№ას-1594-2018 10 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (სარჩელე) – მ.დ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – რ.ე.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მასში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით:
- მ.დ–ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი რ.ე–ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- ცვლილება შევიდა ნოტარიუს ლ.გ–ის მიერ 2015 წლის 05 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების ნომერი N....), აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის მე-8 პუნქტში, მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის - 2500 აშშ დოლარის 0.05%-ით დღეში (დღეში 1.25 აშშ დოლარით) 2013 წლის 4 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოთხოვნა ლ.გ–ის მიერ 2015 წლის 5 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №.....), აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის მე-8 პუნქტში მითითებული მოსარჩელისათვის სესხის ძირი თანხის 2500 აშშ დოლარიდან 1334.385 აშშ დოლარის გადახდილად ჩათვლისა და მისთვის 1165.615 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე მიუღებელი სარგელის - სესხის ძირი თანხის 5%-ის 3.1041%-მდე შემცირების და მისი გადახდილად ჩათვლის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
9. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2018 წლის 16 ნოემბერს, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს ზ.მ–ს (იხ. მინდობილობა ტ.2, ს.ფ. 36).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 17 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 21 ნოემბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2018 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. საკასაციო პალატას 2018 წლის 22 ნოემბერს მომართა კასატორმა, წარმოადგინა საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა დადგენილი წესით და მას ამ განჩინებით ამომწურავად განემარტა ხარვეზის გამოსწორების წესი და ვადა, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ამავე ვადაში წარდგენის აუცილებლობა. მოცემულ შემთვევაში, კასატორმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, მას ხარვეზი სასამართლოს მეირ დადგენილ ვადაში არ შეუვსია.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 22 ნოემბერს #0 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. მ.დ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 22 ნოემბერს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე