Facebook Twitter

საქმე №ა-2449-შ-67-2018 1 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. მ--ე

დაინტერესებული პირები – კ. კ-ნ, ჯ. კ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის დიურენის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვლად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გერმანიის დიურენის რაიონული სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კ. კ-ნმა შვილად აიყვანა ა. მ-ე, რომელმაც მიიღო გვარი „კ.“.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. მ-ემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ:

3.1. მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

3.2. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში;

3.3. შვილება ეყრდნობა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს მცირეწლოვანი პირის შვილად აყვანის თაობაზე;

3.4. საქმეში წარმოდგენილი პასპორტის მოწმობის ასლის თანახმად, შვილად აყვანილი პირი საქართველოს მოქალაქეა.

3.5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ იქნა ასევე შვილად ამყვანთა მიერ გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ინფორმირებული თანხმობა იმის თაობაზე, რომ მათთვის ცნობილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის დიურენის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გერმანიის დიურენის რაიონული სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კ.კ-ნმა შვილად აიყვანა ა. მ-ე, რომელმაც მიიღო გვარი „კ.“.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. მ-ემ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და მისი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

3.2. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში;

3.3. შვილობა ეფუძნება გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს მცირეწლოვანი პირის შვილად აყვანის თაობაზე;

3.4. საქმეში წარმოდგენილი პასპორტის მოწმობის ასლის თანახმად, შვილად აყვანილი პირი საქართველოს მოქალაქეა.

3.5. შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ასევე შვილად ამყვანთა მიერ გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ინფორმირებული თანხმობაც იმის თაობაზე, რომ მათთვის ცნობილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს (საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ასევე სრულწლოვანი პირის შვილად აყვანის მარეგულირებელ სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს: სრულწლოვანი პირის შვილობა შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.)

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის დიურენის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება (რომლითაც კ. კ-ნმა შვილად აიყვანა ა. მ-ე, რომელმაც მიიღო კ. კ-ნისა და ჯ. კ-ის ერთობლივი ბავშვის სტატუსი და შვილად აყვანილის გვარი „კ-ით“) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის დიურენის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის დიურენის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც კ. კ-ნმა შვილად აიყვანა ა. მ-ე, ა. მ-ემ მიიღო კ. კ-ნისა და ჯ. კ-ის ერთობლივი ბავშვის სტატუსი და შვილად აყვანილის გვარი „კ-ით“.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი