Facebook Twitter

საქმე №ას-1029-2018 6 ნოემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - დ.პ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ს–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების და რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კასპის რაიონში, სოფელ ..... მდებარე უძრავი ქონების ს/კ:....., დაზუსტებული ფართობით 1 304 კვ.მ, საცხოვრებელი საერთო ფართით 192.76 კვ.მ, 2013 წლის 30 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, გამოსყიდვის უფლებით, საფუძველზე წარმოადგენს ვ.ს–ძე (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე; ტ.1, ს.ფ.15-16; 52-53);

2. აღნიშნულ უძრავ ქონებას ფაქტობრივად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს დ.პ. (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1 მესაკუთრემ, 2017 წლის 9 ივნისს სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.

3.2 სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მესაკუთრემ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება მოითხოვა, აღნიშნულის საფუძვლად კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და სხვა საცხოვრებლის არარსებობაზე მიუთითა.

3.3 მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების ნამდვილობის მიუხედავად, ის უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია, ვინაიდან მხარეთა შორის გამოსყიდვის უფლება კონკრეტული ვადით არ იყო შებოჭილი და არსებობდა შეთანხმება, რომ ამ უფლების გასვლამდე მოპასუხე საცხოვრებელი სახლით ისარგებლებდა.

5. გორის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1 გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარებაში გადაცემა.

5.2 სასამართლოს განმარტებით, საქმე მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2017 წლის 26 ივლისს 14:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები), კერძოდ, სხდომის თარიღის შესახებ უწყება 2017 წლის 18 ივლისს მოპასუხის ოჯახის წევრს, ძმისშვილს - გ.პ–ს ჩაჰბარდა ადრესატისათვის გადაცემის პირობით (ტ.1,ს.ფ.59), თუმცა, მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადებულა.

5.3 რაიონული სასამართლოს შეფასებით, საქმეში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები (1. 2013 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო გამოსყიდვის უფლებით, თუმცა არ არის მითითებული გამოსყიდვის ვადა და ამ ხელშეკრულებაში არაფერია მითითებული იმის დასადასტურებლად, რომ მოპასუხეს აქვს ამ ბინაში ცხოვრების ან ამ ბინით სარგებლობის უფლება; 2. საჯარო რეესტრის მიერ 2017 წლის 4 მაისს გაცემული ამონაწერით დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 1 304 კვ.მ., მდებარე - კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ....., №10, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი შეადგენს 192.76 კვ.მ. ს/კ:.....; 3. მოპასუხე ცხოვრობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში;) იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, რის გამოც გამართლებული იყო, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

5.4 სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შესაგებელში მითითებული გარემოება სადავო საცხოვრებელი სახლის მართლზომიერ ფლობასთან დაკავშირებით, რომლის საფუძვლადაც მოპასუხე მოსარჩელესთან შეთანხმებაზე მიუთითებდა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმეზე არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.

5.5 რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დასაბუთებული იყო, რის გამოც დაკმაყოფილდა.

5.6 მოპასუხემ 2017 წლის 3 აგვისტოს საჩივრით მიმართა რაიონულ სასამართლოს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა.

5.7 გადაწყვეტილების გაუქმების მოტივად საჩივრის ავტორმა იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ უწყების ჩამბარებელი პირი - ძმისშვილი, მისი ოჯახის წევრი არ არის, ის ცხოვრობს იმავე სოფელში, თუმცა სხვა, მისი ძმის სახლში, რის გამოც კურიერმა არასწორ მისამართზე და სხვა პირს ჩააბარა უწყება. საჩივრის ავტორის განმარტებით, ძმის ოჯახთან ხშირი კომუნიკაცია არ აქვს, რის გამოც ვერ მოხერხდა უწყების გადაცემა მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე აუცილებლად გამოცხდადდებოდა.

5.8 საჩივრის ავტორმა დამატებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებაზე მიუთითა და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება გამოსყიდვის უფლებაზე 10 წლის ვადით, ამასთან, მოსარჩელეს არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მოპასუხის ცხოვრებასთან დაკავშირებით.

5.9 გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1 გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6.2 აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადასტურებულად უწყების ადრესატზე ჩაბარების ფაქტი. უწყება ჩაჰბარდა ძმისშვილს, რომელიც მასთან არ ცხოვრობს და არ ითვლება მისი ოჯახის წევრად.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება დასახელებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

7.2 სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე მიუთითა და გაიზირა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ სხდომის დანიშვნის შესახებ უწყება ადრესატს კანონით გათვალისწინებული წესით ჩაჰბარდა.

7.3 საფოსტო შეტყობინებით დგინდებოდა, რომ 2017 წლის 18 ივლისს ანუ სხდომამდე გონივრული ვადით ადრე, გზავნილი ჩაჰბარდა ადრესატის ოჯახის წევრს - ძმისშვილს, ადრესატისათვის გადაცემის პირობით.

7.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ზემოაღნიშნულით უდავოდ დასტურდება უწყების ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტი, ამასთან, აპელანტის პრეტენზია, თითქოს უწყების უშუალო მიმღები ცხოვრობს არა სადავო საცხოვრებელ სახლში, არამედ იმავე სოფელში, სხვა უბანში, არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებით, რის გამოც ვერ გამოდგება ვარგის დასაბუთებად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით.

7.5 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იყო მიწვეული სასამართლო სხდომაზე, რის გამოც არ არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

7.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება გამოსყიდვის თაობაზე, 10 წლის ვადით, არ ცვლის მოთხოვნის იურიდიული მართებულობის საკითხს. მით უფრო იმ ფონზე, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, სადავო საცხოვრებელი სახლით მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ სარგებლობა.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

8.2 საკასაციო პრეტენზიები სააპელაციო საჩივრის მოთხოვნების იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 6.1-6.2 ქვეპუნქტები).

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; #ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; #ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

14.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;

14.2 ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;

14.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

15. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის მასალებით (ტ.1,ს.ფ. 59) უდავოდ დასტურდება უწყების ადრესატისათვისკანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი.

16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილების სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 7.2-7.6 ქვეპუნქტები) და დამატებით სსკ-ის 477-ე მუხლის მოხმობით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რა შემთხვევაშიც გამყიდველი (მოპასუხე) ვალდებული იყო ნასყიდობის საგანი (საცხოვრებელი სახლი) გადაეცა მყიდველისათვის (მოსარჩელე), რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია, და არც ასეთი მოთხოვნის გამომრიცხავ რაიმე გარემოებაზე მიუთითებია (კასატორი, მხოლოდ ზოგადად ასახელებს მხარეთა შეთანხმებას, რომლითაც უფლებამოსილია ისარგებლოს სადავო ქონებით, თუმცა, კონკრეტულ მტკიცებულებაზე არ უთითებს და არც საქმის მასალებით დგინდება ასეთი შეთანხმების არსებობა). ამასთან, მხარეთა შორის გამოსყიდვის უფლებაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც (იხ. სსკ-ის 509-ე მუხლი) აღნიშნული ავტომატურად არ ითვალისწინებს მოპასუხის მიერ სადავო ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის უფლების მინიჭებას.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.პ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ.პ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, კ.გ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 10 აგვისტო), 70% – 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე