21 დეკემბერი, 2018 წელი
საქმე №ას-1906-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ო.პ–სა და თ.პ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე საქმეზე ალ.ტ–ის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე ო.პ–ის მიმართ, მესამე პირები - თ.პ., ნ.პ., უფლების არარსებობის დადგენისა და იპოთეკის შეწყვეტის თაობაზე
პალატამ გამოარკვია:
თ.პ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო, რაც შეეხება ო.პ–ის საკასაციო საჩივარს, ის ხარვეზიანია და საკასაციო საჩივრის ავტორს უნდა განესაზღვროს ვადა ხარვეზის შესავსებად, შემდეგ გარემოებათა გამო :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
პალატა აღნიშნავს, რომ გურჯანიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის განჩინების თანახმად, მოცემულ საქმეში თ.პ. წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რომელიც არ არის აღჭურვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით.
სსსკ-ის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). ამავე კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად, მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ, აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.
განსახილველ შემთხვევაში, თ.პ. წარმოადგენს რა მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ის ვერ იქნება მიჩნეული გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტად, შესაბამისად, მას უარი უნდა ეთქვას სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას შეუძლია აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი და აღნიშნული გზით იდაოს საკუთარი უფლებების დასაცავად.
სსსკ-ის 391-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა. საკასაციო საჩივარი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით, წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. საკასაციო საჩივარში სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული კასატორის მოსაზრებები სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, ის არ შეესაბამება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს, არ არის შედგენილი ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით და არ არის ნაბეჭდი სახით წარმოდგენილი. ზემოაღნიშნული ხარვეზის დადგენის საფუძველია.
სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში მითითებულია კასატორის მოთხოვნა, თუმცა ის არ შეიცავს კასაციის საფუძვლებს და არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც ხარვეზის დადგენის საფუძველია.
სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორს უნდა დაევალოს 400 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამასთან, კასატორს უნდა დაევალოს წარმოადგინოს იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს უნდა მიეცეს ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 - დღიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 399-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.პ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ო.პ–ს დაევალოს ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: ა) სსსკ-ის 391.11 მუხლის თანახმად, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი; ბ) დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, კასაციის საფუძვლების მითითებით; და გ) 400 (ოთხასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
4. განემარტოს კასატორს, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა