Facebook Twitter

№ას-1023-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „ქ.კ.“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე) – თ.კ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.კ–ძემ (შემდგომში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ქ.კ–ის“ (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, შრომის ანაზღაურების დავალიანების სახით 1250 ლარისა და 2017 წლის 2 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს, 1250 ლარის, 0.07%-ის გადახდა დაეკისრა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმისწარმოება.

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განსახილველად, სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2018 წლის 19 ივნისს, 13:00 სთ-ზე.

5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე და ამ საფუძვლით საქმისწარმოების შეწყვეტა მოითხოვა. სააპელაციო პალატამ განიხილა აპელანტის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა, შესაბამისად, მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 372-ე, 378-ე, მე-3 მუხლებით. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, სასამართლომ შეწყვიტა მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

7. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის საოქმო განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე, რის გამოც შეწყდა საქმისწარმოება. ამჟამად კომპანიის ხელმძღვანელმა შეიცვალა პოზიცია და აღარ სურს სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უცვლელად დარჩეს.

11. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრზე შეწყდა საქმისწარმოება იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 378-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის სხდომაზე, აპელანტის წარმომადგენელმა უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე და ამ საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარდგენილი მინდობილობით, მოპასუხის წარმომადგენელს სსსკ-ის 98-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელზე (სააპელაციო საჩივარზე) უარის თქმის უფლება მინიჭებული ჰქონდა მარწმუნებლის მიერ (იხ. მინდობილობა ს.ფ 57), სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, ასევე, 378-ე მუხლზე დაყრდნობით დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

14. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი ორიენტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები და ყოველგვარი რისკი, რომელიც ამ ნორმის ფარგლებში გამოვლენილ ნებას შეიძლება თან სდევდეს, ნების გამომვლენს აწევს. შესაბამისად, იმაზე მითითება, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ გააცნობიერა მხარემ სააპელაციო საჩივარის შედეგი, რაშიც შეცდა და ამჟამად პოზიცია შეიცვალა, არ წარმოშობს სასამართლოს განჩინების გაუქმების ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძველს და დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მხარეები თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე აწარმოებდნენ საქმეს სასამართლოში, მათ შორის, სააპელაციო საჩივრის წარმოების ეტაპზე და აპელანტის წარმომადგენელმა სწორედ მისთვის მინიჭებული დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმისწარმოების შეწყვეტა. შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მიერ გამოვლენილი ნების, მისი შეცდომით გამოვლენისა და ამჟამად პოზიციის შეცვლაზე მითითებით მიღებული იურიდიული შედეგის გაუქმების განმაპირობებელი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან გამოვლენილი ნება შეუქცევადია და აპელანტს არ შეუძლია, უკან წაიღოს თავისი უარი. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე მართებულად შეწყდა საქმისწარმოება (შდრ. სუგ. #ას-920-860-2017, 12.09.2017წ).

19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ქ.კ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი