამართლომ მიუთითა, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი, ანუ მიღწევადი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. ამდენად, მატერიალურსამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას.
7.3. სააპელაციო პალატის დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არ უთითებდა ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხისათვის ფართის უკანონო მიკუთვნებით, თავისი წილი საკუთრებისა, ამხანაგობაში შემცირდა. მისი მითითებით, პირველი მოპასუხის მიერ ფართის სამომავლოდ სარგებლობისას, წარმოეშობა ზიანი მეზობელი ნაგებობიდან მომდინარე ზემოქმედებით. რაც გამორიცხავს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას, რადგან, თუ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ხელშეშლის აღკვეთის ან რაიმე სახის ზიანს უკავშირდება, რომელსაც ის განიცდის სადავო ფართის პირველი მოპასუხის მიერ დარეგისტრირებით, ასეთ შემთხვევაში, შეუძლია, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა და იმ ზიანის ანაზღაურება, რომელსაც იგი განიცდის მეზობელი ნაგებობიდან მომდინარე ზემოქმედებით.
7.4. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ აღძრულ აღიარებით სარჩელში (სსსკ 180-ე მუხლი) არ ვლინდებოდა მისი იურიდიული ინტერესი, რაც თავის მხრივ აღიარებითი სარჩელის არსებითი შემადგენელი ნაწილია. განსახილველ საქმეში, წარმოდგენილი სარჩელის, როგორც აღიარებითი მოთხოვნის, დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა იყო ის, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელემ მიიღოს რეალური სამართლებრივი შედეგი და სამართლებრივად გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. წარდგენილი აღიარებითი სარჩელი დავის გადაწყვეტის არც ერთადერთი და არც საუკეთესო საშუალება არ იყო და იგი არ იძლეოდა მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის (იმ კონფლიქტისა, რასაც მოსარჩელე აღწერს, სახელდობრ, ზემოქმედება მოპასუხის სარდაფიდან) სამართლებრივად გადაწყვეტის საშუალებას. მოსარჩელის მიერ აღძრულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ობიექტურად შეუძლებელი იქნება. პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის თუნდაც დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე ვერ მიიღებს სასურველ შედეგს, რადგან კრების ოქმის ბათილად ცნობა, არც ნაგებობის (სარდაფის) პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას არ გამოიწვევს და არც ხელშეშლის აღკვეთას, ამ საკითხის გადასაჭრელად ახალი სამართალწარმოების დაწყებაა საჭირო.
7.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, თუ იურიდიული ინტერესი არ იკვეთება სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე, აღნიშნული არსებითად მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგინდება რა იურიდიული ინტერესის არარსებობა, მითითებული გარემოება სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგ გარემოებაზე მითითებით:
8.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოსათვის მიმართვა გახდა ის გარემოება, რომ პირველი მოპასუხე ცდილობს, დაირეგისტრიროს ის ქონება, რომელზედაც არ აქვს მოპოვებული ამხანაგობის ხმათა საკმარისი რაოდენობა, ხოლო ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში, გარდაუვლად მიადგება მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. დარღვეული უფლება გამოიხატება იმაში, რომ მოსარჩელის ქონებას ემუქრება მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მომიჯნავედ მდებარე საერთო ქონების მეზობლის მიერ დასაკუთრებისა და მისი განვითარების შემთხვევაში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრაციის მცდელობა საკანონმდებლო რეგულაციების დაცვის გარეშე მიღებული კრების ოქმის საფუძველზე ხდება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.)
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღნიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი („სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად, მხარე სრულად გარკვეულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).
14. პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. მაგალითისათვის, მოსარჩელეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1-ე, სსკ-ის 99.1-ე, 982-ე, 408.1-ე მუხლების საფუძველზე შეეძლო საერთო ქონებაში მისი წილის შემცირებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციის სახით (409-ე მუხლი) მოეთხოვა, თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხველი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.
15. სააპელაციო პალატის დასაბუთებით, თუ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ხელშეშლის აღკვეთის ან რაიმე სახის ზიანს უკავშირდება, რომელსაც ის განიცდის სადავო ფართის მოპასუხის მიერ დარეგისტრირებით, ასეთ შემთხვევაში, მას შეუძლია, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა და მეზობელი ნაგებობიდან გამომდინარე ზემოქმედების შედეგად განცდილი ზიანის ანაზღაურება, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.
16. აქვე, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა იყოს ფორმალური არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რომლის წინააღმდეგაც არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებული შედავება.
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.თ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი