Facebook Twitter

№ას-1033-953-2017 30 იანვარი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – დ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა დ.ბ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელემ, აპელანტმა ან კასატორმა) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის (შემდეგში: მოპასუხის, ან მოწინააღმდეგე მხარის) წინააღმდეგ სახელფასო დავალიანების - 15 140 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოსარჩელის განმარტებით, იგი ქუთათელ-გაენათელი მეუფე კ–ეს 2004 წლის 30 აგვისტოს ბრძანებით შექმნილ რადიომაუწყებლობა „კვალი ნათლის“ რედაქტორად დაინიშნა. ქალაქ ქუთაისის მერიამ, მოსარჩელის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, 2007 წელს საბიუჯეტო თანხიდან დამატებით გამოყო რადიომაუწყებლობის თანამშრომელთა სახელფასო თანხა - 8000 ლარი. მეუფემ უარი განაცხადა ამ თანხის მოსარჩელისათვის გადაცემაზე და თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოსარჩელის მტკიცებით, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, გათავისუფლების ბრძანება დღემდე არ ჩაჰბარებია. ამასთან, 2007 წლის იანვრიდან რადიოს ყველა თანამაშრომელი გათავისუფლდა, თავად კი, მეუფის N217 ბრძანებით, კორესპონდენტად დარჩა. შესაბამისად, ყველა სამუშაოს შესრულება მოსარჩელეს მოუწია. ამდენად, მოსარჩელის მტკიცებით, მას რადიოსათვის გამოყოფილი 8000 ლარი, როგორც რადიოს ერთადერთ თანამშრომელს, სრულად უნდა გადეცეს. ვინაიდან არ არსებობს მისი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება, შემდგომი სახელფასო დავალიანებაც (კორესპონდენტის ხელფასი) უნდა აუნაზღაურდეს, 2007 წლის ნოემბრიდან სარჩელის აღძვრამდე (102 თვე), თვეში 70 ლარის ოდენობით, სულ - 7140 ლარი.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ხელფასი არა 70, არამედ 50 ლარი ჰქონდა. ამასთან, მას გათავისუფლების N217 ბრძანება ჩაბარებული რომ არ ჰქონოდა, ცხადია, სასამართლოში ვერ წარმოადგენდა, ხოლო, თუ ის ამ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა, ამის საფუძველზე თანხის დაკისრების მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ 2007 წლის ოქტომბრის ჩათვლით დანიშვნის ბრძანებით განსაზღვრული ხელფასი მიიღო. ამასთან, მან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეიტყო 2007 წლის ნოემბერში ზეპირსიტყვიერად, კერძოდ, მან 2011 წლის 16 ნოემბერს განცხადებით მიმართა მიტროპოლიტ მეუფეს, სადაც მიუთითა, რომ 2007 წლის ნოემბერში ეპარქიაში სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განუცხადეს.

4.2. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ მოსარჩელის თხოვნის საფუძველზე რადიოსათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8000 ლარი გამოიყო. არც ის დასტურდებოდა, რომ დაფინანსების შემთხვევაში, თანხა მოსარჩელეს ხელფასის სახით უნდა გადასცემოდა, რადგან არ იყო წარდგენილი მტკიცებულებები მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე.

4.3. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა 2007 წლის ნოემბრიდან სარჩელის აღძვრამდე 70 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია 2007 წლის ნოემბრიდან დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა. ამასთან, დადასტურებული იყო, რომ მან ამ თარიღიდანვე იცოდა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

4.4. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულადაც მიიჩნია, რამდენადაც კანონით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - 3 წელი მოსარჩელის მიერ უფლების დარღვევის შესახებ შეტყობიდან, 2007 წლის ნოემბრიდან, გასული იყო.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, თითქოს, მისთვის 2007 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ის მუშაობდა ნოემბრის ბოლომდე და, ხელფასის მისაღებად ბუღალტერიაში გამოცხადებისას, ბუღალტრისგან გაიგო, რომ მეუფე მასზე განაწყენებული იყო კრიტიკული წერილის გამო, რის გამოც ხელფასიც არ გამოუწერეს. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ ის ნოემბრის ჩათვლით ასრულებდა თავის მოვალეობას, თუმცა ნოემბრის ხელფასი მასზე არ გაიცა.

5.2. ცალსახად დასტურდება ისიც, რომ ქ.ქუთაისის მერიამ საბიუჯეტო დაფინანსებაზე დამატებით 8000 ლარი მხოლოდ მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნის საფუძველზე გამოყო, ყველა სამუშაო რადიომაუწყებლობაში 2007 წლის იანვრიდან დეკემბრამდე მარტო მოსარჩელემ შეასრულა, შესაბამისად, რადიომაუწყებლობისათვს გამოყოფილი თანხა მთელი წლის განმავლობაში მოსარჩელეს ეტაპობრივად უნდა მიეღო.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

6.1. სააპელაციო პალატის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული სააპელაციო საჩივარი, ხოლო ამავე სასამართლოს 2017 წლის 14 აპრილის განჩინებით დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2017 წლის 5 მაისს, 14:30 საათზე. მხარებს ეცნობათ სხდომის დღე და ადგილი. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი, თუმცა მან დატოვა სასამართლოს სხდომის დარბაზი. დარბაზის დატოვებამდე სააპელაციო სასამართლომ განუმარტა მხარეს აღნიშნული ქმედების მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგი, რომ პროცესში მონაწილეობის მიუღებლობისას შესაძლოა, მიღებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6.2. სააპელაციო სასამართლომ აპელანტი, სსსკ-ის 232-ე მუხლის შესაბამისად, გამოუცხადებელ მხარედ მიიჩნია, დაადგინა რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

7. ზემოხსენებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება. საჩივრის მიხედვით, მოსარჩელემ მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისთანავე მიმართა სასამართლოს სახაზინო ადვოკატის დანიშვნის თხოვნით. მოსამართლის თანაშემწემ მოსარჩელეს განუმარტა, რომ მისი შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა. მოსარჩელე იმ იმედით გამოცხადდა სხდომაზე, რომ მისი შუამდგომლობა დაკმაყოფილდებოდა და ორი ადვოკატით წარმოდგენილ მოწინააღმდეგე მხარეს თავადაც კვალიფიციური იურისტის მეშვეობით დაუპირისპირდებოდა. მისი მოლოდინი არ გამართლდა, შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატის დანიშვნის თაობაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა, მას არც საკუთარი ხარჯით ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა არ მიეცა, რითაც დაირღვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის გნმარტებით, უკანონოა სააპელაციო სასამართლოს განჩინება მისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ის, როგორც სოციალურად დაუცველი პირი, საჭიროებდა სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნას, რომელიც სათანადო წესით გასწევდა სხდომაზე მის წარმომადგენლობას. საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სასამართლოს სხდომა, ვინაიდან მას, პროფესიით ჟურნალისტს, არ შეეძლო კვალიფიციური სამართლებრივი წინააღმდეგობა გაეწია მოპასუხისათვის, რომელიც პროფესიონალი ადვოკატებით იყო წარმოდგენილი.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა აპელანტის საჩივარი და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

8.1. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება, მისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, უკანონო იყო. პალატამ მიუთითა, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ მოცემული სამოქალაქო საქმე არ გამომდინარეობდა არცერთი იმ სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელზეც კანონით უზრუნველყოფილია იურიდიული დახმარება. ამასთან, პალატის მოსაზრებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, საქმე სირთულით არ გამოირჩეოდა, რის გამოც აპელანტის მოთხოვნა, სახაზინო წესით ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით, კანონშესაბამისად არ დაკმაყოფილდა.

8.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებდა და ვერ ადასტურებდა გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 372-ე, 232-ე, 229-ე, 387.1, 241-ე მუხლებით და საჩივარი არ დააკმაყოფილა.

9. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების, საქმის არსებითად განხილვის მოთხოვნით. კასატორი უთითებს როგორც საჩივარში აღნიშნულ გარემოებებზე (იხ. პ.7), ასევე დამატებით განმარტავს შემდეგს:

9.1. საქმეში მხარე იყო მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც წარმოადგენდა ადვოკატი. მიუხედავად იმისა, რომ მეუფეს მხარის სტატუსი არ გააჩნდა, იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში ესწრებოდა სხდომას და აქტიურად მონაწილეობდა პროცესის მიმდინარეობაში, სასამართლომ ვერ უზრუნველყო დარბაზში წესრიგის დაცვა. სააპელაციო სასამართლოში სწორედ ეს გახდა აპელანტის პროტესტის საფუძველი, რომ იმავე ვითარებაში პროცესის წარმართვა შეუძლებელი იყო, ამიტომ აპელანტმა ითხოვა სხდომის დახურვა ან სხვა რაიმე ფორმით მეუფის ზეწოლისაგან გათავისუფლება და, როგორც პროცესის არამონაწილე პირის რამენაირად შეზღუდვა. ამის მიუხედავად, ზუსტად იგივე სიტუაცია შეიქმნა სააპელაციო სასამართლოში. მეუფე და სამღვდელო პირები შეურაცხყოფდნენ აპელანტს, რის გამოც მოსარჩელემ სასამართლოს მოახსენა, რომ, ვინაიდან სასამართლო ვერ უზრუნველყოფდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვას, აზრი არ ჰქონდა მხარის პროცესზე დარჩენას.

9.2. აპელანტს ეკონომიკურად უჭირს, დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში, რის გამოც, როგორც წერილობით, ისე ზეპირად ოქმში დაფიქსირებით მოითხოვა სახაზინო ადვოკატის დანიშვნა, რაზეც უარი იმ მიზეზით მიიღო, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მისი ქულები არ იყო საკმარისი სახაზინო ადვოკატის დასანიშნად. ამის გამო, აპელანტს, რომელსაც არ ჰქონდა იურიდიული განათლება, მოპასუხის ადვოკატებთან პირისპირ აღმოჩნდა. ამასთან, სასამართლომ თავის განჩინებაში საერთოდ არ იმსჯელა იმაზე, რომ აპელანტმა პროცესი საფუძვლიანი და სამართლიანი პროტესტის საფუძველზე დატოვა.

9.3. მოწინააღმდეგე მხარეს რამდენიმე ადვოკატი წარმოადგენდა, მათგან ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა და აპელანტს საუბრის საშუალებას არ აძლევდა, სააპელაციო სასამართლომ ისე დაუშვა საჩივრის განხილვაზე, რომ არც ჰქონდა პროცესში მონაწილეობის უფლება, რაც მინდობილობიდანაც ჩანს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა დატოვა სასამართლო სხდომა, სასამართლოს მიერ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ განმარტების მიუხედავად. კასატორის მოსაზრებით, მის წინააღმდეგ არ უნდა გამოსულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლომ იგი დატოვა კვალიფიციური იურიდიული დახმარების გარეშე ისეთ მოწინააღმდეგესთან, რომელსაც რამდენიმე ადვოკატი იცავდა, შესაბამისად, იგი იძულებული გახდა, უარი ეთქვა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

12. კასატორის ზემოხსენებული პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: აპელანტმა 2017 წლის 10 აპრილს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და იურიდიული დახმარებისათვის, სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა; 2017 წლის 5 მაისამდე (სასამართლო სხდომის დღემდე) სასამართლოს შუამდგომლობა არ განუხილავს და შესაბამისი განჩინება არ გამოუტანია; 2017 წლის 5 მაისის სხდომაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნის თაობაზე, ასევე უარი უთხრა მას საქმის განხილვის იმ საფუძვლით გადადებაზე, რომ აპელანტს მისცემოდა შესაძლებლობა, თავისი ხარჯით დაექირავებინა ადვოკატი.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობებისა და განცხადებების წარდგენისა და განხილვის წესს სსსკ-ის 215-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოში წერილობითი ფორმით წარდგენილი შუამდგომლობა სასამართლოს შეუძლია, განიხილოს როგორც სასამართლო სხდომამდე და გამოიტანოს განჩინება, ისე - სასამართლო სხდომაზევე გამოიტანოს განჩინება, რომელიც აისახება სხდომის ოქმში.

14. მართალია, საპროცესო კანონმდებლობა არ ავალდებულებს სასამართლოს შუამდგომლობის სხდომამდე განხილვას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობის სხდომამდე განხილვის მიზანშეწონილობა მისი შინაარსიდან გამომდინარეობდა. აპელანტი იურიდიული დახმარებისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნას განცხადებით ითხოვდა, რაც, პირველ რიგში, სწორედ ამ პროცესზე წარმომადგენლობას გულისხმობდა (და არა, მაგ. საპროცესო დოკუმენტების მომზადებას, რამდენადაც სააპელაციო საჩივარი უკვე წარდგენილი ჰქონდა). შესაბამისად, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნას გარკვეული პროცედურა და დრო დასჭირდებოდა, ამასთან, ამ უკანასკნელს სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა უნდა ჰქონოდა. შუამდგომლობის უარყოფის შემთხვევაში კი, აპელანტს გონივრული ვადა უნდა ჰქონოდა, თავად უზრუნველეყო წარმომადგენლის მოძიება იურიდიული დახმარებისათვის, რათა ის სასამართლო პროცესზე ფაქტის წინაშე არ აღმოჩენილიყო და სათანადო იურიდიული დახმარების გარეშე არ დარჩენილიყო (რაც ასეც მოხდა). შესაბამისად, პალატას სწორედ სასამართლო სხდომამდე უნდა განეხილა აპელანტისათვის საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის საკითხი, მით უფრო, რომ შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინა სხდომამდე, თითქმის, ერთი თვით ადრე.

15. საკასაციო პალატის მოსაზრებით, თუ სააპელაციო სასამართლომ, გადატვირთულობის ან რაიმე სხვა ობიექტური გარემოების გამო, ვერ შეძლო სასამართლო სხდომამდე აპელანტის შუამდგომლობის განხილვა, მაშინ მას საქმის განხილვა უნდა გადაედო იმ ვარაუდით, რომ აპელანტს ადვოკატის აყვანის დრო ჰქონოდა და არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო მეორე მხარესთან შედარებით. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს მოსარჩელის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებიდან. ასეთ ვითარებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით შეილახა მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება. მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფრო ფართო ცნების ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც მას არ აყენებს არსებითად არამომგებიან პოზიციაში ოპონენტთან შედარებით (Nideröst-Huber v. Switzerland; Kress v. France; Gorraiz Lizarraga and Others v. Spain). ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ თავიანთი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ სწრაფ და ეფექტურ საქმისწარმოებას, გადაწყვეტილებების დაუსწრებლად გამოტანის შესაძლებლობის ჩათვლით (Aždajić v. Slovenia), თუმცა, არა - სხვა სამართლებრივი გარანტიების, განსაკუთრებით მხარის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების საზიანოდ.

16. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ აპელანტი სამართლებრივი დახმარების გარეშე აღმოჩნდა მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე ადვოკატით იყო წარმოდგენილი. უდავოა, სამართლებრივი დახმარების გაწევა უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით კანონის შესაბამისად, თუმცა, რადგან პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, იმისათვის რომ პროცედურული სამართლიანობა და შესაძლებლობათა თანასწორობა უზრუნველეყო, საქმის განხილვა სხვა დროისათვის უნდა გადაედო.

17. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც ერთი მხარე მოხალისე ადვოკატებით წარმოდგენილი ფიზიკური პირი, ხოლო მეორე მხარე გამოცდილი ადვოკატებით წარმოდგენილი საერთაშორისო მასშტაბის კომპანია იყო, მხარეთა თანასწორობის კუთხით აღნიშნა, რომ სამართლებრივი დახმარების დონეებს შორის არსებული უთანასწორობა, ისეთი ხარისხის იყო, რომ უთუოდ წარმოშობდა უსამართლობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერც მოხალისე ადვოკატების არარეგულარული დახმარება და ვერც მოსამართლეთა მხრიდან მოსარჩელეთათვის, როგორც მოდავე მხარისათვის გაწეული ფართო ხელშეწყობა და შეღავათები, ვერ ჩაანაცვლებდა საქმეში კარგად გარკვეული და სამართლის მცოდნე გამოცდილი ადვოკატების კომპეტენტურ და განუწყვეტელ წარმომადგენლობას. საქმეთა სამართლიანი სასამართლო განხილვის კონცეფციისათვის ცენტრალური საკითხია ის, რომ მოდავე მხარეს გააჩნდეს სრული შესაძლებლობა, ეფაქტურად წარმოადგინოს თავისი საქმე სასამართლოს წინაშე და სარგებლობდეს მეორე მხარესთან მიმართებით თანაბარი შესაძლებლობებით (Steel and Morris v. the United Kingdom).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება მოსარჩელესთან მიმართებით არაპროპორციულად შეიზღუდა. ამის თავიდან ასაცილებლად სასამართლოს სხდომა სხვა დროისათვის უნდა გადაედო, შესაბამისად, იმავე სხდომაზე მოსარჩელის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო.

19. სსსკ-ის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

20. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს. ამასთან, სსსკ-ის 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ეს ჩამონათვალი არაა ამომწურავი, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება, გაუქმდეს სხვა შემთხვევებშიც. მაგალითად, თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი, როდესაც სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. ასეთი დასკვნა გამომდინარეობს სსსკ-ის 230-ე მუხლის შინაარსიდან, თუმცა ამის თაობაზე პირდაპირ არაა მითითებული სსსკ-ის 233-ე მუხლის ჩამონათვალში. იგივე უნდა ითქვას სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შემთხვევაზეც, ცხადია, დაუსწრებელი გადწყვეტილების ინსტიტუტის თავისებურებათა გათვალისწინებით. ზოგადად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ მიიჩნევა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა სამართლიანი პროცედურების დაცვით უნდა განხორციელდეს.

21. სასამართლოს ვალდებულება, შეჯიბრებითობის საფუძველზე განახორციელოს საქმისწარმოება, რათა უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ შეილახოს რომელიმე მხარის უფლება, გულისხმობს თითოეული მხარის უფლებისა და ინტერესისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებასაც. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულება დაირღვა იმით, რომ პალატამ სასამართლო სხდომამდე არ განიხილა აპელანტის შუამდგომლობა, რის შედეგადაც მხარეს დროულად არ ეცნობა ფაქტი, რომ მას სამართლებრივი დახმარების გარეშე მოუწევდა პროცესზე საკუთარი სამართლებრივი პოზიციის დაცვა. ამასთან, არ გადადო სასამართლო პროცესი მაშინ, როდესაც აპელანტი ამის თაობაზე შუამდგომლობდა და არსებითად უთანასწორო პირობებში აღმოჩნდა მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით. ამდენად, სასამართლომ მხარეთა თანასწორობის დაცვა ვერ უზრუნველყო. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით, მისი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება არასამართლიანად და დაუსაბუთებლად შეიზღუდა. მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) მუხლსაც.

22. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, არსებითად იმსჯელოს საქმის გარემოებების თაობაზე, ვიდრე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ასეთი გარემოებები კი, მოცემულ საქმეზე დადგენილი არაა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს საქმე არსებითად არ განუხილავს.

23. კასატორის 30.10.2017 წლის განცხადებას ერთვოდა მტკიცებულებები - ჟურნალისტური გამოძიების მასალა. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს ამოწმებს. კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში 30.10.2017 წლის განცხადებაზე დართული ჟურნალისტური გამოძიების მასალა (ს.ფ. 497-500).

24. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. კასატორ დ.ბ–ძეს დაუბრუნდეს 30.10.2017 წლის განცხადებაზე დართული ჟურნალისტური გამოძიების მასალა (ს.ფ. 497-500);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი