საქმე №ა-2333-შ-59-2018 20 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი - შპს „დ-ი“
წარმომადგენელი _ ი. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს–ია“
წარმომადგენელი _ ი. ა–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის, დონეცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. უკრაინის, დონეცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „დ-ის“ სარჩელი სს „ს–იის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს შპს „დ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების _ 24311.55 აშშ დოლარისა და სასამართლო მოსაკრებლის - 9073.07 გრივნის გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „დ-მა“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და სასამართლოს მიერ გაცემული ცნობების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) მოპასუხე, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია საქმის განხილვაში, ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მისი წარმომადგენელი - ლ. მ–ი;
ბ) გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2017 წლის 20 ნოემბერს;
გ) მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. ხსენებული განჩინება, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს და განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები.
5. შუამდგომლობის წინააღმდეგ წერილობითი პასუხის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოწინააღმდეგე მხარის ძირითადი პრეტენზიები მდგომარეობს შემდეგში:
5.1. საქმის განხილვის შესახებ ინფორმაცია, ასევე, საქმის მასალები მას ჩაბარდა უკრაინულ ენაზე;
5.2. იგი არ იყო სათანადოდ ინფორმირებული სასამართლოს სხდომის თაობაზე;
5.3. მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო პირობას წარმოადგენს, რომ საკომუნიკაციო ენა ინგლისურია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ შპს „დ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის, დონეცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. უკრაინის, დონეცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „დ-ის“ სარჩელი სს „ს–იის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს შპს „დ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების _ 24311.55 აშშ დოლარისა და სასამართლო მოსაკრებლის - 9073.07 გრივნის გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „დ-მა“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და სასამართლოს მიერ გაცემული ცნობების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) მოპასუხე, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია საქმის განხილვაში, ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მისი წარმომადგენელი - ლ. მ–ი;
ბ) გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2017 წლის 20 ნოემბერს;
გ) მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.
4. მართალია, შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნას და ძირითადად საკუთარ პოზიციას აფუძნებს იმაზე, რომ ის სათანადოდ არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე, ასევე, დაირღვა სხვა პროცედურული წესები, თუმცა პალატა არ იზიარებს ამ მტკიცებას. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მხარის პოზიცია ამ მხრივ წინააღმდეგობრივია, ის, ერთი მხრივ, სადავოდ ხდის დოკუმენტების ჩაბარებას, ასევე, უწყების გადაცემას, ხოლო, მეორე მხრივ, ადასტურებს, რომ ეს დოკუმენტები ჩაბარდა, თუმცა არა ქართულ, ან ხელშეკრულებით განსაზღვრულ საკომუნიკაციო _ ინგლისურ ენაზე, არამედ, უკრაინულ ენაზე, გარდა ამისა, საქმის ზეპირი განხილვისას მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა სადავო დოკუმენტაციის მიღების ფაქტი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სხდომაზე მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე, რომელთა შესწავლითაც ირკვევა, რომ სს „ს–ია“ უცხო ქვეყნის სამართალწარმოებაში ჩაბმული იყო. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა ხელმძღვანელობს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ მინსკის კონვენცია) მე-10 მუხლით, რომლითაც განსაზღვრულია დოკუმენტების გადაცემის წესი და ნორმის პირველი პუნქტის ლოგიკური ანალიზით ირკვევა, რომ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეს შესაძლოა, დოკუმენტაცია არასახელმწიფო ენაზეც გადაეცეს. იგი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ადრესატი უარს არ განაცხადებს არასახელმწიფო ენაზე შედგენილი დოკუმენტის მიღებაზე. მოცემულ შემთხვევაში, რომც გავიზიაროთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება, რომ მას არც ქართულ და არც ინგლისურ ენაზე ნაწარმოები დოკუმენტაცია არ ჩაბარებია, არამედ, ჩაბარდა უკრაინულ ენაზე შედგენილი მასალები, მაინც არ იარსებებს მისი მოსაზრებების გაზიარების წინაპირობა, რადგანაც თავად მხარემაც დაადასტურა მათი ნებაყოფლობით მიღების ფაქტი.
5. მინსკის კონვენციის 51-ე მუხლის „а“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამავე კონვენციის 53-ე მუხლის თანახმად კი, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება... შუამდგომლობას თან ერთვის: а) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; б) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; в) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; г) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება დამოწმებული თარგმანით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე. რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების წესს, მას ადგენს კონვენციის 54-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკითხის განმხილველი სასამართლო ადგენს, შეესაბამება თუ არა შუამდგომლობა ამ კონვენციის 53-ე მუხლის მოთხოვნებს. მინსკის კონვენციით დადგენილია, ასევე, იმ მხარის თავდაცვის საშუალებები, რომლის წინააღმდეგაცაა გამოტანილი აღსასრულებლად მისაქცევი გადაწყვეტილება, კერძოდ, 55-ე მუხლის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება, უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა, თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს. ანალოგიურ დათქმებს ითვალისწინებს „საერთაშირისო კერძო სამართლის შეახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლები.
6. საკასაციო პალატა დამატებით მოიშველიებს პრეცედენტული სამართლით დადგენილ პრინციპებსაც: ერთ-ერთ საქმეზე (Avotins v. Latvia [GC]) ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ ევროკონვენციის მე-6 მუხლი დარღვეულად არ მიიჩნია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას (ხსენებული გადაწყვეტილების თანახმად: კვიპროსის სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მომჩივანს, ლატვიის მოქალაქეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კომპანიისთვის დავალიანების გადახდა დააკისრა. მომჩივნის განცხადებით, მას სათანადოდ არ შეატყობინეს კვიპროსში მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა კვიპროსის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ლატვიის ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ბრიუსელის I რეგულაციის შესაბამისად. აპლიკანტი შეეცადა ლატვიის სასამართლოებისთვის ხელი შეეშალა გადაწყვეტილების აღსრულებაში იმ საფუძვლით, რომ კონვენციის სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობა ვერ მოხდება თუ მოპასუხეს დროულად არ ჩაბარდა სარჩელი და მას არ მიეცა საპასუხო არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. თუმცა ლატვიის უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული არგუმენტი და განაცხადა, რომ ვინაიდან მომჩივანმა გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი არ წარადგინა კვიპროსში, მისი პრეტენზიები იმ დროისთვის აღარ იყო რელევანტური) მომჩივნის პრეტენზია, რომლის თანახმადაც დაირღვა კონვენციის 6.1 მუხლით უზრუნველყოფილი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ხარვეზები უზენაესი სასამართლოს მხრიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი "prima facie" სერიოზული საკითხის განხილვის ფორმის გამო. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა ხარვეზმა არ განაპირობა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა, ვინაიდან მომჩივანს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება კვიპროსში გაესაჩივრებინა.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „ს–იამ“ ვერ დაამტკიცა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობების არსებობა, ამასთანავე, საქმის განხილვისას დადგინდა რა მის მიერ გამოთქმული პრეტენზიების უმართებულობა, პალატა მიიჩნევს, რომ უკრაინის, დონეცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ს–იას“ შპს „დ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების _ 24 311,55 აშშ დოლარისა და სასამართლო მოსაკრებლის _ 9 073,07 გრივნის გადახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის, დონეცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის, დონეცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ს-იას“ (ს/კ #4-...) შპს „დ-ის“ (ს/კ #3-...) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების _ 24 311,55 აშშ დოლარისა და სასამართლო მოსაკრებლის _ 9 073,07 გრივნის გადახდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი