Facebook Twitter

საქმე №ას-566-566-2018 13 ივლისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ა.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, საკრებულო, დამზღვევი ან კასატორი) და სს „ს.კ.ა–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, მზღვეველი ან კომპანია) შორის, 2015 წლის 29 დეკემბერს, დაიდო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №7 ხელშეკრულება, რომლითაც მზღვეველმა აიღო ვალდებულება დაეზღვია საკრებულოს აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით (ტ.1,ს.ფ. 16-28).

2. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, 2016 წლის 18 იანვარს, დაზიანდა კომპანიაში დაზღვეული საკრებულოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - KIA OPTIMA, სახ. ნომრით GD ....

3. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების თანახმად, დაახლოებით 21:25 საათზე, ქ. თბილისში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „ორთაჭალ ჰესის“ მხრიდან „დოდაშვილის“ მოედნის მიმართულებით მოძრაობდა საკრებულოს საკუთრებაში არსებული ავტომობილი, რომელსაც მართავდა ზ.ქ. (შემდეგში: მძღოლი), აღნიშნულ სავალ გზაზე რესტორან „რივერჰოლის“ მიმდებარედ მსვლელობისას, მძღოლმა საპირისპირო მიმართულებით სავალი ნაწილების გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთით, დაახლოებით 10კმ/სთ სიჩქარით დაიწყო შემხვედრი მიმართულების სავალი ნაწილის გადაკვეთა, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, მარჯვენა გვერდითა ნაწილში შეეჯახა, აღნიშნულ სანაპიროზე, „დოდაშვილის მოედნიდან“ „ორთაჭალჰესის“ მიმართულებით, სავალი ნაწილის მეორე სამოძრაო ზოლში მოძრავი ავტომობილი „ბმვ“, სახელმწიფო ნომრით ....., რომელსაც მართავდა ა.ყ. (ტ.1,ს.ფ.33; 66-71; 77).

4. მძღოლს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გაუსაჩივრებია და დადგენილ ვადაში გადაიხადა №092212 ოქმით დაკისრებული ჯარიმა, 250 ლარის ოდენობით (ტ.1,ს.ფ. 78-79).

5. საკრებულოს აპარატმა წერილობით მიმართა მზღვეველს, მოითხოვა დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება. 2016 წლის 25 მარტს კომპანიის წერილობითი პასუხის თანახმად, მზღვეველმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. წერილის მიხედვით უარის საფუძვლად მიუთითა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 829-ე მუხლის დანაწესზე (ტ.1,ს.ფ. 34-35).

6. შპს „ა–ის“ მიერ გაცემული 2016 წლის 16 მარტის დეფექტური აქტის მიხედვით, საკრებულოს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენდა 10 325 ლარს (ტ.1,ს.ფ. 40).

7. სარჩელის საფუძვლები

7.1 საკრებულომ, 2016 წლის 10 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხისათვის, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მიზნით, 10 325 ლარის დაკისრება მოითხოვა.

7.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-2 და მე-5-მე-6 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მძღოლის მხრიდან განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, კომპანიის უარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უსაფუძვლოა.

8. მოპასუხის შესაგებელი

8.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

8.2 მოპასუხის განმარტებით, მძღოლმა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უსაფრთხოებისა და საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. აღნიშნულმა შესაბამისი შედეგი გამოიწვია, რაც წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას და გამორიცხავს მზღვეველის ვალდებულებას, აანაზღაუროს შემთხვევით გამოწვეული ზარალი.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით საკრებულოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9.2 სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-317-ე, 327-ე, 799-ე, 829-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მხარეთა შორის ვალდებულება წარმოიშვა 2015 წლის 29 დეკემბერს დადებული სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ისეთი პირობები, რომელიც გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის გამო ზიანის ანაზღაურებას გარკვეულ შემთხვევებში.

9.3 საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 829-ე მუხლზე მითითებით „მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით“ განმარტა, რომ კანონით, ბრალის ხარისხის გათვალისწინებით გამოირიცხება მზღვეველის ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე.

9.4 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, შემთხვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ მძღოლმა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, რაც გამოიხატა მანევრირების წესებისა და საგზაო მონიშვნის დარღვევაში, მან წინდახედულობის ნორმის სრული უგულებელყოფით გადაკვეთა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზი და მოახდინა შეჯახება.

9.5 სასამართლოს შეფასებით, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში მზღვეველს ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, აანაზღაუროს დამდგარი ზარალი, წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. იმ მოქმედებათა ერთობლიობა, რაც გამოიხატა მანევრირების წესების, საგზაო მონიშვნის დარღვევაში, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაში და შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევის დადგომაში, წარმოადგენს იმ მოქმედებათა ერთობლიობას, რომელიც მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს და თავის მხრივ, სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, გამორიცხავს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების სამართლებრივ საფუძველს.

10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საკრებულომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2 აპელანტის განმარტებით, კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის დეფინიციას. მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასებით. წინამდებარე შემთხვევაში მძღოლი არც მეტისმეტი დაუდევრობით და არც ალკოჰოლური ან სხვაგვარი თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა. ამასთან, მანევრის დაწყებამდე ითვალისწინებდა უსაფრთხოების ნორმებს და მოძრაობდა დაბალი სიჩქარით. შესაბამისად, ჩადენილი ქმედება არ მიესადაგება სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.

10.3 აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა და საერთოდ არ ასახა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების №1 დანართის მე-5 მუხლი, რომელშიც არ არის მითითებული, რომ ღერძულა ხაზის გადაკვეთით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისაგან მზღვეველი თავისუფლდება. აგრეთვე, ხელშეკრულების მე-8 პუნქტი ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალების სრულ დაზღვევას, მათ შორის - ავტომობილის დაზიანებას ან განადგურებას, რაც გამოწვეული იქნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევით.

10.3 საქალაქო სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ სადაზღვევო კომპანიამ დაიწყო ვალდებულების შესრულება დამდგარი ზარალის ანაზღაურების თაობაზე, მიმართა შპს „ა–ს“ დეფექტური ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნით და შეიტყო ხარჯების ოდენობა, მხოლოდ ამის შემდეგ თქვა უარი ზიანის ანაზღაურებაზე.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განჩინებით კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.2 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.

11.3 მხარეთა შორის სადავო არ იყო ზიანის დადგომის ფაქტი, ზიანის გამომწვევი სუბიექტი, გადაცდომა და არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირი. აპელანტის მიერ სადავოდ იყო გამხდარი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაცია, და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შეფასების საკითხი. აპელანტს მიაჩნდა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა ავტოსატრანსპორტო საშუალების სრულ დაზღვევას, მათ შორის, ავტომობილის დაზიანებას ან განადგურებას, რაც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით, რაც გულისხმობდა სწორედ განსახილველ შემთხვევებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული დაზღვევის პირობების №1 დანართის მე-5 მუხლის საერთო გამონაკლისებში და ამიტომ მზღვეველს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სადაზღვევო ანაზღაურება.

11.4 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მზღვეველმა, სსკ-ის 829-ე მუხლზე დაყრდნობით, მართებულად უთხრა უარი აპელანტს ზიანის ანაზღაურებაზე. მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და მისი დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.

11.5 საქმეზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით ცხადია, რომ შემთხვევის მონაწილე მძღოლი აცნობიერებდა მის მიერ განხორციელებული მანევრის კანონსაწინააღმდეგობას, აუცილებელი წინდახედულობის ნორმების სრული უგულებელყოფით და თვითიმედოვნებით გასწია გაუმართლებელი რისკი, უსაფუძვლოდ იმედოვნებდა რა ზიანის თავიდან არიდებასა და უშვებდა საფრთხეს, უხეშად დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანხმვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“ და ამავე კანონის დანართის, საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნა 1.3-ის (ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა აკრძალულია) მოთხოვნები, უმიზეზოდ გადაკვეთა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი, რამაც გამოიწვია ორი სატრანსპორტო საშუალების მძიმე და ორი ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაც თავისი შინაარსითა და შედეგებით სწორედ მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მეტყველებს და, სსკ-ის 829-ე მუხლის გათვალისწინებით, ათავისუფლებს მზღვეველს დამზღვევის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების მოვალეობის შესრულებისაგან.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საკრებულომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12.2 კასატორის მტკიცებით, ვინაიდან კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის დეფინიციას, განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკრებულოს მძღოლის ქმედება სასამართლოს არ უნდა მიეჩნია უხეშ გაუფრთხილებლობად. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მანევრის დაწყებამდე მძღოლი ითვალისწინებდა უსაფრთხოების ნორმებს, მოძრაობდა დაბალი სიჩქარით და არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ან რაიმე სახის თრობის ქვეშ.

12.3 სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არასწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, მზღვეველის ვალდებულება, სრულ დაზღვევაზე. აღნიშნული გულისხმობდა ავტოტრანსპორტის სრულ დაზღვევას, მათ შორის ავტომობილის დაზიანებას ან სრულ განადგურებას, ამასთანავე, ხელშეკრულების დანართში არსებული ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების გამონაკლისებში არ იყო მითითება იმის თაობაზე, რომ არ ანაზღაურდებოდა ღერძულა ხაზის გადაკვეთით გამოწვეული ზიანი (იხ. ხელშეკრულების # 1 დანართის მე-5 მუხლი და ხელშეკრულების მე-8 პუნქტი).

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1 საკრებულოს საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

19. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ სადავოდაა გამხდარი მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომასთან საკრებულოს მძღოლის ბრალის ხარისხის სათანადო შეფასება სააპელაციო სასამართლოს მიერ,.

20. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მძღოლმა დაარღვია მანევრირების წესები და შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი გადაკვეთა, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და დადგა ზიანი.

21. წინამდებარე შემთხვევაში სადავოს წარმოადგენს არა წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებების მძღოლის მიერ განხორციელება, არამედ, ის რომ აღნიშნული შედეგი არ დამდგარა მძღოლის უხეში მოქმედების შედეგად. ამასთან, კასატორის მტკიცებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, მზღვეველი ვალდებული იყო აენაზღაურებინა შემთხვევის შედეგად არსებული ზიანი.

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებსა და სსკ-ის 829-ე მუხლის მოთხოვნებზე და განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული #7 ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ავტომობილის სრული დაზღვევა, მათ შორის 8.1.1. პუნქტით გათვალისწინებული დაზიანება ან განადგურება რაც გამოწვეული იქნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით, თვითაალებით, მეხის დაცემით ან/და აფეთქებით, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, ვანდალიზმით, რაიმე საგნის დაცემით, სტიქიური უბედურებებით ან უბედური შემთხვევით. აღნიშნულ ხელშეკრულებასთან ერთად არსებული #1 დანართის მე-5 მუხლის მიხედვით, გათვალისწინებული იყო გამონაკლისები, რა შემთხვევაშიც, მზღვეველს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა დანაკარგისა და დაზიანების ანაზღაურებაზე, მათ შორის, 5.16 მუხლით - „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“. სსკ-ის 829-ე მუხლის მიხედვით მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

23. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით ნათელია, რომ მხარეებმა, ერთი მხრივ, სახელშეკრულებო პირობით, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში კანონზე მითითებით (სასამართლოს შეფასებით, ასეთი მითითების მიუხედავად, სსკ-ის 829-ე მუხლის დანაწესი წინამდებარე შემთხვევაში, მაინც ვარგისი იქნებოდა სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად) გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

26. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე