Facebook Twitter

№ას-1188-1108-2017 29 დეკემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – დ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.ბ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული ) ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კა–ეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) 2004 წლის 30 აგვისტოს №161 ბრძანებით, დაინიშნა ეპარქიასთან არსებული რადიომაუწყებლობის - ,,კვალი ნათელის’’ პასუხისმგებელ რედაქტორად, ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 50 ლარით განისაზღვრა. მოსარჩელე 2006 წლის ბოლომდე რადიოგადაცემებს გადასცემდა საქართველოს საპატრიარქოს რადიო ,,ივერიის“ სიხშირეზე - ეფემ 105.9 (იხ. ბრძანება ს.ფ. 15. ტ.1);

2. მოპასუხის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანებით, გაუქმდა 2004 წლის 30 აგვისტოს №161 ბრძანება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა ,,იურიდიულად გაფორმებული კანონთან შესაბამისი რადიომაუწყებლობის სადგური და იგი დაინიშნა გელათის სასულიერო აკადემიის რადიოკორესპონდენტად, ხელფასის შენარჩუნებით (იხ. ბრძანება #217, ს.ფ. 27. ტ.1).

3. 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით მოსარჩელე ამზადებდა რადიოგადაცემებს, რომელიც გადაიცემოდა საპატრიარქოს რადიო ,,ივერიის’’ ეთერით.

4. მოპასუხის 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანებით, შეიქმნა კომისია გაზეთ „კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნებული, მოსარჩელის ინტერვიუში მითითებული ფაქტების შესწავლის მიზნით და გამოცემულ იქნა აქტი (იხ. ს.ფ. 34-36. ტ.1.).

5. მოპასუხის 2007 წლის 3 ნოემბრის №243 ბრძანების (შემდეგში - სადავო ბრძანება) საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შრომითი ხელშეკრულების მოშლა რადიო „კვალი ნათელის“ გაუქმებამ, მოსარჩელის მიერ ლიცენზიის წარუდგენლობამ და გაზეთ „კვირის ქრონიკაში“ მოპასუხის მიმართ გამოქვეყნებულმა ცილისმწამებლურმა სტატიამ განაპირობა (იხ. ბრძანება ს.ფ. 37-38. ტ.1.).

6. 2007 წლის 3 ნოემბრის №243 ბრძანება მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2016 წლის 21 ნოემბერს. მას 2007 წლის ოქტომბრის ჩათვლით აქვს შრომის ანაზღაურება (ხელფასი) მიღებული.

7. 2016 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, ვინაიდან 2006 წელს მოქმედი შრომის კოდექსი არ ითვალისწინებდა სადავო ბრძანებაში მითითებული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლებას. ლიცენზიის არსებობის საჭიროებაც მას შემდეგ წარმოიშვა, რაც თანხების არამიზნობრივად ხარჯვის გამო იგი აკრიტიკებდა სასულიერო პირებსა და თავად მოპასუხეს. სადავო ბრძანება ჩაჰბარდა 2016 წლის 21 ნოემბერს.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი და განმარტა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა შესაბამისი კომისიის აქტის საფუძველზე, ჟურნალისტისათვის შეუფერებელი საქციელის გამო, რითაც დაირღვა ეთიკის ნორმები. ამჟამად, რადიომაუწყებელი აღარ არსებობს, შესაბამისად, ვერც სამსახურში აღადგენენ. სადავო ბრძანების გამოცემიდან გასულია 10 წელი, შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია. საქალაქო სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე მოპასუხემ მოსარჩელესთან ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად ჟურნალისტისათვის შეუფერებელი საქციელი (ეთიკის ნორმების დარღვევა) მიუთითა.

9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლები, საქართველოს შრომის კოდექსის (2006 წლის 25 მაისის რედაქციით), შემდეგში, სშკ-ის, 1-ლი, მე-2, 37-ე, 38-ე, მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 115-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე და 144-ე მუხლები გამოიყენა.

9.1. საქალაქო სასამარლომ დაადგინა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას დაცული არ ყოფილა კანონით განსაზღვრული მოთხოვნა, რაც ადასტურებდა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა (მოშლა) არასწორია, ხოლო სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება - ბათილი.

9.2. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა და მოსარჩელე 2004-2007 წლებში შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე იმთავითვე, 2007 წლის ნოემბრიდან იცოდა, როდესაც დაკისრებული სამუშაო აღარ შეუსრულებია და შრომითი ანაზღაურება აღარ მიუღია. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა ყოფილიყო დრო, როდესაც მოსარჩელემ გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე, შესაბამისად, ხანდაზმულობის 3 - წლიანი ვადა 2010 წლის ნოემბერს დასრულდა.

9.3. სასამართლომ მიუთითა, რომ, არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული არცერთი შემთხვევა, რომელიც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევდა, მოსარჩელეს კი, დადგენილ ვადაში არ ჰქონდა აღძრული სარჩელი სასამართლოში, მან მხოლოდ 2016 წლის 19 დეკემბერს მიმართა სასამართლოს თავისი უფლების დასაცავად, ანუ სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმებით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მიუხედავად საფუძვლიანობისა, მოსარჩელის მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე ხანდაზმული იყო, რის გამოც სარჩელი უარყოფილ უნდა ყოფილიყო.

9.4. სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, ხანდაზმული იყო, მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნა, სამსახურში აღდგენა ხელფასის დანიშვნით, უშუალოდ იყო დაკავშირებული პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან, შესაბამისად, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ, თითქოს, მეუფე კ-ეს 2007 წლის 2 ნოემბრის ბრძანებით, შეიქმნა კომისია გაზეთ ,,კვირის ქრონიკაში" აპელანტის მიერ მიცემული ინტერვიუს ფაქტების შესწავლის მიზნით და მიღებულ იქნა აქტი, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, მისი ინტერვიუ გამოქვეყნდა 2007 წლის 4 ნოემბრის გაზეთ ,,კვირის ქრონიკაში’’ და გაზეთის გამოსვლამდე ორი დღით ადრე, 2 ნოემბერს, როგორ იქნებოდა ცნობილი, თუ რა სტატია დაიბეჭდებოდა, გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია 3 ნოემბერს, გაზეთის გამოსვლამდე წინა დღით, შესაბამისად, საგაზეთო ,,ცილისწამებიდან გამომდინარე’’ სტატია, გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდებოდა, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ კომისიის შექმნისა და სამსახურიდან მისი გათავისუფლების ბრძანებაც ყალბია და შედგენილია 2016 წელს, სარჩელის შეტანის შემდეგ.

10.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ გათავისუფლების ბრძანება მას 2016 წლის 21 ნოემბერს ჩაჰბარდა, თუმცა უარის თქმის საფუძვლად უკანონოდ გამოიყენა ხანდაზმულობა. მისი მტკიცებით, არ არსებობდა მისი გათავისუფლების წერილობითი ბრძანება და გარკვეული დროის განმავლობაში, გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელფასის გამოუწერლობის ფაქტები, ადრეც შეხვედრია პრაქტიკაში.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და განმარტა, რომ სადავო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეულ უნდა იქნეს დრო, როდესაც მოსარჩელემ გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე, შესაბამისად, სასამართლომ სწორად განსაზღვრა ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტად 2007 წლის ნოემბერი, რა დროიდანაც მოსარჩელეს არ შეუსრულებია დაკისრებული სამუშაო და არ მიუღია შრომითი ანაზღაურება, ხელფასი. კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 - წლიანი ვადა კი, 2010 წლის ნოემბერს დასრულდა.

12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმყოფილების მოთხოვნით.

12.1. კასატორის მტკიცებით, მართალია, საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას დაცული არ ყოფილა კანონით განსაზღვრული მოთხოვნები, რაც ადასტურებდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის უმართებულობასა და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობას, მაგრამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უკანონოდ გამოიყენა ხანდაზმულობა. გათავისუფლების ბრძანება ჩაჰბარდა სხდომის მიმდინარეობისას, მანამდე მისი არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა და იგი ბუნებაშიც არ არსებობდა, სადავო ბრძანება, სარჩელის წარდგენის შემდეგ, ძველი თარიღით გამოიცა. ორივე ინსტანციის სასამართლოში მის მიერ დადასტურებულ იქნა, რომ 2007 წლის ნოემბერში, ეპარქიის კანცელარიიდან გახდა ცნობილი მისთვის გათავისუფლების თაობაზე, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის მოთხოვნისა, ბრძანება არ ჩაჰბარებია.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და განმარტავს, რომ, სსკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, სახელშეკრულებო მოთხოვნა დაექვემდებარა ხანდაზმულობას, და, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადად განისაზღვრა 3 წელი. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სსკ-ის 130-ე მუხლი (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ) ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ბრალეულ არცოდნასაც ითვალისწინებს - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.

18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის (უფლებრივი რესტიტუცია) მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) მუხლიდან გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილი და შესაბამისად მოთხოვნა წარმოშობილი იყო, მაგრამ არსებობდა მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, სარჩელი ხანდაზმულია. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ: უფლების ფაქტობრივად დარღვევის შესახებ დასაქმებულმა როგორც თავად უთითებს, შეიტყო 2007 წლის ნოემბრის ბოლოს, როდესაც მივიდა ხელფასის ასაღებად, რა დროსაც ეპარქიის კანცელარიაში ეცნობა სამსახურიდან გათავისუფლებისა და მისთვის ხელფასის გამოუწერლობის თაობაზე; ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2007 წლის ნოემბერი, როდესაც მოსარჩელემ უკვე იცოდა, რომ გათავისუფლებული იყო სამუშაოდან, ასევე აღარ იღებდა ხელფასს; დადგენილია ასევე, რომ სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2016 წლის 19 დეკემბერს, ანუ მოთხოვნის წარმოშობიდან ცხრა წლის შემდეგ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უფლების დარღვევის ფაქტის შეტყობიდან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2010 წლის ნოემბერში.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რის წინააღმდეგაც, როგორც უკვე ითქვა, დასაბუთებული შედავება კასატორს არ შემოუთავაზებია.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: #ას-359-335-2017, 02.06.2017წ; #ას-747-715-2016წ, 20.01.2017წ).

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა განცხადებაზე დართული მტკიცებულებების მიღებისა და გამოთხოვის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს და ამასთან, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში 2017 წლის 14 ნოემბერს წარმოდგენილ განცხადებაზე დართული მასალები.

24. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. კასატორ დ.ბ–ძეს დაუბრუნდეს 14.11.2017 წლის განცხადებაზე დართული მასალები: 1. საგაზეთო სტატიის ასლი (ტ.2, ს.ფ. 310-313); ქუთაისის რაიონული პროკურატურისათვის გაგზავნილი დ.ბ–ძის განცხადებათა ასლები, ქუთაისის რაიონული პროკურატურისა და საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს წერილების ასლები (ტ.2, ს.ფ. 314-320); ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ გადაცემა „პოსტკრიპტუმის“ ვიდეოჩანაწერის ასლი (ტ.2, ს.ფ. 321);

4. კასატორ დ.ბ–ძეს (პ/ნ 77777 ) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #14479584, გადახდის თარიღი 23.10.2017) 70% – 210.00 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი