Facebook Twitter

13 დეკემბერი, 2018 წელი, საქმე № ას-1566-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - სს „ჰ.ჯ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ.რ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს „ბ.რ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა სს „ჰ.ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი, საწარმო ან კომპანია) ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ფაქტობრივად გაწეული მომსახურებისა და გადახდილ თანხებს შორის სხვაობის (დავალიანების) – 28 273.96 ლარის, ფასთა გადათვლის შედეგად წარმოშობილი სხვაობის - 276 746.21 ლარის, ასევე, მომსახურების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს - 33 105.79 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით, საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მათი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის - 7 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა.

6. იმავე სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, აპელანტის განცხადება გადაწყვეტილების გამოტანამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე უარყოფილ იქნა, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 7 დღით გაგრძელდა და აპელანტს სახელმწიფო ბაჟის - 700 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალა.

7. 2018 წლის 16 აგვისტოს აპელანტმა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის - 700 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით, იმავე სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და ხსენებული განჩინების აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის ოდენობად 7 000 ლარი მიეთითა. ამავე განჩინებით, ხარვეზის შევსების მიზნით, 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით განსაზღვრული ვადა 3 დღით გაგრძელდა და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 7 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა, უკვე გადახდილი 7 00 ლარის გამოკლებით.

8.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2018 წლის 30 ივლისის განჩინების აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობად, ნაცვლად 7 000 ლარისა, მითითებული იყო 700 ლარი, შესაბამისად, აღნიშნული უსწორობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უნდა გასწორებულიყო და აპელანტს ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად დამატებით 3 დღით უნდა გაგრძელებოდა საპროცესო ვადა.

9. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

9.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის არასწორად მითითება არ არის არითმეტიკული შეცდომა, ვინაიდან ის შინაარსობრივი ხასიათისაა და გავლენას ახდენს მხარის ფინანსური რესურსის დროულად მობილიზებაზე;

9.2. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ, სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი გამოასწორა, კერძოდ, მან სახელმწიფო ბაჟი - 700 ლარი სრულად გადაიხადა, პალატამ, ნაცვლად სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებისა, გაახანგრძლივა მისი დასაშვებობის შემოწმების ვადა, რითაც უგულებელყო სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხის მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

11. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სსსკ-ის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გაასწორა ხარვეზის გაგრძელების შესახებ 2018 წლის 30 ივლისის განჩინებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, აღნიშნული განჩინების აღწერილობით და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გასწორდა და, ნაცვლად 700 ლარისა, მიეთითა 7 000 ლარი. საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ წარმოადგენს ტექნიკურ ან არითმეტიკულ შეცდომას, დაუსაბუთებელია.

13. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება, გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

13.1. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. მითითებული ნორმის საფუძველზე, დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (შდრ. სუსგ № ას-636-597-2011, 24.06.2011).

13.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 7 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა, ასევე, დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ივლისს მოპასუხემ ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის (7000 ლარის) გადაწყვეტილების გამოტანამდე გადავადება იშუამდგომლა (იხ. ს.ფ 286-287). 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა უარყოფილ იქნა, ხოლო ამ უკანასკნელს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 7 დღით გაუგრძელდა, თუმცა აღნიშნულ განჩინებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური ხასიათის შეცდომა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობად, ნაცვლად 7 000 ლარისა, მიეთითა 700 ლარი. მოპასუხემ 2018 წლის 17 აგვისტოს სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის - 700 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

13.3. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებაში დაშვებული შეცდომა ტექნიკური ხასიათის უსწორობას წარმოადგენდა, რასაც ცხადყოფს იმავე სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ 2018 წლის 18 ივნისის განჩინებაში განვითარებული მსჯელობაც, რომლითაც აპელანტს დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე მართებულად განესაზღვრა გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობად 7000 ლარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოქმედება, სახელდობრ, განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება სრულად შეესაბამება სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს.

14. საკასაციო პალატას, საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ გაახანგრძლივა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ვადა და დაარღვია სსსკ-ის 374.1 მუხლი, წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტში ასახული მსჯელობიდან გამომდინარე, დაუსაბუთებლად მიაჩნია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

16. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, წარმოდგენილ საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

17. საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ჰ.ჯ–ას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი