საქმე №ას-1510-2018 18 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. რ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ. გ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. რ-ს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2018 წლის 8 მაისს გამართულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ლ. გ–ი.
7. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე იყო 7 ივნისი. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მითითებულ პერიოდში მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი სასამართლოში არ მისულან და გადაწყვეტილება არ ჩაუბარებიათ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 8 ივნისიდან და ამოიწურა 2018 წლის 21 ივნისს.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 26 ივნისს, გზავნილი კი ფოსტას ჩაბარდა 2018 წლის 25 ივნისს. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილზე და აღნიშნა, რომ მართალია სააპელაციო საჩივარი სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისს ჩაბარდა, თუმცა იგი 2018 წლის 20 ივნისს გაიგზავნა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
15. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
16. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
17. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ლ---- გ-----–---–ი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 87-92), რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებდა მოპასუხის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე (იხ. ტ. 1. ს.ფ. 79), თუმცა მოპასუხეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 (2018 წლის 28 მაისი) და არაუგვიანეს 30-ე დღისა (2018 წლის 7 ივნისი) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდგომ, 2018 წლის 8 ივნისს და ამოიწურა 2018 წლის 21 ივნისს. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 25 ივნისს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 122), გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ გასაჩივრების წესს საფუძვლად უდევს გადაწყვეტილების ჩაბარების ინსტიტუტი, კერძოდ, სასამართლო შეტყობინების (უწყების) ჩაბარების მსგავსად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებაში იგულისხმება როგორც უშუალოდ ამ მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე ამ გადაწყვეტილების ჩაბარების პრეზუმფცია, რომელიც გულისხმობს, რომ გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის დათქმა იმის შესახებ, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს,“ მიგვითითებს პრეზუმფციაზე, რომლის თანახმად, კანონი ადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაინტერესებული მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებისათვის. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება საპროცესო მოქმედების შესრულების ზუსტ კალენდარულ თარიღს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის ათვლის საპროცესო წესი მოცემულია ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს, როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
20. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2018 წლის 8 მაისს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (ან მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე შეასრულებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას და გამოცხადდებოდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30-ე დღისა, მაშინ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყებოდა იმ დღიდან, როდესაც სასამართლო ჩააბარებდა მხარეს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში მოპასუხის სასამართლოში გამოცხადების ფაქტი. შესაბამისად, გასაჩივრების ვადა ავტომატურად დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამასთან, საქმის მასალებში არც იმის დამადასტურებელი ცნობა მოიპოვება, რომ სასამართლომ გვიან მოამზადა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის იმ შედავებას, რომ მან სააპელაციო საჩივარი 2018 წლის 20 ივნისს გააგზავნა და მიუთითებს, რომ საქმის მასალებში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ამკვიდრებს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მხარე მოვალეა, სათანადო მტკიცებულებით გაამყაროს ის ფაქტი, რომელზეც საკუთარ პრეტენზიას აფუძნებს.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მითითება ზემოაღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. რ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე