Facebook Twitter

საქმე №ას-683-683-2018 27 ნოემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ბ. (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ.ფ.

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ–ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ქ.უ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.ბ–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კასატორი ან დირექტორი) შპს „კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კომპანია, საწარმო ან შპს) 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო. ის დღემდე ამ კომპანიის დირექტორია.

2. 2014 წელს კომპანია გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აწარმოებდა.

3. 2014 წელს ზ.ბ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) საწარმოს დირექტორს გაზგასამართი სადგურის მშენებლობისთვის 50 000 ლარი გადასცა.

4. იმავე წლის 24 აპრილს, დირექტორმა კომპანიის 50% წილი საკუთრებაში გადასცა მოსარჩელის შვილს, ნ.ბ–ძეს (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის შვილი), რომელმაც თავის მხრივ, 25% წილი საკუთრებაში მესამე პირს (ა.მ–ს) გადასცა.

5. კომპანიამ მოსარჩელეს გადაცემული თანხიდან 24000 ლარი უკან დაუბრუნა.

6. 2016 წლის 12 დეკემბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, დარჩენილი 26 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც საწარმოს დირექტორის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, კომპანიის 50%-იანი წილი გადაეცა თავის შვილს (ნ.ბ–ძეს), მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოპასუხე ააშენებდა გაზგასამართ სადგურს, ხოლო მოსარჩელის შვილი გაზგასამართი სადგურის ასაშენებლად შეიძენდა და დაამონტაჟებინებდა გაზის კომპრესორებს. საწარმოს დირექტორმა 2014 წელს გაზგასამართი სადგურის მშენებლობისას, მოსარჩელისგან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, 50 000 ლარი ისესხა, რომელიც, მისი განმარტებით, კომპანიას მშენებლობის დასრულებისთვის ესაჭიროებოდა. მოპასუხემ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სესხის თანხის დარჩენილი ნაწილი - 26000 ლარი უკან არ დაუბრუნა. პარტნიორთა 2014 წლის 25 აგვისტოს კრებაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ მოსარჩელემ მას 50 000 ლარი სამშენებლო მასალების შესაძენად გადასცა, რაც პარტნიორების ინტერესებში შედიოდა.

7. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წელს მას მოსარჩელისგან 50 000 ლარი სესხად არ მიუღია. მან თანხა დირექტორს კომპანიის გაზგასამართი სადგურის მშენებლობისთვის გადასცა. მოსარჩელე სათანადო მტკიცებულებით ვერ ადასტურებს მისთვის სესხის სახით ფულადი თანხის გადაცემის ფაქტს. ის მხოლოდ პარტნიორთა კრების საოქმო ჩანაწერზე აპელირებს, სადაც მან კატეგორიულად უარყო მოსარჩელის წინაშე ფულადი ვალდებულების არსებობა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები გამოიყენა.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 26 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

10.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 50 000 ლარი სესხის სახით გადასცა. პალატის დასკვნებით, მოსარჩელემ დაძლია მტკიცების ტვირთი და როგორც მოწმეთა ჩვენებებზე, ისე წერილობით მტკიცებულებაზე (პარტნიორთა კრების ოქმი) დაყრდნობით დაადასტურა მოპასუხისთვის სადავო თანხის გადაცემის ფაქტი;

10.2. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალების ერთობლივი ანალიზი (მათ შორის, ნ.ბ–ძესა და მოპასუხეს შორის არსებულ სამეწარმეო დავაზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) არ ადასტურებდა მხარეთა შორის ისეთი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, რის საფუძველზეც მოსარჩელეს წარმოეშობოდა მოპასუხისთვის სადავო თანხის გადაცემის ვალდებულება; ამასთან, ასეთი ვალდებულების არსებობის შესახებ დასაბუთებული პოზიცია არც მოპასუხეს განუცხადებია;

10.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო თანხის მოპასუხისათვის გადაცემა დასტურდებოდა როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე მოცემული სარჩელის აღძვრამდე 2014 წლის 25 აგვისტოს პარტნიორთა კრებაზე მოპასუხის განმარტებით, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს მოსარჩელის მიერ დირექტორისათვის თანხის გადაცემის ფაქტი, ამასთან, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, მან თანხა მოპასუხეს პირადად გადასცა. 2015 წლის 25 აგვისტოს გამართულ პარტნიორთა კრებაზე მოპასუხემ კომპანიის ფინანსური ანგარიშის წარმოდგენის დროს განაცხადა, რომ გაზგასამართი სადგურის მშენებლობისთვის მოსარჩელემ 50 000 ლარი გადასცა, საიდანაც 24 000 ლარი უკან დაუბრუნა;

10.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ამ უკანასკნელის მიერ პარტნიორთა კრებაზე გაკეთებული განმარტება არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული განმარტება გაკეთებულ იქნა არა როგორც ფიზიკური პირის, არამედ როგორც საზოგადოების პარტნიორისა და დირექტორის მიერ. პალატამ აღნიშნა, რომ ხსენებული ოქმის შინაარსის ანალიზი, არ ქმნიდა ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს;

10.5. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 976.1 და 991-ე მუხლებზე მიუთითა და დაასკვნა, რომ მოპასუხე უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო, სადავო თანხა მოსარჩელისათვის დაებრუნებინა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

11.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. უსაფუძვლოა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, რომ მოპასუხემ თანხა მიიღო როგორც ფიზიკურმა პირმა და არა, როგორც საწარმოს დირექტორმა;

11.2. მოსარჩელეს მოპასუხისათვის თანხა სესხად არ გადაუცია, თანხა დირექტორმა მიიღო, როგორც საწარმოსათვის ფინანსური დახმარება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო კომპანიისათვის თანხის ჩუქება;

11.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეში # ას-127-119-2015, 22.07.2015), რომელშიც დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დანიშნულების მითითების გარეშე თანხის გადარიცხვის ფაქტი, ხოლო მოსარჩელე თანხის დაკისრებას მოითხოვდა სასესხო ვალდებულების საფუძველზე, მხარეებს შორის არსებული ურთიერთობის შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლომ თანხის გადაცემა ჩუქებად დააკვალიფიცირა და სარჩელი არ დააკმაყოფილა;

11.4. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მოპასუხის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, მან მოიწონა საწარმოს გაზგასამართი სადგურით საქმიანობის იდეა და გამოხატა კომპანიის დახმარების სურვილი, იმ მოტივით, რომ მისი შვილი საწარმოს პარტნიორი მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე გახდებოდა. შესაბამისად, ცხადი იყო, რომ მოსარჩელეს ჩუქების ხელშეკრულების დადებისათვის საკმარისი საფუძველი ჰქონდა, რითაც გამოირიცხება საპასუხო შესრულების ვალდებულების წარმოშობა;

11.5. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქმეში წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, რომლითაც დასტურდება შემდეგი გარემოებები: საწარმოს 100% წილით დამფუძნებელს თავდაპირველად წარმოადგენდა მოპასუხე, რომელიც იმავდროულად იყო შპს-ს დირექტორი; კომპანიას საკუთრებაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, სადაც მის დამფუძნებელსა და დირექტორს განზრახული ჰქონდა გაზგასამართი სადგურის აშენება; დირექტორს გაზგასამართი სადგურის ასაშენებლად საჭირო ფინანსური სახსრები არ გააჩნდა და ბიზნესპარტნიორს ეძებდა; კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი დაუკავშირდა თავის ნაცნობს - მოსარჩელეს, რომელსაც გააცნო ბიზნესიდეა, ეს უკანაკსნელი დათანხმდა მატერიალურ-ტექნიკური (შესაბამისი დანადგარების მიწოდების) სახით დახმარების გაწევაზე; მიწისა და დანადგარების გარდა, გაზგასამართი სადგურის მშენებლობა და შემდგომი ფუნქციონირება გარკვეულ თანხებს საჭიროებდა, შესაბამისად, მშენებლობის დასაფინანსებლად კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა (წილის გასხვისებამდე) აიღო საბანკო კრედიტი, ხოლო მოსარჩელესთან შეთანხმების შესაბამისად, მის შვილს - ნ.ბ–ძეს გადაეცა საწარმოს 50% წილი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უარყოფილ უნდა იქნეს.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და ასევე არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, გასაზიარებელია.

14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის სახით გადაცემული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს.

საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სასესხო ვალდებულების თავისებურებებზე, რომელიც მოცემულია სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესში, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნორმის სამართლებრივი აღწერილობა თავადვე მიუთითებს, თუ რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ამ დანაწესით გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილების ალბათობასაც, სახელდობრ, კანონმდებელი ზეპირი ფორმით დადებული სასესხო ვალდებულების ნამდვილობისათვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს. თუმცა არც გამორიცხავს ამგვარი მტკიცებულების არსებობასაც, არამედ სავალდებულოდ ადგენს მოწმეთა ჩვენებებთან ერთად სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას, რომელიც მოწმეთა ჩვენებასთან ერთობლივად, მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს სასესხო ურთიერთობის შესახებ (მტკიცების საგანი). სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა (შდრ. სუსგ №ას-127-119-2015, 22.07.2015).

15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი თანხის მიღებას არ ხდის სადავოდ, თუმცა მისი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მას ფულადი თანხა როგორც ფიზიკურ პირს კი არა, არამედ როგორც კომპანიის დირექტორს გადაეცა. ამასთან, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება არც კომპანიას არ გააჩნია, რადგანაც აღნიშნული თანხა საჩუქარი იყო.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მოსარჩელემ კომპანიას სადავო თანხა საჩუქრის სახით გადასცა.

16.1. სსკ-ის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. „ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. იურიდიული თვალსაზრისით კი, უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ეკვივალენტურობის მატარებელი და იგი მისი ძირითადი მაკვალიფიცირებელი წინაპირობაა. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან, ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან“ (შდრ. სუსგ №ას-127-119-2015, 22.07.2015).

16.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო გარიგების ჩუქების ხელშეკრულებად შეფასებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობა. აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს კომპანიისათვის გადაცემული 50 000 ლარიდან, 24 000 ლარი უკან დაუბრუნდა, რაც თავისთავად გამორიცხავს მხარეთა შორის ჩუქების სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას.

17. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა არ დასტურდება.

საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თანხის გადაცემასთან დაკავშირებით, მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ დადებულა. ზეპირი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა კი, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით ვერ დადგინდება (სსსკ-ის 624-ე მუხლი).

სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

პალატა აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელი ელემენტის არსებობა, სახელდობრ კი ის, რომ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უკან დაებრუნებინა იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

18. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის იმ პრეტენზიას, რომ სადავო თანხა მას - როგორც კომპანიის წარმომადგენელს გადაეცა და, აქედან გამომდინარე, ის, როგორც ფიზიკური პირი, პასუხს არ აგებს მოსარჩელის წინაშე.

18.1. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სარჩელში თავად მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ მან მოპასუხეს 50 000 ლარი გაზგასამართი სადგურის მშენებლობისთვის გადასცა. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გაზგასამართი სადგურის მშენებლობას ახორციელებდა კომპანია და არა მოპასუხე. ყურადსაღებია ისიც, რომ მოსარჩელე მოპასუხისთვის თანხის გადაცემას უკავშირებს კომპანიის პარტნიორებს შორის ურთიერთობას (იხ. სარჩელის პირველი, მე- 2, მე-3, მე- 5 და მე - 6 ფაქტობრივი გარემოებები, ტ.1, ს.ფ 4-5). მოსარჩელე თავის მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითებდა კომპანიის პარტნიორთა 2014 წლის 25 აგვისტოს კრების ოქმზე, რომლის მიხედვითაც კრებაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა ასევე მოსარჩელისგან გაზგასამართი სადგურის მშენებლობისათვის 50 000 ლარის მიღებასთან დაკავშირებული საკითხიც.

18.2. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სადავო თანხა კომპანიის საქმიანობისთვის გადასცა, შესაბამისად, თანხის მიღებისას მოპასუხე მოქმედებდა არა როგორც ფიზიკური პირი, არამედ კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენელი - დირექტორი, რაც გამორიცხავს მისთვის კომპანიის ნაცვლად პასუხისმგებლობის დაკისრებას.

19. ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელემ სადავო თანხა გადასცა კომპანიას და არა ფიზიკურ პირს - მოპასუხეს, სარჩელზე პასუხი არა ამ უკანასკნელმა, არამედ კომპანიამ უნდა აგოს.

20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული სასამართლო ხარჯის - 1300 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე, 264.3 მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დ.ბ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ზ.ბ–ძეს (პ/ნ .....) დ.ბ–ას (პ/ნ ......) სასარგებლოდ დაეკისროს გ.ფ–ას (პ/ნ .....) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება N 15, გადახდის თარიღი 04.06.2018) სახელმწიფო ბაჟის - 1300 (ერთი ათას სამასი) ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი