Facebook Twitter

№ას-1374-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – (მოპასუხე) ნ.ა.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.დ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.დ–მა (შემდგომში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ა–ის (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ქალაქ თბილისში, ......მდებარე ბინა #8-ის, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით - #....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება) გამოთხოვის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით, აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) ან ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესაბამისი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

4.2. 2018 წლის 14 ივნისს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და, ოჯახის ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 2018 წლის 15 ივლისამდე გაგრძელება.

4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით აპელანტს/მოპასუხეს 5 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.

4.4. აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2018 წლის 29 ივნისს, კერძოდ, გზავნილი ჩაჰბარდა მის მეუღლეს, საქმეში მითითებულ მისამართზე (იხ. ს.ფ. 12. ტ.2).

4.5. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო და იმავე წლის 4 ივლისს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, იგი არ ეთანხმება სააპალაციო სასამართლოს მსჯელობას, საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მისი მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი სრულყოფილი სახით იყო წარდგენილი და არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

6.2. 2018 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხემ წარადგინა განცხადება და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება არ ჩაჰბარებია, ვინაიდან, მის წარმომადგენელს არსად მიუთითებია ის მისამართი, სადაც გაიგზავნა ზემოაღნიშნული განჩინება. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გაიგზავნა მისი წარმომადგენლის მეუღლის მისამართზე სასამართლო გზავნილი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

9. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოპასუხეთა მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.

10. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი სრულყოფილი სახით იყო წარდგენილი და არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის განმარტება დაუსაბუთებელია, ვინაიდან, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს, ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება, გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს მისი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლოსათვის არ წარუდგენია. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად დაუდგინა ხარვეზი სააპელაციო საჩივარს და აპელანტს მისცა ვადა მისი გამოსწორებისათვის. კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც სასამართლო, საკუთარი ინიციატივით კერძო საჩივარში მითითებულ მხარის ქონებრივ ვითარებას ვერ გამოიკვლევდა.

11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 21 ივნისის განჩინება, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, მოპასუხის/აპელანტის წარმომადგენლისათვის გადასაცემად ჩაიბარა მისმა მეუღლემ - 2018 წლის 29 ივნისს (იხ. ხელწერილი ს.ფ. 12. ტ.2), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო და იმავე წლის 4 ივლისს დასრულდა, თუმცა აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

13. რაც შეეხება მოპასუხის მიერ 22.10.2018 წლის განცხადებაში დასახელებულ გარემოებებს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, ამის თაობაზე თავდაპირველ საჩივარში არც კი მიუთითებია. ამასთან, ცხადია, რომ 2018 წლის 21 ივნისის განჩინება, აპელანტის წარმომადგენლისათვის გადასაცემად თავად წარმომადგენლის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე (იხ. სფ. 61. ტ.1; ს.ფ. 8 ტ.2), ჩაჰბარდა მის მეუღლეს, რაც შესაბამისი მტკიცებულებითაც დასტურდება და ამ ფაქტის გასაქარწყლებლად მხოლოდ მოპასუხის განმარტება საკმარისი არ არის.

14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

15. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი