10 დეკემბერი, 2018 წელი №ას-1228-2018 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – მ.კ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ე.“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- შპს „ე–ის“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი მ.კ–ას (შემდეგში მოპასუხის) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 968 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 900 ლარი, სარგებელი - 52 ლარი, ფოსტის ხარჯი - 16 ლარი) გადახდა;
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი;
4. აღნიშნული განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
9. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილი ჩაბარდა კასატორის ოჯახის წევრს (სიდედრს) მ.შ–ას 2018 წლის 16 ნოემბერს. შესაბამისად, სასამართლო გზავნილი კასატორისათვის ჩაბარებულად ითვლება სსსკ-ის 74.1 მუხლის საფუძველზე.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 17 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 ნოემბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე