საქმე №ას-1543-2018 21 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჯ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ. ჯ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს (პ/ნ: 3-..) არასრულწლოვანი შვილის მ. მ–ის (დაბადების თარიღი: 2016 წლის 21 ივნისი) სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის გადახდა. დადგინდა მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილის მ. მ-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 16 თებერვლიდან, შვილის - მ. მ–ის სრულწლოვანებამდე.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ მისთვის არასრულწლოვანი შვილის მ. მ–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით 150 ლარის დაკისრების ნაწილში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ დავის საგნის ფასი მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 1 800 (150 ლარი X 12 თვეზე) ლარს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
8. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
8.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, რადგან აღნიშნული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ალიმენტთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის 7 მარტს შეტანილ ცვლილებებს გააჩნდა გარკვეული მიზანი, რომელიც იმგვარად არ უნდა იქნეს განმარტებული თითქოს 365-ე მუხლის ცვლილება მიმართულია ალიმენტის თაობაზე საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ 2017 წლის 27 დეკემბრის განმარტებით ბარათში (2018 წლის 7 მარტს შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით) აღნიშნულია ცვლილებების მიზანი და საფუძველი. განმარტებითი ბარათიდან ნათელია, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივრის ღირებულების გაზრდას განიხილავს როგორც ერთ-ერთ მეთოდს, რათა სასამართლო განიტვირთოს საბანკო დავებთან დაკავშირებით გაზრდილი საჩივრების გამო გაჭიანურებული საქმეებისგან და უზრუნველყოფილ იქნეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება. საბანკო დავები, ბუნებრივია, განსხვავდება ალიმენტის თაობაზე აღძრული საქმეებისგან. თუ ჩავთვლით, რომ ალიმენტის თაობაზე აღძრული საჩივრების დასაშვებობაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლში შეტანილი ცვლილება (კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება ასევე 1000 ლარიან ზღვარსაც ალიმენტის თაობაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობასთან მიმართებაში [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2018 წლის 7 მარტამდე მოქმედი რედაქცია]), მაშინ ამგვარი დაშვება ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას და ცვლილების რეალურ მიზანს;
8.3. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე და 1214-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე აშკარაა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა არ ექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში. ალიმენტის ოდენობა მშობლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში ისეთი კატეგორიით განისაზღვრება, როგორიცაა „გონივრული“ და „სამართლიანი“ შეფასება, რაც, თავის მხრივ, ინტერპრეტაციის ფართო შესაძლებლობას იძლევა. ამგვარი შეფასების კატეგორიას იყენებს სასამართლოც (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის №2ბ/1799-16 განჩინება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის №2ბ/249-16 გადაწყვეტილება), რაც წარმოშობს სასამართლოს მხრიდან შეცდომის დაშვების უფრო მაღალ ალბათობას, ვიდრე ისეთი დავები, სადაც მკაფიოდაა განსაზღვრული დავის მოგვარების სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები. შესაბამისად, ამგვარ დავებზე არსებითი მნიშვნელობა აქვს სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას, მიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა, რათა არ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის - 42-ე და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით;
8.4. ამგვარი დავების სპეციფიკურობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ საოჯახო დავებთან მიმართებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია ინკვიზიციურობის პრინციპი, ნაცვლად დისპოზიციურობის პრინციპისა;
8.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვით სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც დავის საგნის ღირებულება ქონებრივ-სამართლებრივ დავაში აღემატება 2000 ლარს, ვერ გავრცელდება ალიმენტის თაობაზე სააპელაციო საჩივრებზე, რადგან ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებული დავები, მათი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, არ წარმოადგენენ წმინდა ქონებრივ-სამართლებრივ დავებს, რადგან ამ დროს მხარეები არ იღებენ მოგებას. ალიმენტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები ვერ იქნება მიჩნეული მცირე მნიშვნელობის მქონედ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ალიმენტის დაკისრება ხდება სამომავლო დროისთვის, მაქსიმუმ 18 წლის განმავლობაში.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
14. საქმის მასალებით დგინდება, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის მ. მ–ის (დაბადების თარიღი: 2016 წლის 21 ივნისი) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 16 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
15. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ მისთვის არასრულწლოვანი შვილის მ. მ–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით 150 ლარის დაკისრების ნაწილში (იხ. ტ. 1. ს.ფ. 81-93). შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამოანგარიშება სწორედ ამ თანხის მიხედვით უნდა მოხდეს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
17. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მაგალითად, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი), გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), შეზღუდვას აწესებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლიც, რომელიც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობად განსაზღვრავს მის ღირებულებას ქონებრივ-სამართლებრივ დავებში. აღნიშნული მუხლის დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაცხადის დასაშვებობის ეტაპზე, განაცხადის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ამოწმებს განიცადა თუ არა განმცხადებელმა მნიშვნელოვანი ზიანი. მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, იგი განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. Cecchetti v. San Marino, №. 40174/08, §28-§33, 9 აპრილი, 2013 წელი; Vasilchenko v. Russia, №. 34784/02, §45-§50, 23 დეკემბერი, 2010 წელი; Ionescu v. Romania, №. 36659/04, §23-§36, 1 ივნისი, 2010 წელი).
19. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1800 ლარით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მხოლოდ 150 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ერთ წელზე გაანგარიშებით შეადგენს სწორედ ზემოაღნიშნულ თანხას (150 ლარი X 12 თვეზე). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
20. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, ვინაიდან მოცემული დავა არ არის ქონებრივი სახის დავა.
21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ, მართალია, მოცემული დავა საოჯახო-სამართლებრივია, მაგრამ, ამავდროულად, იგი ქონებრივი ხასიათის დავაა, ვინაიდან ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე და, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნას საფუძვლად საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, იგი ქონებრივ-სამართლებრივია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი და სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება.
22. კერძო საჩივრის ავტორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2018 წლის 7 მარტს შეტანილი ცვლილებების განმარტებით ბარათზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლში შეტანილი ცვლილების მიზანი საბანკო დავებთან დაკავშირებული საქმეებისაგან სასამართლოს განტვირთვა იყო, რის გამოც იგი არ უნდა გავრცელდეს ალიმენტის თაობაზე აღძრული საჩივრების დასაშვებობაზე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ შედავებას და განმარტავს, რომ აღნიშნული განმარტებითი ბარათის თანახმად, უშუალოდ საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებისაგან სასამართლოს განტვირთვის, აგრეთვე აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის დაჩქარების მიზნით, კანონპროექტით ცვლილება უნდა განხორციელებულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლში. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის საქმეების განხილვის უფლებამოსილება, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, უნდა მინიჭებოდა სასამართლოს შესაბამის მოხელეს, რის გამოც დადგინდა კოდექსისთვის 141-ე მუხლის დამატება. რაც შეეხება ამავე კანონპროექტის ფარგლებში განსაზღვრულ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ სხვა ცვლილებებს (მაგისტრატ მოსამართლეთა მიერ განსჯად საქმეთა არეალის, სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველ საქმეთა არეალისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთპიროვნულად განსახილველ საქმეთა არეალის გაფართოება, სარჩელის (განცხადების) ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობის განსაზღვრა, ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის, ნაცვლად 1000 ლარისა, 2 000 ლარიანი ზღვარის დადგენა და სხვა), განმარტებით ბარათში მითითებული არ არის, რომ ისინი მხოლოდ საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებულ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე უნდა გავრცელებულიყო.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2018 წლის 7 მარტს შეტანილი ცვლილება) დაკონკრეტებულია, რომ იგი საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარჩელებს შეეხება. მსგავსი მითითება არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლში, რაც ასევე ადასტურებს, რომ მისი მოქმედების არეალი მხოლოდ ამგვარი დავებით შემოფარგლული არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა, აღნიშნული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, თანაბრად ვრცელდება ყველა ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე