№ას-965-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს ს.კ. „დ.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.ლ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.ლ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღრა შპს „დ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ მატერიალური ზიანის - 1050 ლარისა და მორალური ზიანის - 700 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 1750 ლარის გადახდა დაეკისრა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო:
4.1. პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს 1750 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. აპელანტმა გადაწყვეტილება სრულად გაასაჩივრა, შესაბამისად, დავის ფასი 1750 ლარია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობაზე - 2000 ლარზე ნაკლებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგ გარემოებაზე მითითებით:
5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, დაარღვია მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპიც, მოპასუხემ სწორედ ეს გარემოებები გაასაჩივრა და არა თანხის ოდენობა. შესაბამისად, არსებობს განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
8. გასაჩივრებული განჩინებით, კასატორის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
9. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა ზემოთხსენებული შემთხვევა უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც მას აქვს საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017). ამდენად, ბოლო პერიოდში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განაცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.
10. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათი და მატერიალური ზიანის ოდენობა ფასდება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივნის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვა.) და მხოლოდ აბსტრაქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და, თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივნის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).
11. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 1750 ლარის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო საჩივრით კი, ირკვევა, რომ მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულად ასაჩივრებს, შესაბამისად, სარჩელის ფასიც 1750 ლარია, რაც ვერ აკმაყოფილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს და იგი მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო სასამართლომ. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპიც დაარღვია, ეს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან საქმის არსებითი განხილვა იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ საჩივარი აკმაყოფილებს სსსკ-ის 365-ე მუხლის მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია (იხ. სუსგ 4.09.2018წ. საქმე №ას-978-2018, სუსგ 20.09.2018 საქმე №ას-718-718-20118, სუსგ Nას-117-117-2018, 02.04.2018 და Nას-614-614-2018, 31.08.2018).
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ს.კ. „დ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი