№ა-2073-შ-51-2018 8 იანვარი, 2019 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შ.შ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ი.თ.
განხილვის საგანი – საფრანგეთის ვანის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საფრანგეთის ვანის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის დადგენილებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ შ.შ–ძესა და ი.თ–ს შორის. გადაწყვეტილების თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 265–ე მუხლის დებულებების მიხედვით წინამდებარე დადგენილებით უარყოფილი იქნა ის საქორწინო უპირატესობები, რომელიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საქორწინო რეჟიმის დარღვევის ან ერთერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე უარყოფილ იქნა ის დებულებები, რომლებიც მოქმედებს საქორწინო ხელშეკრულების ან თანაცხოვრების არსებობის შემთხვვაში. ორივე მშობელს შეუნარჩუნდა მშობლის უფლებამოსილების გამოყენების უფლება 1999 წლის 30 ივლისს დაბადებული ანას მიმართ, რომელიც ინარჩუნებს საცხოვრებელს დედასთან. დადგინდა, რომ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების ფარგლებში მამამ და დედამ უნდა დაამყარონ დიალოგი და კონცენტრირება მოახდინონ შემდეგზე: ერთობლივად მიიღონ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება საერთო შვილის ცხოვრებას და განათლებას; გადაწყვიტონ და შეიმუშავონ გონივრული ფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ბავშვის სანახავად მისული მშობლის მიღება იმ მისამართზე, რომელზეც ის არ ცხოვრობს; მამა სარგებლობს შვილის თავისუფალ რეჟიმში მონახულების უფლებით; მშობელმა, რომლის საცხოვრებელ მისამართზეც შვილი ცხოვრობს, უნდა აცნობოს მეორე მშობელს ახალი მისამართი მისი შეცვლის შემთხვვაში ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში; მამას დარჩა ვალდებულება, რომ გადაიხადოს თვეში 250 ევრო ალიმენტის სახით, რაც განკუთვნილი იქნება ანას აღზრდისა და განათლებისთვის, ალიმენტი, რომელიც უნდა იქნას გადახდილი წლის განმავლობაში თორმეტივე თვეს ყოველი თვის მაქსიმუმ 5 რიცხვში, საბანკო გადარიცხვის ან საცხოვრებელ ბინაზე ხელზე გადაცემის გზით, ზემოთ ხსენებული საოჯახო დახმარებები მას მიეცემა რეგულარულად სწავლის დასრულების ბოლომდე, სანამ თვითონვე არ ექნება ანაზღაურებადი (მუდმივი და არა დროებითი) სამსახური; აღნიშნული ალიმენტი ავტომატურად იქნება გადაფასებული ყოველი წლის 1 ივლისს და პირველად 2014 წლის 1 ივლისს მოხდება ამისი შეფასება ეკონომიკური აღრიცხვის ეროვნული ინსტიტუტის მაჩვენებლის ცვლილების შესაბამისად, მთელი საფრანგეთის მასშტაბით, ეს არის მაჩვენებელი, რომელიც დგინდება ურბანული საყოფაცხოვრებო მოხმარების ფასების შესაბამისად.
2. შ.შ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით შ.შ–ძის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საფრანგეთის ვანის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის დადგენილებით გაუქმდა შ.შ–ძესა და ი.თ–ს შორის ქორწინება.
6. შუამდგომლობაზე თანდართული მტკიცებულებით დგინდება, რომ 2016 წლის 17 ნოემბრიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მხიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.შ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საფრანგეთის ვანის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება შ.შ–ძისა და ი.თ–ის განქორწინების შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი