Facebook Twitter

9 იანვარი, 2019 წელი,

№ას-1830-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შპს "A.", ხ.მ., ნ.ი., ს.ი., მ.ი. და ზ.გ. (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს "თ.ბ." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით “თ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი შპს “A.-ს“, ხ.მ–ის, ნ.ი–ის, ს.ი–ის, მ.ი–ის და ზ.გ–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულნი, როგორც მოპასუხეები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ თანხის დაკისრებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1.1. მოპასუხეებს - შპს “A.-ს“, ხ.მ–ს, ნ.ი–ს, ს.ი–ს და ზ.გ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ 22 824,45 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ;

1.2. მოპასუხეებს - შპს “A.-ს“, ხ.მ–ს, ნ.ი–ს, ს.ი–ს და ზ.გ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად 3 223,9 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრათ;

1.3. თავდებების - ხ.მ–ის, ნ.ი–ის, ს.ი–ის და ზ.გ–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა თითოეულისათვის 24 990 აშშ დოლარი;

1.4. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდა მოპასუხე, მ.ი–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, რომელიც მდებარეობს მ–ში, ლ–ზე, სოფელ მ–ში, 1160 კვ/მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული ნაგებობის ს/კ ..... და მოპასუხე ნ.ი–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, რომელიც მდებარეობს, რუსთავში, ....., ს/კ ....., იძულებითი რეალიზაცია, ხოლო თუ ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განხორციელდება თავდებების ქონების რეალიზაცია.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

4. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები სააპელაციო საჩივარში უთითებდნენ სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ, ვინაიდან მისი გადახდის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ, სასამართლომ კი აღნიშნული არ გაითვალისწინა და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორებს დაევალათ 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის (25 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

6. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორების ნაწილის წარმომადგენელს 2018 წლის 13 დეკემბერს, ხოლო ერთ-ერთ კერძო საჩივრის ავტორს ამავე წლის 14 დეკემბერს ჩაჰბარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორების ნაწილის წარმომადგენელს 2018 წლის 13 დეკემბერს, ხოლო კერძო საჩივრის ერთ-ერთ ავტორს ამავე წლის 14 დეკემბერს ჩაჰბარდა. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა კერძო საჩივრის ავტორების ნაწილისთვის დაიწყო 2018 წლის 14 დეკემბერს, დანარჩენისთვის 15 დეკემბერს და დასრულდა ამავე წლის 17 დეკემბერს, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “A.-ს“, ხ.მ–ის, ნ.ი–ის, ს.ი–ის, მ.ი–ის და ზ.გ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა