27 დეკემბერი, 2017 წელი
საქმე №ას-109-105-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ჟ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შ.თ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ჟ.ა–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მსესხებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) და შ.თ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გამსესხებელი, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) 2013 წლის 22 აპრილს დადეს სესხის ხელშეკრულება (დამოწმებულია სანოტარო წესით), რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელმა მოპასუხეს 10 000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით - 2014 წლის 22 აპრილამდე გადასცა. მხარეებს სესხისათვის პროცენტი არ გაუთვალისწინებიათ.
2. მოპასუხემ სესხის თანხა შეთანხმებულ ვადაში არ დააბრუნა.
3. 2014 წლის 19 ივნისს მოპასუხემ ხელწერილი დაწერა, რომლითაც მან დაადასტურა 2013 წლის 22 აპრილს მოსარჩელისაგან 10 000 აშშ დოლარის მიღებისა და პროცენტის - თვეში 300 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. ხელწერილში მითითებულია, რომ მოპასუხეს აქვს მოსარჩელის ვალი 10 000 აშშ დოლარი, პროცენტი 2014 წლის აპრილამდე გადახდილია და დანარჩენ პროცენტსაც (თვეში 3%-ს) ძირ თანხას დაუმატებს და ერთად დაუბრუნებს. დოკუმენტი ხელმოწერილია მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ.
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ სესხის - 10 000 აშშ დოლარისა და სარგებლის - 1500 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
5. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ დაარღვია 2013 წლის 22 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - სესხი არ დააბრუნა, რის გამოც 19.06.2014 წელს მხარეებმა დადეს გარიგება, რომ ნასესხებ თანხას დამატებოდა ყოველთვიური სარგებელი 3%, თუმცა არც ძირი თანხა და არც სარგებელი მოპასუხეს არ გადაუხდია. მოსარჩელემ ძირ თანხასთან ერთად მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 2014 წლის 22 აპრილიდან სარჩელის აღძვრამდე სარგებელი თვეში 300 აშშ დოლარი, შესაბამისად, ხუთ თვეში - 1500 აშშ დოლარი.
6. წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე მან სარჩელი ნაწილობრივ, 6400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო და განმარტა, რომ ძირი თანხის ნაწილი - 3600 აშშ დოლარი მან გამსესხებელს დაუბრუნა.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 10 000 აშშ დოლარისა და სარგებლის - 1500 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 316.1, 317.1, 327-ე, 319.1, 623-ე-625-ე, 341-ე, 365-ე, 366 -ე მუხლები და დაასკვნა შემდეგი:
8.1. 2014 წლის 19 ივნისს მოპასუხემ ხელწერილით დაადასტურა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა სესხის თანხა - 10 000 აშშ დოლარი და ყოველთვიური სარგებელი - 300 აშშ დოლარი. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 22 აპრილს გაცემული სესხისათვის მხარეებმა დამატებითი შეთანხმებით გაითვალისწინეს პროცენტი, კერძოდ, ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ ყოველთვიურად 3% სარგებლის გადახდაზე.
8.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის აპრილამდე მოპასუხეს ყოველთვიურად გადახდილი ჰქონდა 300 აშშ დოლარი, მაგრამ ეს იყო მხარეთა მიერ შეთანხმებული სარგებელი (3%) და არა - სესხის ძირითადი თანხის ნაწილი.
8.3. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად წერილობით ხელშეკრულებაში სარგებელზე შეთანხმების არარსებობისა, შესაძლებელია, მხარეები სესხის გადაცემის შემდგომ ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ სარგებელზე, მის განაკვეთზე და ა.შ. მიუხედავად იმისა, სესხის გადაცემის ფაქტი (სესხის ხელშეკრულება) წერილობით არის დადასტურებული და ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ სესხი არის უპროცენტო, ეს არ უკრძალავდა ხელშემკვრელ მხარეებს ხელშეკრულების დადების შემდგომ ნებისმიერ დროს, თუნდაც ზეპირი ფორმით, შეთანხმებულიყვნენ სარგებლის გადახდის პირობაზე და მოქმედებებით დაედასტურებინათ. წერილობითი ფორმით არსებულ გარიგებაში ცვლილების შეტანა მხოლოდ იმავე ფორმით დადებული გარიგების საფუძველზეა შესაძლებელი, თუ, რა თქმა უნდა, თვით გარიგება არ ითვალისწინებს გარიგების პირობებისაგან განსხვავებული ქცევის სტანდარტს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დგინდებოდა მოვალის თანმხვედრი ნების გამოვლენა.
8.4. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე, 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდიდა 300 აშშ დოლარს. ეს გარემოება მოპასუხემ 19.06.2014 წელს შედგენილი ხელწერილით დაადასტურა, კერძოდ, რომ ნამდვილად ჰქონდა ვალი 10 000 აშშ დოლარი, რომლის „სანაცვლოდ“ ყოველთვიურად 300 აშშ დოლარს იხდიდა, ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა სესხის ძირს ვერ გამოაკლდებოდა. ამასთან, მართალია, მოსარჩელემ არც უარყო და არც დაადასტურა თანხის - 3600 აშშ დოლარის მიღება, თუმცა ეს გარემოება 19.06.2014 წლის ხელწერილით დგინდებოდა, რომელზე ხელმოწერითაც მოსარჩელემ პრაქტიკულად დაადასტურა მოპასუხისაგან 2014 წლის აპრილის ჩათვლით სარგებლის მიღების ფაქტი.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა 1600 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
9.1. გადაწყვეტილება არასწორია როგორც საპროცენტო სარგებლის, ისე ძირი თანხის დაკისრების ნაწილში. სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ უპროცენტო სესხი პროცენტიანი გახდა, მაშინ, როდესაც, სანამ სესხი პროცენტიანი გახდებოდა, მოპასუხეს უკვე გადახდილი ჰქონდა თანხის ნაწილი, რომელიც ძირითადი თანხიდან უნდა გაქვითულიყო. ხელწერილი სასამართლომ ვალდებულების აღიარებად მიიჩნია, თუმცა არ გაითვალისწინა მხარის მიერ ამ შეთანხმებამდე გადახდილი თანხა.
9.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ 3%-იანი სარგებლის გადახდაზე, თუმცა ამგვარი ნება მხარეებს არ გამოუხატავთ. თუ მხარეები ზეპირად შეთანხმდებოდნენ ხელშეკრულების პირობებზე, მაშინ ისინი წერილობით შეთანხმებას აღარ შეადგენდნენ და ნოტარიულად არ დაამოწმებდნენ. ამასთან, სწორედ ხელწერილით დგინდებოდა, რომ მოპასუხემ გადაიხადა გარკვეული თანხა, რომელიც მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, ძირ თანხას უნდა გამოჰკლდებოდა.
9.3. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 365-ე მუხლი, რამდენადაც სესხის ხელშეკრულება ვადიანი იყო, ამ ვადის შემდეგ დაკისრებული პროცენტი კი, სასამართლომ არასწორად მიაკუთვნა მხარეს.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.1 სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც 2014 წლის 19 ივნისს მხარეებმა დადეს ახალი ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე ვალის არსებობა აღიარა. ამავდროულად, მან იკისრა სარგებლის, 10 000 აშშ დოლარის 3%-ის, ე.ი. 300 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებაც ყოველთვიურად.
10.2. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მას ვალდებულება ნაწილობრივ შესრულებული ჰქონდა, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:
11.1. მხარეები ზეპირად არ შეთანხმებულან პროცენტის გადახდაზე. ისინი წერილობით შეჯერდნენ გარკვეულ პირობებზე, სადაც ისიც მითითებულია, რომ თანხის ნაწილი გადახდილია. მხარეთა შეთანხმებიდან და სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, გადახდილი თანხა სესხის ძირ თანხას უნდა გამოაკლდეს. ამასთან, რომც ყოფილიყო ზეპირი შეთანხმება, წერილობით დადებულ გარიგებას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმიტომაც, რომ სესხის ხელშეკრულება წერილობით იყო დადებული და სხვა ყველა შეთანხმებასაც წერილობითი ფორმა სჭირდებოდა.
11.2. სესხის ხელშეკრულება იყო ვადიანი - ერთწლიანი, შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდეგ პროცენტის დაკისრება არასწორია.
11.3. თუ 19.06.2014 წლის ხელწერილი ახალ გარიგებად განიხილება, მაშინ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ამ გარიგების დადებამდე სესხზე პროცენტი არ იყო შეთანხმებული, ხოლო თანხის ნაწილი გადახდილი იყო. ამდენად, გადახდილი თანხით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორადვე განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, გასაზიარებელია.
15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის ძირი თანხისა და სარგებლის დაკისრების მოთხოვნა, სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებადი იქნებოდა შემდეგი წინაპირობების ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით განხორციელების შემთხვევაში: 1. თუ მოსარჩელე დამაჯერებლად დაასაბუთებდა მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულების დადებას; 2. თუ მხარეები შეთანხმდებოდნენ სესხისათვის პროცენტზე.
16. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა სადავო არ არის. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელესთან დადებული 22.04.2013 წლის სესხის ხელშეკრულება უპროცენტო იყო, მხარეები პროცენტზე მოგვიანებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, 2014 წლის 19 ივნისს შეთანხმდნენ. შესაბამისად, კასატორი მოითხოვს, რომ მის მიერ გადახდილი თანხა - 3600 აშშ დოლარი გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას, ხოლო სარგებელი არა 22.04.2014 წლიდან, არამედ 19.06.2014 წლიდან დაეკისროს.
17. სსკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით (სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით), სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არაფორმასავალდებულო გარიგებების მიმართ განამტკიცებს ხელშეკრულების მონაწილეთა მიერ ხელშეკრულების ფორმის არჩევის თავისუფლების პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ, როდესაც კანონი გარიგებისთვის არ ითვალისწინებს წერილობით ფორმას, მხარეებს ამ გარიგებისთვის შეუძლიათ, შეათანხმონ ნებისმიერი ფორმა. ამასთან, თუ მხარეებმა თავიანთი შეთანხმებით ხელშეკრულების ფორმა განსაზღვრეს (სსკ-ის 328.1 მუხლი), კანონით გათვალისწინებული ფორმასავალდებულო ხელშეკრულებების მსგავსად, იგი ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის დაცვის შემთხვევაში.
18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 22.04.2013 წლის სესხის ხელშეკრულება დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ. ამდენად, მხარეებმა გარიგების ნამდვილობის წინაპირობად რთული წერილობითი ფორმა განსაზღვრეს.
19. ფორმის დაცვას ექვემდებარება არა მარტო ძირითადი გარიგება, არამედ დამატებითი შეთანხმებები და შემდგომი ცვლილებები, მით უმეტეს, ისეთი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ვალდებულების შინაარსს. სასყიდლიანი კონსტრუქციის დროს პროცენტის გადახდა კი, ძირითადი ვალდებულებაა. რთული წერილობითი ფორმით დადებული გარიგების პირობებიც ამავე ფორმით რომ უნდა შეიცვალოს სსკ-ის 328.1 მუხლის (თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ) შინაარსიდანაც გამომდინარეობს. ამასთან, მართალია, 22.04.2013 წლის სესხის ხელშეკრულებაში არაფერია მითითებული მასში ცვლილებების შეტანის ფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ მხარეებს, თუ სურდათ წერილობით ხელშეკრულებაში ზეპირი ფორმით ცვლილებების შეტანა, ამაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხელშეკრულებაა დადებული(შდრ სუსგ ას-1269-1501-05, 30.06.2006 წელი; ას-231-216-2014, 9.02.2015 წელი). ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ 2013 წლის 22 აპრილს გაცემული სესხისათვის მხარეებმა დამატებითი შეთანხმებით გაითვალისწინეს პროცენტი, კერძოდ, ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ ყოველთვიურად 3% სარგებლის გადახდაზე.
20. სსკ-ის 59.1 მუხლიდან (ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე, ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა) გამომდინარე, ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, დაიცვეს თუ არა მხარეებმა გათვალისწინებული ფორმა. კანონის ეს ნორმა იმპერატიულია და მხარეებს მისი შეცვლა არ შეუძლიათ. გარიგების ბათილობა შეიძლება, გამოიწვიოს როგორც მარტივი წერილობითი, ისე, რთული სანოტარო ფორმის დაუცველობამ. მთავარია, კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად იყოს განსაზღვრული მოცემული გარიგების ნამდვილობისათვის ფორმა. რადგანაც მხარეებმა გარიგების ნამდვილობა ფორმას დაუკავშირეს, კერძოდ კი, მათ შორის არსებული ურთიერთობის მოწესრიგებისათვის სანოტარო ფორმა განსაზღვრეს, მისი დაუცველობა ზეპირი დამატებითი შეთანხმების ბათილობის გამომწვევი სამართლებრივი საფუძველია. ამდენად, მხარეები ზეპირად რომც შეთანხმებულიყვნენ საპროცენტო სარგებელზე, იგი სამართლებრივი ძალის მქონე ვერ იქნებოდა, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, ფორმის სავალდებულოობის ფარგლები ვრცელდება დამატებით შეთანხმებაზეც.
21. იმ შემთხვევაში, როდესაც არ დასტურდება პროცენტზე შეთანხმება ან ამგვარი შეთანხმება ბათილია, სესხი მიიჩნევა სასყიდლის გარეშე დადებულ ხელშეკრულებად. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება საპროცენტო სარგებელს არ ითვალისწინებდა. ამდენად, მოპასუხის მიერ 2013 წლის 22 აპრილიდან 2014 წლის 22 აპრილამდე გადახდილი თანხა სესხის სარგებლად რომ მიჩნეულიყო, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სარგებელზე შეთანხმებაც.
22. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ბათილია სესხის სარგებელზე ზეპირი შეთანხმება (იხ. პ.19-20). რაც შეეხება 19.06.2014 წლის ხელწერილს, ვერც ის ვერ მიიჩნევა სესხის სარგებელზე მხარეთა შეთანხმების არსებობად, ვინაიდან, როგორც ითქვა, სანოტარო ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაში ცვლილებები ამავე ფორმით უნდა განხორციელდეს, მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოხსენებული ხელწერილი არ არის დამოწმებული სანოტარო წესით, შესაბამისად, ეს შეთანხმებაც ბათილია და ვერც მის საფუძველზე ვერ მოითხოვს მოსარჩელე პროცენტის გადახდას მოპასუხისგან.
23. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს ასევე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნას 19.06.2014 წლის ხელწერილის ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად მიჩნევის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
23.1. მხარე შეიძლება, აღიარებდეს რაიმე ფაქტის არსებობას, მაგრამ იმისათვის, რომ ასეთი აღიარება, სსკ-ის 341-ე მუხლით (1. იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; 2. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) განმტკიცებულ, ვალის არსებობის აღიარებად დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, საჭიროა, რომ ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა.
23.2. არაერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (შდრ. სუსგ ას-839-890-2011, 8.11.2011 წელი, ას-392-371-2013, 8.11.2013 წელი).
23.3. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმება პროცენტზე არ არის დამოუკიდებელი ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან - სესხის ხელშეკრულებისგან, პირიქით, მხარეები სწორედ სესხის დაბრუნების ვალდებულებიდან გამომდინარე შეთანხმდნენ მასზე. მოვალის მიერ იმ ფაქტის დადასტურება, რომ იგი თანხას იხდიდა, არ არის პროცენტის გადახდის თაობაზე ვალდებულების არსებობის აღიარება. ფაქტების მითითება, რომელიც, თავისი არსით, აღიარებას შეიძლება წარმოადგენდეს, ყოველთვის არ არის ვალის აღიარების ეკვივალენტი. შესაბამისად, შეიძლება მხარემ აღიაროს, მაგრამ არა ვალი, არამედ ფაქტი. ფაქტის აღიარებით ვალის არსებობა დადასტურებულად არ მიიჩნევა.
23.4. პალატა მიიჩნევს, რომ 2014 წლის 19 ივნისის შეთანხმება სსკ-ის 341-ე მუხლით განმტკიცებული ე.წ. ვალის აბსატრაქტული აღიარება კი არა, არამედ უკვე არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში დამატებითი შეთანხმებაა, რომლითაც მხარეებს სურდათ 22.04.2013 წლის სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალის დაბრუნების ვადა გაეგრძელებინათ სესხის თანხის სრულად დაბრუნებამდე, შესაბამისი პროცენტის გადახდის სანაცვლოდ. პალატა განმარტავს, რომ, როდესაც ვალის დაბრუნების ვადა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია, მსესხებლის ვალდებულებაა სწორედ გადახდის ვადის დადგომისას დააბრუნოს იგი. ამგვარი არსებითი პირობის შეცვლა, კერძოდ, ვალის დაბრუნების ვადის გაგრძელება შესაბამისი პროცენტის გადახდის სანაცვლოდ, მოითხოვს იმავე ფორმას, როგორი ფორმითაც ძირითადი ხელშეკრულებაა დადებული, მოცემულ შემთხვევაში, სანოტარო დადასტურებას (იხ. პ.19). 19.06.2014 წლის შეთანხმება, როგორც ზემოთ ითქვა, არ არის დადასტურებული ნოტარიუსის მიერ, ამიტომ ფარმადაუცველობის გამო ბათილია.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოვალის მიერ გადახდილი თანხა ჩაითვალოს ძირისა თუ პროცენტის თანხად, სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების საგანია. შესაბამისად, არც იმას აქვს მნიშვნელობა თანხის გადახდისას მოვალე მას როგორც ძირ თანხას თუ პროცენტს იხდიდა, ვინაიდან ფაქტობრივი შესრულება ფორმის ნაკლს მხოლოდ მაშინ ასწორებს, თუ ამის შესახებ კანონი პირდაპირ მიუთითებს ან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ეს საფრთხეს არ უქმნის სამართლებრივ სტაბილურობას ან მონაწილეებს (დაუშვებელია ამ გამონაკლისის განზოგადება და მისი გამოყენება ფორმის დაუცველი ყველა გარიგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფორმა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა, დაკარგავდა აზრს. ლ.ჭანტურია, „სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი“, 2011, გვ. 349). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელწერილში მითითება იმისა, რომ მოვალე თანხას, როგორც პროცენტს ისე იხდიდა, სსკ-ის 59.1 მუხლის იმპერატიული შინაარსიდან გამომდინარე, ფორმის დაუცველობის სამართლებრივ ხარვეზს ვერ ასწორებს. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ, 19.06.2014 წლის შეთანხმებით, იგი დასთანხმდა პროცენტის გადახდას სესხის სრულად დაბრუნებამდე, თუმცა გარიგების ფორმის დაუცველობა არის გარიგების ბათილობის გამომწვევი სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც სასამართლო ამოწმებს იმისდა მიუხედავად, უთითებენ თუ არა მასზე მხარეები. ამდენად, 2014 წლის 19 ივნისის შეთანხმება ბათილია და ის მოპასუხეს არც 2014 წლის 22 აპრილიდან და არც 19 ივნისიდან არ წარმოუშობს პროცენტის გადახდის ვალდებულებას.
25. ვინაიდან 2014 წლის 19 ივნისის შეთანხმება ბათილი გარიგებაა, ხოლო მოსარჩელემ სარგებელზე შეთანხმება სხვაგვარად ვერ დაამტკიცა, მისი მოთხოვნა ხუთი თვის პროცენტის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა. ამასთან, კასატორი მისთვის 11 500 აშშ დოლარის დაკისრებას მხოლოდ 1600 აშშ დოლარის ფარგლებში ასაჩივრებს. საკასაციო საჩივრის შინაარსიდან კი ირკვევა, რომ იგი დაკისრებული საპროცენტო სარგებლის, 1500 აშშ დოლარის, მხოლოდ ნაწილზე - 600 აშშ დოლარზე დავობს (რამდენადაც მიუთითებს, რომ მას პროცენტი ახალი შეთანხმებიდან სარჩელის აღძვრამდე (20.10.2014წ.) პერიოდზე უნდა დარიცხოდა და 22 აპრილიდან 19 ივნისამდე, ანუ ორი თვის, პროცენტი არასწორად აქვს დარიცხული). მიუხედავად იმისა, რომ პალატა 19.06.2014 წლის შეთანხმებას სამართლებრივად ბათილ გარიგებად მიიჩნევს, სასამართლო ვერ გასცდება კასატორის მოთხოვნის ფარგლებს (სსსკ-ის 409-ე მუხლი - საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ) და მოპასუხისათვის დაკისრებულ საპროცენტო სარგებელს მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში აუქმებს. შესაბამისად, მოპასუხეს, ნაცვლად 1500 აშშ დოლარისა, უნდა დაეკისროს 900 (1500-600=900) აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელის სასარგებლოდ.
26. საკასაციო პალატა იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მის მიერ გადახდილი 3600 აშშ დოლარის სესხის ძირი თანხისათვის გამოკლების თაობაზე, თუმცა საკასაციო პალატა ვერც ამ შემთხვევაში ვერ გასცდება კასატორის მოთხოვნის ფარგლებს (სესხის ძირს იგი ასაჩივრებს 1000 აშშ დოლარის ნაწილში), შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებულ 10 000 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს 1000 აშშ დოლარი და მოპასუხეს 9000 აშშ დოლარი უნდა დაეკისროს, მოსარჩელის სასარგებლოდ.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც ამ განჩინების გაუქმების (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი) საფუძველია. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. პალატა აუქმებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელს 9900 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში აკმაყოფილებს.
28. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
29. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 650 ლარი (სარჩელზე - 600 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი). ამასთან, მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა 6400 აშშ დოლარის ნაწილში ცნო. სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. შესაბამისად, 6400 აშშ დოლარის ნაწილში (რაც სასარჩელო მოთხოვნის 55.65%-ია) სახელმწიფო ბაჟი განახევრდა და, ნაცვლად 361.72 ლარისა (650-ის 55.65%), მოპასუხეს დაეკისრება 180.86 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 180.86 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
30. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. დარჩენილ ნაწილზე ბაჟი გადაიხდება სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის მიხედვით. სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შემდეგ, დავის საგანი 5100 აშშ დოლარი დარჩა, საიდანაც 1600 აშშ დოლარის (31.37%) დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი დარჩენილი ბაჟიდან - 288.28 (650-361.72) ლარიდან მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 197.85 ლარი.
მოპასუხემ სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო საჩივარზე - 150 ლარი გადაიხადა. ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ გასაჩივრებული ნაწილი სრულად დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 53.1 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა.
31. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ვინაიდან მოპასუხის საკასაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 55.2 მუხლის (თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა) საფუძველზე, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოსათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
32. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა მოპასუხისათვის მის მიერ წარმომადგენლისათვის გადახდილი თანხის - 400 ლარის დაკისრებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 200 ლარის გადახდა დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, რაც დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტზე ნაკლებია. ვინაიდან მოსარჩელეს აღნიშნული არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 200 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ჟ.ა–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 დეკემბრის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შ.თ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ჟ.ა–ძეს, შ.თ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს 9900 (ცხრა ათას ცხრაასი) აშშ დოლარის გადახდა;
6. ჟ.ა–ძეს, შ.თ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს 378.71 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
7. შ.თ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შ.ჯ–ძის მიერ 2014 წლის 20 ოქტომბერს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 600 ლარიდან - 180.86 ლარი;
8. შ.თ–ძეს, ჟ.ა–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს 150 ლარის გადახდა მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
9. შ.თ–ძეს დაეკისროს საკასაციო საჩივრისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
10. ჟ.ა–ძეს, შ.თ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს 200 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;
11. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი