№ას-1316-1236-2017 30 იანვარი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ/მ“, შპს „ს.“, შპს „ს.ს.ი.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „მ–96.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმეში მესამე პირად ჩართვა და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება
დავის საგანი – უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადგენა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2015 წლის 23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა სს „მ–96–-მა“ (შემდეგში - მოსარჩელემ), მოპასუხეების: გ.ხ–ის, ნ.ხ–ის, ნ.ჯ–ძის, ნ.ხ–ძის, ა.ი–ის, ი.ი–ის, გ.ც–ის, დ.გ–ის, ლ.კ–ის, თ.ა–ის, გ.მ–ძის, თ.ო–ძის, შპს „ე–ის“, შპს „გ.ჰ–ის“, შპს „ე.დ–ას“, შპს „ს–ის“, შპს „ა.კ–ის“, შპს „გ.2001–-ის“, შპს „გ–ის“, შპს „მ.ე.ჯ–ას“, შპს „მ–ოს“, სს „ქ–ისა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ აზომვითი ნახაზის მიხედვით მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადგენის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელზე თანდართული აზომვითი ნახაზის შე–ამისად აღიარებულ იქნა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ქალაქ თბილისში, ........, 508.00 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი #....... მდებარეობს შენობის მეორე სართულზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „მ/მ“, შპს„ ს–მ“ და შპს „ს.ს.ი–მა“ (შემდეგში - ერთობლივად მოხსენებული როგორც აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, აპელანტების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 364-ე მუხლით 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე აპელანტები არ წარმოადგენდნენ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების მხარეს და, შე–ამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილ პირებს, მათი სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა სსსკ-ის 364-ე მუხლი და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავდა სააპელაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, სააპელაციო წესით შეიძლებოდა, გასაჩივრებულიყო პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილებები. პალატის მითითებით, ამავე ნორმით განსაზღვრულია სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტები, ანუ ის პირები, რომელთაც უფლება აქვთ, გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, კერძოდ, ესენი არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტები არ იყვნენ საქმეში ჩართული არც მესამე პირებად დამოუკიდებელი მოთხოვნით (სსსკ-ის 88-ე მუხლი), შე–ამისად, ისინი ვერ გაასაჩივრებდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან მათი სააპელაციო საჩივარიც სწორედ დავაზე მათი მონაწილეობის აუცილებლობასა და, მათი აზრით, უფლებების შელახვას ეხებოდა. გარდა ამისა, პალატამ განმარტა, რომ პირი, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში პირველი ინსტანციის სასამართლოში და მიუთითებს დავის საგნის მიმართ დამოუკიდებელ პრეტენზიებსა და საფუძვლებზე, მართალია, ვერ გაასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ შეუძლია, აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი იმავე დავის საგნის მიმართ ორივე ან ერთ-ერთი მხარის წინააღმდეგ.
7. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმეში მესამე პირებად ჩართვა და მათი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
7.1. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, დავის საგნის მიმართ იურიდიული ინტერესი აქვთ, პირველი ინსტანციის სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას, მაშინ, როდესაც აშკარა იყო, რომ საკუთრებას, რომელიც მოსარჩელეს განუსაზღვრეს ფაქტობრივი თვალსაზრისითაც ფლობდნენ და იურიდიული საფუძველითაც. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ საქმე განიხილა მათი მოწვევის გარეშე. საქმეში მათი ჩართვის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა სხვა გადაწყვეტილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შე–ამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტები არ წარმოადგენდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხარეს და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირებს, შე–ამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილ პირებს. კერძო საჩივრის ავტორების ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ დავის საგნის მიმართ გააჩნიათ იურიდიული ინტერესი.
9. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება, კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
10. მითითებული ნორმა ადგენს რა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს, სხვა პირთა მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, კერძოდ, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს (მოსარჩელეს, მოპასუხეს), მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს (თანამოსარჩლეებს, თანამოპასუხეებს) მათი თანამონაწილეობის საფუძვლებით განსაზღვრულ ფარგლებში, აგრეთვე პირებს, რომლებიც, მართალია, არ მონაწილეობენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ.
11. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტები გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხარეებს არ წარმოადგენენ. ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთება მოცემულ საქმეში მათი სავალდებულო თანამონაწილეობის საფუძვლები. აპელანტებს არც სსსკ-ის 88.1 მუხლით (თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია, აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად) მინიჭებული უფლებით არ უსარგებლიათ და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ აპელანტები სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტებს არ წარმოადგენენ.
12. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არ განუსაზღვრავს აპელანტების უფლებები და მოვალეობები საქმეში მონაწილე რომელიმე მხარის მიმართ, შე–ამისად, ისინი ვერც ამ საფუძვლით ვერ მიიჩნევიან სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირებად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი, მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია, სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით (სააპელაციო) მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო საჩივრით, ფაქტობრივად, სხვა პირის საწინააღმდეგოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია (შდრ. სუსგ №ას-1075-1033-2016, 03.02.17). საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აპელანტებს შეუძლიათ, აღძრან დამოუკიდებელი სარჩელი იმავე დავის საგნის მიმართ, თუკი მათ ამ საგანზე რაიმე პრეტენზია გააჩნიათ და ამ გზით დაიცვან თავიანთი უფლებები.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 364-ე და 374-ე მუხლებით და აპელანტების სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად.
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შე–ამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შე–ამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ/მ-ის“, შპს „ს–სა“ და შპს „ს.ს.ი–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი