Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 127-70-კს-03 8 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 24 ივნისს ნ. ს-ემ, თ. ბ-ემ, ზ. და თ. შ-ებმა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს მოპასუხეების საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «ხ.-....»-ის გამგეობის და მისი თავმჯდომარის გ. ლ-ის მიმართ.

მოსარჩელეებმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს:

ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ. ს-ე თავის შვილებთან ზ. და თ. შ-ებთან ერთად ცხოვრობდა. აღნიშნულ სახლში ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა აგრეთვე მათი ნათესავის თ. ბ-ის ოჯახი.

ქ.თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ არქიტექტორთა კავშირის ბინათმშენებლობის ამხანაგობას საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად .... ქუჩას, .... მოედანს, .... ქუჩასა და კინოთეატრ «გ.» შორის კვარტალში მიწის ნაკვეთი გამოეყო. ამავე გადაწყვეტილებით ამხანაგობას საცხოვრებელი ფართით ასაღებ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების დაკმაყოფილება და მათთვის შენობა-ნაგებობებისა და ნარგავების ღირებულების ანაზღაურება დაევალა.

თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებისა და თბილისის რაისაბჭოს აღმასკომის 1990წ. 31 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «ხ.-....»-ს ნება მიეცა მითითებულ ნაკვეთზე საცხოვრებელი ბინის აშენებაზე. მშენებლობასთან დაკავშირებით აღებული იქნა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიც. ამხანაგობის გამგეობამ 1991წ. 2 თებერვლიდან მოსარჩელეებთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლითაც ვალდებულება აიღო აღნიშნულ მისამართზე მშენებარე სახლიდან მოსარჩელეებისათვის 4 ბინა გამოეყო, რომლებიც მათ საკუთარი სახსრებით უნდა აეშენებინათ. ხელშეკრულების თანახმად ბინის მშენებლობა სამ წელიწადში უნდა დამთავრებულიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ამხანაგობას უნდა უზრუნველეყო მათთვის ბინის ქირის ერთიანად გადახდა, აგრეთვე უნდა აენაზღაურებინა მწვანე ნარგავების გადაბარგების, ტრანსპორტირების და სხვა ხარჯები. თავის მხრივ მოსარჩელეები ვალდებულებას იღებდნენ 14 დღის განმავლობაში გაეთავისუფლებინათ ბინა.

მოსარჩელეებმა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულეს. ამხანაგობამ კი ვალდებულება არ შეასრულა, სახლის აშენება ვერ მოხერხდა.

1995წ. 14 აპრილს ამხანაგობამ მოსარჩელეებთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც ვალდებულება აიღო შ-ის სახელზე სამი თვის ვადაში სამოთახიანი ბინა ეყიდა საბურთალოს რაიონში, მშენებარე ამხანაგობის სახლში გამოეყო ორი ბინა უფასოდ, ხოლო თუ ამ ვადაში ბინის შეძენა არ მოხერხდებოდა, ამხანაგობა ვალდებულებას იღებდა თავისი ქონება გაეყიდა და ბინა ერთ თვეში შეეძინა. მოპასუხეთა მხრიდან არც მითითებული ხელშეკრულება იქნა შესრულებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა მოითხოვეს: საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «ხ.-....»-ის გამგეობასა და მოსარჩელეებს შორის 1991წ. 2 თებერვალს და 1995წ. 14 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობა; თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. 18 მაისის გადაწყვტილების გაუქმება; მოპასუხე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «ხ.-...»-საგან მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის, ზ. შ-ის, თ. შ-ის და თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «ხ.-....»-ის გამგეობის თავმჯდომარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

აპელანტის მოსაზრებით, გაურკვეველია, რა სამართლებრივი კავშირი არსებობს მოსარჩელეებსა და ვინმე მაცაბერიძეს შორის, რომლის სახელზე რიცხული სახლი მშენებლობასთან დაკაშირებით აღებულ იქნა. თანხის გადახდით მოსარჩელეები იქცნენ ამხანაგობის წევრებად და დაკარგეს ადგილობრივი მოსახლის სტატუსი. მოხდა ვალდებულებების შეწყვეტა ნოვაციით, რადგან ამხანაგობა უკვე ვალდებული იყო მოსარჩელეებისათვის ბინები აეშენებინა არა იმიტომ, რომ ისინი ცხოვრობდნენ ვინმე მაცაბერიძის სახელზე რიცხულ უკანონო ნაგებობაში, არამედ იმიტომ რომ გადაიხადეს მშენებლობის საფასური.

აპელანტის მითითებით, გადაწყვეტილებაში არასწორად იყო ასახული მოსარჩელის მოთხოვნა, ასევე არასწორად იქნა ასახული მოწმეთა ახსნა-განმარტებები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «ხ.-....»-ის თავმჯდომარის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ს-ის, ზ. შ-ის, თ. შ-ის და თ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ძალადაკარგულად ჩაითვალა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989წ. 18 მაისის გადაწყვეტილება შ-ების კუთვნილი 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბინაო-სამშენებლო ამხანაგობისათვის დამაგრების ნაწილში. ძალადაკარგულად ჩაითვალა მხარეებს შორის 1991წ. 4 თებერვალსა და 1995წ. 14 აპრილს დადებული ხელშეკრულებები. ამხანაგობას მოსარჩელეების სასარგებლოდ 65600 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელეთა მოთხოვნას საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «ხ.-....»-ისათვის მწვანე ნარგავების ღირებულების 720 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა. ქ.თბილისის მერიას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც ქ.თბილისში, ... მდებარე მიწის ფართი მოსარჩელეებს საკუთრებაში გადაეცემოდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სკ-ს 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ზემოთ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა და რაიონული სასამართლოს მიერ აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით სწორად იქნა სარჩელი დაკმაყოფილებული ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე 406-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. აღნიშნული მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე მოსარჩელეებს მათ მიერ გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეთ, რომელიც საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, 65600 ლარს შეადგენს.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი სახლი დანგრეულია, რითაც მხარეს გამოეცალა მითითებული 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მათ სახელზე დამაგრების საფუძველი. სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად ქ.თბილისის მერიას ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაავალა, რომლის საფუძველზეც, ქ.თბილისში, ... მდებარე 700 კვ.მ. მიწის ფართი მოსარჩელეებს საკუთრებაში გადაეცემოდათ.

2003წ. 14 თებერვალს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «ხ.-....»-ის გამგეობის თავმჯდომარემ გ. ლ-ემ, ი., გ. და თ. ლ-ებმა თბილისის საოლქო სასამართლოში განცხადება-შუამდომლობა წარადგინეს და მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 6 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა იმგვარად, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «ხ.-....»-ის იურიდიულ მისამართად ქალაქი თბილისი, ... და ... დაფიქსირებულიყო და არა ქალაქი თბილისი, ..., რომელიც მისი ყოფილი მეუღლის გ. ლ-ის და შვილების ი. და თ. ლ-ების ბინის მისამართია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 24 აპრილის განჩინებით საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «ხ.-....»-ის გამგეობის თავმჯდომარის გ. ლ-ის, ი., თ. და გ. ლ-ების განცხადება სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «ხ.-....»-ის თავმჯდომარემ გ. ლ-ემ, გ., ი. და თ. ლ-ებმა კერძო საჩივარი წარადგინეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 აპრილის განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული ის წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც ამზანაგობის იურიდიული მისამართი დასტურდება. კერძოდ, ქ.თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989წ. 18 მაისის გადაწყვეტილება, ქ.თბილისის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1981წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება, 1991წ. 19 მარტის ხელშეკრულება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «ხ.-....»-ის გამგეობის თავმჯდომარეს გ. ლ-ესა და ი. ბ-თან, 1991წ. 2 თებერვლის ხელშეკრულება საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «ხ.-....»-ის გამგეობის თავმჯდომარე მ. ლ-სა და რ. შ-თან.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 12 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ გ. ლ-ის, გ. ლ-ის, თ. ლ-ის და ი. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ამინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 24 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან გამომდინარე უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი «ხ.-....»-ის იურიდიული მისამართია ... ქ. თბილისი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ 2002წ. 6 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «ხ.-....»-ს ნ. ს-ის, ზ. შ-ის, თ. შ-ისა და თ. ბ-ის სასარგებლოდ 65600 ლარის გადახდა დააკისრა და მოვალის იურიდიული მისამართად ქ. თბილისი, ... მიუთითა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ ის მისამართი იქნა დასახელებული, რაც საქმის მასალებიდან გამომდინარეობდა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან (ქ.თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. 18 მაისის ¹10-2-255 გადაწყვეტილება, ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989წ. 21 ივნისის ¹15.33.863 გადაწყვეტილება, 1991წ. 9 მარტის ხელშეკრულება ამხანაგობა «ხ.-....»-ის გამგეობის თავმჯდომარეს გ. ლ-ესა და ი. ბ-თან, 1991წ. 2 თებერვლის ხელშეკრულება ამხანაგობა «ხ.-....»-ის გამგეობის თავმჯდომარე გ. ლ-ესა და რ. შ-თან) არცერთი არ შეიცავს ინფორმაციას ამხანაგობა «ხ.-....»-ის იურიდიული მისამართის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თუ კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ბინა ამხანაგობის საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ მათ შეუძლიათ იდავონ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად კერძო საჩივრის ავტორებს მართებულად უთხრა უარი სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანაზე, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ლ-ის, ი. ლ-ის, თ. ლ-ის, გ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 24 აპრილის განჩინება

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.