Facebook Twitter

საქმე №ას-1021-2018 22 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. შ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის დაუსწრებელი გადაყვეტილება/განჩინება) და საქმის ხელახლა განხილვა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ნ. თ–იამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. შ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტირი, აპელანტი, კასატორი ან მფლობელი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, რ-ის ქ#12-ში მდებარე უძრავი ქონების (შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 30 აგვისტოს მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა სადავო ქონება და საკუთრების უფლებით აღირიცხა საჯარო რეესტრში, რის შემდგომაც არაერთხელ მოსთხოვა მფლობელს საცხოვრებლის დაცლა, თუმცა მოპასუხე უარს აცხადებს ქონების გათავისუფლებაზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

კვალიფიციური შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელე არის მფლობელის პირადი მოვალის შვილი, ხოლო სადავო ქონება იპოთეკით დაიტვირთა სწორედ ხსენებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად. მხარეთა შეთანხმებით, მოპასუხე იხდის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ თანხას და უახლოეს მომავალში გადაიხდის დარჩენილ ნაწილსაც, რის თაობაზე კარგად უნდა იყოს ცნობილი მესაკუთრისათვის.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 20 სექტემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს;

3.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის არსებითად განსახილველად დაბრუნება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის დაუსწრებელი გადაყვეტილება/განჩინება) გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის განჩინებით, სასამართლო სხდომა დაინიშნა 2017 წლის 5 ივლისს. ამავე სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე და სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2017 წლის 20 სექტემბერს, 11:00 საათზე;

1.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მფლობელი მიწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით:

i საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 20 სექტემბერს, 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხეს სასამართლო უწყება ორჯერ გაეგზავნა თავად მის მიერ შესაგებელსა და განცხადებაში მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისში, რ------ის ქ#12-ში. ამასთან, სწორედ ეს არის ის უძრავი ქონება, რომლის გამოთხოვაც არის სარჩელის საგანი. საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო;

ii თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით, სასამართლომ მფლობელისათვის სასამართლო გზავნილის (უწყება) ჩაბარების უზრუნველყოფა დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს, რომლის 2017 წის 31 ივლისის მიმართვის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი არაერთხელ გამოცხადდა მისამართზე, თუმცა, არავინ იმყოფებოდა. გამოკითხული იქნა მეზობელი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ამჟამად ცხოვრობენ სხვა პირები და მისთვის უცნობია მფლობელის ადგილსამყოფელი. მოპასუხეს სხდომის დღის თარიღი ეცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინების საფუძველზე, საჯარო შეტყობინების საშუალებით, 2017 წლის 10 აგვისტოს (სსსკ-ის 78-ე მუხლი);

1.2.3. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერია, რამდენადაც მოპასუხეს შეტყობინება გაეგზავნა და ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე78-ე მუხლების შესაბამისად. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ კასატორის ერთ-ერთ ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან სასამართლოსათვის მისი არასწორი მისამართის მითითება, რასაც პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მოპასუხემ სასამართლოსთან წერილობითი კომუნიკაციისას არაერთხელ მიუთითა საკუთარი მისამართი, სადაც ეგზავნებოდა სასამართლო უწყება და იმგვარ საპროცესო საშუალებათა განკარგვის აუცილებლობა, როგორიცაა, პოლიციისათვის გზავნილის ჩაბარების დავალდებულება (სსსკ-ის 73.7 მუხლი) თუ საჯარო შეტყობინების განხორციელების (სსსკ-ის 78-ე მუხლი) აუცილებლობა არც არსებობდა, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხისათვის უწყება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე იგი მას გაეგზავნა ორჯერ. გარდა ამისა, უდავოა, რომ სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყო მფლობელი, რადგანაც მან წარადგინა შესაგებელი, ასევე, წერილობით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე. ამდენად, პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, მოპასუხის, რომელსაც ეცნობა სხდომის შესახებ, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, თავის მხრივ, განაპირობებს სარჩელში მითითებული ფაქტების დადგენილად მიჩნევას (იხ. ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.2. პუნქტი). გარდა ამისა, მოსარჩელის უფლება ნივთზე, დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით (სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც, მაგალითად, დავა უძრავ ნივთზე უფლებას შეეხება ან საქმეში წარმოდგენილია პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებები, სამართლებრივი მართლწესრიგი მოითხოვს, რომ ეს მტკიცებულებები შეფასდეს სასამართლოს მხრიდან, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დაცულია). გარდა ამისა, კანონის ძალით დადასტურებულად ცნობილი ფაქტები ამართლებენ ვინდიკაციურ სარჩელს (სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები)). რაც შეეხება კასატორის მითითებას მას და მოსარჩელის დედას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, ამ ფაქტის შესახებ მესაკუთრის ინფორმირებულობაზე და სხვა, პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოებები, დადგენილად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, არ იძლევა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნივთის ვინდიცირების საკითხზე, ასევე, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ. მ-იას მიერ მის მაგივრად 06.08.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. შ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ი. შ–ს (პ/#0--...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ. მ-იას მიერ მის მაგივრად 06.08.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური