საქმე №ას-1248-2018 22 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. ც-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს-ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ თ. მ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ–ისა და ზ. ც-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, მფლობელები, ზ.ც-ე ასევე წოდებული, როგორც კასატორი) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, ი.გ–ის ქ#46ბ-ში მდებარე კორპუსის პირველი სადარბაზოს მე-3 სართულზე არსებული 64,53 კვ.მ ფართისა და 154,11 კვ.მ #8 ბინის (ს/კ #01....--; #01....-- შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 7 აგვისტოსა და 2014 წლის 9 სექტემბერს გამართულ ელექტრონულ აუქციონზე მოსარჩელემ შეიძინა სადავო უძრავი ქონებები, ის ნივთის ერთადერთი მესაკუთრეა, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ქონების გასხვისების მიუხედავად, მოპასუხეები აგრძელებენ ქონების უკანონოდ ფლობას, რითაც ხელი ეშლება მესაკუთრეს უფლებების განხორციელებაში.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მარტივი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, თუმცა, სარჩელში მითითებული გარემოებების წინააღმდეგ შედავება არ წარმოუდგენიათ, განმარტეს მხოლოდ ის, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული შეთანხმება, რომელიც გამორიცხავდა მოსარჩელის მიერ მსგავსი სარჩელის აღძვრას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა, მოითხოვეს მისი, ასევე, სასამართლო სხდომის გადადებაზე უარის თქმის შესახებ12.10.2017წ. საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ც-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, #01...-- (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება #A15070756-014/001, დამოწმების თარიღი: 13/01/2016. აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო; განკარგულების დანართი #A15070756-014/002, დამოწმების თარიღი: 13/01/2016, აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო) და #01....-- უძრავი ქონება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება #A14035210-011/002, დამოწმების თარიღი: 21/08/2014. აღსრულების ეროვნული ბიურო, თბილისის სააღსრულებო ბიურო) რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად;
1.2.2. სადავო უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები;
1.2.3. მოპასუხეებს არ აქვთ სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი;
1.2.4. 2017 წლის 2 ივნისს მოპასუხეებმა მიმართეს სასამართლოს და იმ საფუძვლით, რომ დაზუსტებულ სარჩელზე შესაგებლის მოსამზადებლად და წარმომადგენლის დასაქირავებლად ესაჭიროებოდათ დამატებითი დრო, იშუამდგომლეს შესაგებლის წარსადგენად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით, მოპასუხეებს, განჩინების ასლის ჩაბარებიდან სამი დღით გაუგრძელდათ ვადა შესაგებლის წარსადგენად. მოპასუხეებმა შესაგებელი დაზუსტებულ სარჩელზე სასამართლოში წარადგინეს 2017 წლის 11 ივლისს. თავდაპირველ სარჩელზე მოპასუხეთა მიერ შესაგებელი წარდგენილი იყო ჯერ კიდევ 2016 წლის 11 ნოემბერს, რომელშიც მფლობელები მიუთითებდნენ, რომ აპირებდნენ შეგებებული სარჩელის აღძვრას, თუმცა, ასეთი მოპასუხეთა მიერ წარდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება საქმის მასალებს, მათ იცნობდა მოპასუხე, სარჩელს თან ერთვოდა საჯარო რეესტრის ამონაწერი და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა სხდომაზე და მითითებული დოკუმენტების გასაცნობად საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობა იყო უსაფუძვლო.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი (საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.5, 219.1, 380.2 და 407.1 მუხლების საფუძველზე, შეფასების გარეშე ტოვებს კასატორის პრეტენზიებს, რომელიც შეეხება მოსარჩელესთან ფულადი ურთიერთობის ფარგლებში დაბა წყნეთში მდებარე ქონების გადაცემას, ხოლო განსახილველი სარჩელის საგანზე დადებული იპოთეკის ხელშეკრულების მოჩვენებითობას (სკ-ის 55.1 მუხლი) ან მოტყუებით დადებას (სკ-ის 81-ე და შემდგომი ნორმები), რადგანაც მას შესაგებელში ამის თაობაზე დადგენილი წესით არ მიუთითებია და ეს ფაქტები არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან დადგენილა. რაც შეეხება სხდომის გადადებაზე უარის თქმის კანონიერებას, ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.4. პუნქტში მითითებული გარემოებები უდავოდ მოწმობს იმას, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე და არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216.1 მუხლით განსაზღვრული საქმის განხილვის გადადების წინაპირობა) და ვერ დაადასტურა მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტი კი, კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნივთის ვინდიცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) კასატორს უნდა დაუბრუნდეს დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ზ. ც-ეს (პ/#0--...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 11.10.2018წ. #6546 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური