№ას-1151-2018 27 სექტემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – სს „მ.ფ.“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – მ.ყ. (რ.ე–ას უფლებამონაცვლე); რ.დ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2018 წლის 23 მარტს სს „მ.ფ–მა“ (შემდეგში: განმცხადებელი, კრედიტორი, ან საჩივრის ავტორი) საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა რ.ე–ას (შემდეგში: მსესხებელი, მოვალე ან მამკვიდრებელი) კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდგომში – სსსკ-ის, 198-ე მუხლი).
2. განმცხადებლის მითითებით, 2017 წლის 16 ივნისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა სესხის თანხა - 5 191,71 ლარი, სესხის ვადა - 18 თვე, პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე, 2017 წლის 16 ივნისს, სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება რ.დ–თან (შემდეგში თავდები).
3. განმცხადებლის მითითებით, მსესხებელი და თავდები არ ასრულებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რაც სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევასა და თანხაზე დარიცხული პროცენტის გადაუხდელობით გამოიხატება. ამასთანავე, მოვალის ქონებრივი მდგომარეობა გაუარესდა, შესაბამისად, იქმნება საფრთხე, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელემ, იმავე განმცხადებელმა, ვერ აღასრულოს თავის სასარგებლოდ მიღებული სამომავლო გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით, განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელს, აეკრძალა ქალაქ თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონების ბინა #44-ის გასხვისება, საკადასტრო კოდით #........
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით 2018 წლის 4 მაისს, საჩივარი წარადგინა მსესხებლის სავარაუდო უფლებამონაცვლე მ.ყ–მა (შემდეგში: უფლებამონაცვლე, საარბიტრაჟო მოპასუხე ან საჩივრის ავტორი).
5.1. საჩივრის ავტორის მითითებით, მსესხებელი 2017 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა, მას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს (მეუღლე), სანოტარო აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივებისა და პასივების მართვის უფლება. ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების თაობაზე არაფერი იცოდა, ვალდებულების შესრულების მოთხოვნა არ მიუღია კრედიტორისაგანაც. გარდაცვალებამდე მსესხებელი პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, გადახდილი აქვს 1940,35 (ძირი და პროცენტი) ლარი, დარღვევა უფიქსირდება მხოლოდ გარდაცვალების შემდგომ, 2017 წლის 15 დეკემბერს. კრედიტორმა, ისე, რომ არ გაარკვია რეალური ვითარება, გარდაცვლილი პირის ქონებაზე მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რითაც სასამართლოს შეცდომა დააშვებინა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით, საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება დარჩა განუხილველად.
6.1. სააპელაციო პალატის დასკვნით, საარბიტრაჟო სარჩელი და სარჩელთან დაკავშირებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება შესაძლებელია, აღიძრას გარდაცვილი პირის (მოვალის) უფლებამონაცვლის მიმართ უფლებამონაცვლეობის სათანადო წესით დადგენის შემთხვევაში. პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, როგორც შემდგომ გამოვლინდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა გარდაცვლილი პირის ქონებაზე, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმებულიყო, ხოლო განცხადება განუხილველად დარჩენილიყო.
7. 2018 წლის 21 ივნისს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინების ძალაში დატოვების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა კრედიტორმა.
7.1. საჩივრის ავტორის მითითებით, 2018 წლის 10 აპრილს საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „დავების განმხილველ ცენტრს“ (DRG), სადაც საარბიტრაჟო მოპასუხედ საქმეში ჩაბმულ იქნა მსესხებლის უფლებამონაცვლე. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დავების განმხილველი ცენტრის“ 2018 წლის 12 ივნისის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საარბიტრაჟო მოპასუხეს (მსესხებლის უფლებამონაცვლე), სესხის ძირი თანხის, 4042,08 ლარის, გადახდა დაეკისრა საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ. ამდენად, დადგენილია, რომ ამჟამად მემკვიდრის (უფლებამონაცვლის) მიერ მიღებულია მამკვიდრებლის (მსესხებლის) როგორც აქტივები, ისე, პასივები. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობამ კი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეუშალოს ხელი სააბრიტრჟო გადაწყვეტილების აღსრულებას ან შეუძლებელი გახადოს მისი აღსრულება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით საჩივარი, დაუსაბუთებლობის გამო, უარყოფილ იქნა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი საფუძვლებით:
8.1. პალატამ განმარტა, რომ საარბიტრაჟო სარჩელი და სარჩელთან დაკავშირებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება შესაძლებელია, აღიძრას გარდაცვილი პირის (მოვალის) უფლებამონაცვლის მიმართ უფლებამონაცვლეობის სათანადო წესით დადგენის შემთხვევაში. პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, როგორც შემდგომ გამოვლინდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა გარდაცვლილი პირის ქონებაზე, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და განცხადება დარჩა განუხილველად. რაც შეეხებოდა საჩივარში მითითებულ, მსესხებლის მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღების გარემოებებს, პალატამ აღნიშნა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა საჩივრის ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, მსესხებლის უფლებამონაცვლის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
9. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, სსსკ-ის 35618-ე, 192-ე, 198-ე, 191-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება.
10. განსახილველი დავის საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინების საფუძველზე, კრედიტორის სასარგებლოდ, მოვალის უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უზრუნველყოფის ღონისძიების - ქონების გასხვისების აკრძალვის გაუქმება. საკასაციო პალატა იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, ქონების შესაძლო გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის თაობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს სააბრიტრჟო გადაწყვეტილების აღსრულებას ან შეუძლებელს გახდის მის აღსრულებას. აღნიშნული კი, საერთო ჯამში სსსკ-ის 191.1 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს ქმნის.
11. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გააუქმა იმ საფუძვლით, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელი წარადგინა გარდაცვლილი საარბიტრაჟო მოპასუხის და არა მისი მემკვიდრის წინააღმდეგ, ასევე არ დასტურდებოდა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ უფლებამონაცვლეობა არ იყო დადგენილი სათანადო წესით.
12. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მითითებას არ იზიარებს და მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1488-ე მუხლის (მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას) დანაწესიდან გამომდინარე, არ არსებობდა, ვინაიდან, მართალია, საარბიტრაჟო მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელი (განცხადება) წარადგინა გარდაცვლილი საარბიტრაჟო მოპასუხის და არა მისი მემკვიდრის წინააღმდეგ (სავარაუდოდ, მან არ იცოდა ამის შესახებ), მაგრამ შემდგომში საქმის განხილვის დროს ეს ხარვეზი გამოსწორდა, კერძოდ, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დავების განმხილველი ცენტრის“ 2018 წლის 30 აპრილის საარბიტრაჟო ტრიბუნალის დადგენილებით, გარდაცვლილი მსესხებლის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე და იგი საქმეში ჩაება მოპასუხის პროცესუალური სტატუსით (იხ. დადგენილება ს.ფ.61-63), ასევე, წარმოდგენილია მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დავების განმხილველი ცენტრის“ 2018 წლის 12 ივნისის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, რომლითაც საარბიტრაჟო მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საარბიტრაჟო მოპასუხეს (მსესხებლის უფლებამონაცვლეს), სესხის ძირი თანხის, 4042,08 ლარის, გადახდა დაეკისრა საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ (იხ. გადაწყვეტილება ს.ფ. 87-97). ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით, მამკვიდრებლის ქონების მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, სსსკ-ის 92.2. მუხლის თანახმად, სავალდებულოა მისი უფლებამონაცვლის მიმართაც (უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა).
13. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, დაუსაბუთებელია საარბიტრაჟო მოპასუხის უფლებამონაცვლის ის არგუმენტი, რომ მოვალის გარდაცვალების გამო ამ უკანასკნელის ქონებაზე გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი (იხ. სუსგ # ას-595-554-2017, 15.12.2017წ). საქმის განხილვის შედეგის აღსრულება მართლმსაჯულების განხორციელების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია.
15. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე “შპს „იზა და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ, არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40)" (იხ. სუსგ ას-1238-1161-2015, 12.02.2016 წ).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინება და მოვალის უფლებამონაცვლეს უარი უნდა ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე.
17. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 411-ე მუხლით საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „მ.ფ–ის“ საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინება;
3. რ.ე–ას უფლებამონაცვლე მ.ყ–ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი