საქმე №ას-1166-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – „C. C.L.” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ჯ–ე, ი.ჯ–ძე, ზ.ყ–ძე, გ.ყ–ძე-ი. (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ.ჯ–სა (შემდეგში:პირველი მოპასუხე, პირველი გამჩუქებელი) და ი.ჯ–ძეს (შემდეგში: პირველი დასაჩუქრებლი) შორის 2014 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც დასაჩუქრებულს საკუთრებაში გადაეცა შემდეგი უძრავი ქონება:
1.1 ქ. თბილისში, ....... მდებარე 119.38 კვ.მ ფართი და სარდაფი 4.73 კვ.მ., საკადასტრო კოდით - ...... (ტ.1,ს.ფ. 112-114);
1.2 ქ. თბილისში, ..... მდებარე 452 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდით: ..... (ტ.1,ს.ფ. 104-105; 110-111);
1.3 ქ. ბათუმში, ....... მდებარე 178 კვ.მ. ფართის ბინა #310, საკადასტრო კოდით: ..... (ახალი მისამართით - ქ. ბათუმი, ......., ბლოკი III; ტ.1,ს.ფ. 115-116);
2. ზ.ყ–ძესა (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე გამჩუქებელი) და გ.ყ–ი–ს (შემდეგში: მეორე დასაჩუქრებული) შორის 2016 წლის 29 იანვარს გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც დასაჩუქრებულს საკუთრებაში გადაეცა შემდეგი უძრავი ქონება:
2.1 ქ. თბილისში, ....... მდებარე 964 კვ.მ. დაზუსტებული ფართი საკადასტრო კოდით: ....... (ტ.1,ს.ფ. 108-109);
2.2 ქ. თბილისში, ....... მდებარე 495 კვ.მ. დაზუსტებული ფართი (შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: 1, 2, 3, და 4) საკადასტრო კოდით: ....... (ტ.1,ს.ფ. 106-107);
3. კვიპროსში, ქ. ნიქოზიის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია „CBR C.L.“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კომპანია ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი გამჩუქებლების მიმართ, 2015 წლის ნოემბრიდან. აღნიშნული დავა არ არის დასრულებული და არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადწყვეტილება.
4. მოპასუხეებმა განცხადებით მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოსარჩელისა და მისი შვილობილი კომპანიების მიმართ.
5. კომპანიამ, 2016 წლის 21 მარტს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეებსა და დასაჩუქრებულებს შორის წინამდებარე განჩინების პირველ და მეორე პუნქტებში დასახელებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში ხსენებული დავა უცხო ქვეყანაში არ არის დასრულებული.
8. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 56-ე მუხლის „1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები“ მოხმობით განმარტა, რომ პირველ მოპასუხესა (მამა) და პირველ დასაჩუქრებულს შორის (შვილი) გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებები არ იყო დადებული მოჩვენებით და, შესაბამისად, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8.1 სასამართლოს შეფასებით მოსარჩელის მოსაზრება, რომ მამა-შვილს შორის, სადავო გარიგება, 2014 წლის 12 აგვისტოს, დაიდო იმ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, რომელიც 2015 წლის ნოემბრის თვეში, ნიქოზიის სასამართლოში დაწყებული დავის გადაწყვეტის შედეგად დაეკისრებოდა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულებები არ არის დადებული მოჩვენებით და, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
9. საქალაქო სასამართლომ მეორე მოპასუხისა (მამა) და მეორე დასაჩუქრებულის (შვილი) შემთხვევაშიც, იმავე ნორმის მოხმობით განმარტა, რომ არ არსებობდა უძრავი ნივთების ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები.
9.1 საქალაქო სასამართლომ, მოსარჩელის სასარჩელო პრეტენზიის პასუხად, მოპასუხის პოზიციაზე მითითებით განმარტა, რომ 2016 წელს, ორი თვის შემდეგ ნიქოზიის სასამართლოში დავის დაწყებიდან დადებული ხელშეკრულება ვერ ჩაითვლებოდა მოჩვენებით გარიგებად, ამასთან, მოსარჩელეს შეეძლო დავის დაწყებისთანავე მოეთხოვა სარჩელის უზრუნველყოფა, რაც მას არ გამოუყენებია.
10. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი დარჩა განუხილველი.
12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 180-ე მუხლის „სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს“ მოხმობით განმარტა, რომ წინამდებარე შემთხვევაში სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობა სასარჩელო მოთხოვნისადმი.
13. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი, კერძოდ, იგი მოითხოვდა 2014 წლის 12 აგვისტოს პირველ მოსარჩელესა და პირველ დასაჩუქრებულს შორის დადებული გარიგებებისა და 2016 წლის 29 იანვარს მეორე მოპასუხესა და მეორე დასაჩუქრებულს შორის დადებული გარიგებების ბათილად ცნობას და ორივე შემთხვევაში გამჩუქებლებზე უფლების აღრიცხვას.
14. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე უთითებდა კვიპროსში, ნიქოზიის რაიონული სასამართლოში მიმდინარე დავაზე, რომლის შესაძლო უარყოფითი შედეგებისაგან თავის ასარიდებლად, მოპასუხეებმა მათ სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფდა, მოჩვენებით გადაუფორმეს შვილებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოხსენებული დავა ნიქოზიის სასამართლოში დაიწყო 2015 წლის ნოემბერში, ამასთან, მოსარჩელეს არ დაუყენებია მოთხოვნა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც დასახელებული დავა დასრულებული არაა, რასაც თავად მოსარჩელის წარმომადგენელიც ადასტურებდა.
15. უდავოა, რომ განსახილველი აღიარებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვერ მიიღწეოდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ამასთან, სადავო ნივთების გამჩუქებლებზე აღრიცხვის შემთხვევაშიც კი, მათ არ ეკარგებოდათ ამ ქონების განკარგვის უფლება.
16. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას მხარის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა წარმოადგენს, რაშიც იგულისხმება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოსარჩელემ იმ სამართლებრივ შედეგზე უნდა მიუთითოს, რაც დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. დავის ზოგადი ინტერესი არაა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე არა თუ ვერ ასაბუთებს ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას, არამედ, ვერც კი უთითებს მასზე, რაც სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
17. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო შეამოწმებდეს სარჩელის საფუძვლიანობას, მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს - აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებლია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ - მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულიად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
18. სასამართლოს შეფასებით აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას. ისეთ ვითარებაში, როდესაც სავალდებულოა მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, უფლების დაცვის თვალსაზრისით მხოლოდ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება განხილულ იქნას სასამართლოს მიერ (სუსგ №ას-443-415-2017; 02.06.2017).
19. ზემოაღნიშნული განჩინება (იხ. მე-11 პუნქტი) 2018 წლის 20 ივლისს კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
20. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო სარჩელის განუხილველად დატოვებით, მხარეს უარს ეუბნება მართლმსაჯულების განხორციელებაზე და აზრს უკარგავს მის მიერ ნიქოზიის სასამართლოში დაწყებულ დავას. ის მოსაზრება, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო ქონების გამჩუქებლებზე აღრიცხვის შემთხვევაში, მათ კიდევ ექნებათ გასხვისების უფლება - არარელევანტური და დაუსაბუთებელია.
21. ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილი სარჩელი სრულად გამოხატავს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს იმ დავიდან გამომდინარე, რომელიც მხარეთა შორის მიმდინარეობს საზღვარგარეთ, ვინაიდან, დავის დასრულების შემდეგ სწორედ თვალთმაქცურად გასხვისებული ქონების ღირებულებიდან უნდა მოხდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
23. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
24. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
25. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
26. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, და დამატებით მიუთითებს: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-121-117-2016, 17.03.2016წ.).
27. „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.)“ - იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664-635-2016, 02.03.2017წ.
28. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში მისი მატერიალური ინტერესი ჩუქების ხელშეკრულებებით გადაცემული უძრავი ნივთების მიმართ, განსახილველ სასარჩელო წარმოებაში არ წარმოადგენს იურიდიულ ინტერესს. იურიდიული ინტერესი არის ის სამართლებრივი სიკეთე, რომელიც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც, ბუნებრივია, არ გულისხმობს მხოლოდ ქონების გადაცემას. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი.
29. საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე კომპანიამ მოპასუხეების წინააღმდეგ სარჩელით ნიქოზიის სასამართლოს მიმართა 2015 წლის ნოემბრის თვეში. დადგენილია, რომ აღნიშნული საქმის წარმოება არ არის დასრულებული, ამასთან, დასახელებული დავის ფარგლებში მოსარჩელეს რაიმე სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ მოუთხოვია.
30. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას საქართველოში მიმდინარე დავის მიმართ მისი იურიდიული ინტერესის არსებობის თაობაზე, ვინაიდან, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის უცხი ქვეყანაში მიმიდნარე დავაზე წარმოება არ დასრულებულა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰიპოთეტურად დავუშვებთ, რომ საზღვარგარეთ მიმდინარე დავა მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყდება, მაინც ვერ დადასტურდება მისი იურიდიული ინტერესი წინამდებარე დავის მიმართ.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს იგი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. "CBR C.L." კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე