Facebook Twitter

საქმე №ა-3679-შ-102-2017 8 იანვარი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებლი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - სახელმწიფო საწარმო „კ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის, ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. უკრაინის, ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საწარმო „კ-ის“ სარჩელი შპს „ს-ის“ მიმართ დავალიანების _ 128 547,66 ევროს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ს-ს“ სახელმწიფო საწარმო „კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 92 547,66 ევროს გადახდა, რაც შეადგენს დავალიანებას _ 2 658 570,17 გრივნსა და სასამართლო ხარჯს _ 39 878,55 გრივნს. შეწყდა საქმის წარმოება მოპასუხისათვის 36 000 ევროს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ამავე გადაწყვეტილებით შპს „ს-ის“ შეგებებული სარჩელი სახელმწიფო საწარმო „კ-ის“ მიმართ 1 230 856,44 გრივნის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სახელმწიფო საწარმო „კრასილოვსკის აგრეგატულმა ქარხნამ“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და სასამართლოს მიერ გაცემული ცნობების შესწავლით ირკვევა, რომ:

ა) მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე;

ბ) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას, ამასთან, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე იგი არ აღსრულებულა;

გ) მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტებრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, მასვე განესაზღვრა საპროცესო ვადა წერილობითი პოზიციის წარმოსადგენად და განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებების შესახებ.

5. შპს „ს-მა“ წერილობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის ზეპირი განხილვა იმ საფუძვლით, რომ უკრაინის სასამართლომ საქმე არსებითი ხასიათის საპროცესო ნორმათა დარღვევით განიხილა, რაც გამორიცხავდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებას. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, უკრაინაში საქმის განხილვაში მონაწილეობდა უკრაინის დასავლეთ რეგიონის ხმელნიცკის გარნიზონის სამხედრო პროკურორი. სამოქალაქო დავის განხილვაში პროკურორის მონაწილეობას ითვალისწინებს უკრაინის სამეურნეო კოდექსის 29-ე მუხლი. კანონის ამგვარი დანაწესი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კონსტიტუციის გადმონაშთია, რომელიც ემსახურებოდა მართლმსაჯულებაზე ტოტალური კონტროლის განხორციელებას. ამგვარი მიდგომა შეცვალა ქართულმა სახელმწიფომ 1995 წელს ახალი კონსტიტუციისა და 1997 წელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიღებით. სასამართლო პროცესზე პროკურორის მონაწილეობა მიზნად ისახავდა გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას, იგი მხარს უჭერდა შუამდგომლობებს და გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებებს. გარდა ამისა, უკრაინის სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეისწავლა, არ შეაფასა შპს „ს-ის“ სააპელაციო საჩივარი და საქმეში არსებული მასალები (ნასყიდობის საგნის შეკვეთების 20.05.2016წ. აქტები, რომლებიც ადასტურებს შუამდგომლობის ავტორის თანამშრომელთა მიერ 700 კონვექტორზე ნაკლის აღმოფხვრის ფაქტს, ასევე, არ შეისწავლა „კ-ის“ წერილები, სადაც აღიარებულია შპს „ს-ისათვის“ ნაკლიანი პროდქციის მიწოდების ფაქტი და ამ უკანსკნელის დავალიანების არარსებობა) და საქმე განიხილა ერთ დღეში, როდესაც ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლომ მის განხილვას მიუძღვნა 11 სხდომა, ამდენად, შპს „ს-მა“ ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შპს „ს-ის“ მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, სახელმწიფო საწარმო „კ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის, ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. უკრაინის, ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საწარმო „კ-ის“ სარჩელი შპს „ს-ის“ მიმართ დავალიანების _ 128 547,66 ევროს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ს-ს“, სახელმწიფო საწარმო „კ-ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 92 547,66 ევროს გადახდა, რაც შეადგენს დავალიანებას _ 2 658 570,17 გრივნსა და სასამართლო ხარჯს _ 39 878,55 გრივნს. შეწყდა საქმის წარმოება მოპასუხისათვის 36 000 ევროს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ამავე გადაწყვეტილებით შპს „ს-ის“ შეგებებული სარჩელი სახელმწიფო საწარმო „კ-ის“ მიმართ 1 230 856,44 გრივნის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

1.2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სახელმწიფო საწარმო „კრასილოვსკის აგრეგატულმა ქარხნამ“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

1.3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და სასამართლოს მიერ გაცემული ცნობების შესწავლით ირკვევა, რომ:

ა) მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, ის თავად მონაწილეობდა პროცესში და განკარგა საკუთარი უფლებები (აღძრა შეგებებული სარჩელი, გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით);

ბ) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას, ამასთან, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე იგი არ აღსრულებულა;

გ) მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.

1.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს „ს-ის“ მტკიცებას შუამდგომლობის უარყოფასთან დაკავშირებით და მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებები აღსრულდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. გარდა ამისა, „სამოქალაქო საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში „მინსკის კონვენცია“) მე-3 კარი არეგულირებს კონვენციის წევრი სახელმწიფოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხს, როგორც საქართველო, ისე _ უკრაინა კონვენციის წევრ სახელმწიფოებს წარმოადგენენ და, საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობენ ხსენებული კონვენციის დებულებებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარე ვერ ასაბუთებს კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის წინაპირობების არსებობას.

1.5. უნდა აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ზემოხსენებული ნორმატიული დანაწესების ფორმალური საფუძვლიანობის შემოწმებით, იმგვარად, რომ არ არის უფლებამოსილი, ზედამხედველობა გაუწიოს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალურ კანონიერებას. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ს-მა“ ისარგებლა, როგორც შეგებებული სარჩელის უფლებით, ისე _ გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრების შესაძლებლობით. ის, მართალია, პრეტენზიას აცხადებს მტკიცებულებათა არასათანადო კვლევაზე, თუმცა, გაურკვეველია, რატომ არ გაასაჩივრა უკრაინის ეროვნული სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საკასაციო წესით. იმ მხრივ, რომ მხარემ ამოწურა უცხო ქვეყნის სასამართლოს ტერიტორიაზე სამართლებრივი დაცვის საშუალებები მისი წერილობითი პოზიციებიდან არ დასტურდება, შესაბამისად, მხარის პრეტენზიის შესწავლა მტკიცებულებათა კვლევის თაობაზე სცდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას, რაც შეეხება პროკურორის მონაწილეობას პროცესში, საკასაციო სასამართლოს ამ მხრივ შპს „ს-ის“ მიერ გამოთქმული პრეტენზიების ანალიზის შედეგად ვერ გამოაქვს დასკვნა, რომ ამ საპროცესო მოქმედების შედეგად დაირღვა მხარის უფლებები. პროკურორის სამოქალაქო საქმეში მონაწილეობა, როგორც თავად მხარე ადასტურებს, განპირობებულია უკრაინის საპროცესო კანონმდებლობით, რომლის შეფასებაც ასევე ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. რასაკვირველია, საქართველოს კანონმდებლობაში გატარებული რეფორმები ემსახურება ამა თუ იმ რეგულაციის სრულყოფას ევროპულ კანონმდებლობასთან, თუმცა, ის გარემოება, რომ ზედამხედველობის უფლებით პროკურორს მონაწილეობის უფლება გააჩნია სხდომაზე, რასაც მხარე საბჭოთა კანონმდებლობის გადმონაშთად აღიქვამს, ვერ გახდება უკრაინის ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო, რომ მხარეს დამაჯერებლად არ აუხსნია, თუ რა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა პროკურორის მონაწილობამ საქმის განხილვაზე, მხოლოდ ის ფაქტი, რომ იგი მხარს უჭერდა გარკვეულ შუამდგომლობებს, ფართო გაგებით ვერ იქნება სამართლის ნორმის დარღვევად მიჩნეული, რადგანაც პროცესის სუბიექტუნარიანობა საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლებას გულისხმობს (უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართული კანონმდებლობა ამგვარ მიდგომას ცალსახად არ ემიჯნება, რამდენადაც, საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დავის საგნის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება ან/და თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება და სამოქალაქო პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მონაწილეობს, იგი მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მოსამსახურის და საჯარო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა). ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, იმავე საქმეზე წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიანიჭოს იმ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობს.). გარდა ამისა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვას მიუძღვნა 11 სხდომა, პრეზუმირებულია, რომ საქმე არსებითად იქნა შესწავლილი, ხოლო ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ერთ სხდომაში დამთავრება არ ეწინააღმდეგება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების მარეგულირებელ ნორმებს.

1.6. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზემოთ განვითარებული მსჯელობა არც ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ერთ-ერთ საქმეზე (Avotins v. Latvia [GC]) ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ ევროკონვენციის მე-6 მუხლი დარღვეულად არ მიიჩნია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას. ხსენებული გადაწყვეტილების თანახმად: კვიპროსის სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მომჩივანს, ლატვიის მოქალაქეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კომპანიისთვის დავალიანების გადახდა დააკისრა. მომჩივნის განცხადებით, მას სათანადოდ არ შეატყობინეს კვიპროსში მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა კვიპროსის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ლატვიის ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ბრიუსელის I რეგულაციის შესაბამისად. აპლიკანტი შეეცადა ლატვიის სასამართლოებისთვის ხელი შეეშალა გადაწყვეტილების აღსრულებაში იმ საფუძვლით, რომ კონვენციის სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობა ვერ მოხდება თუ მოპასუხეს დროულად არ ჩაბარდა სარჩელი და მას არ მიეცა საპასუხო არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. თუმცა ლატვიის უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული არგუმენტი და განაცხადა, რომ ვინაიდან მომჩივანმა გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი არ წარადგინა კვიპროსში, მისი პრეტენზიები იმ დროისთვის აღარ იყო რელევანტური. მომჩივანი დავობდა, რომ დაირღვა კონვენციის 6.1 მუხლით უზრუნველყოფილი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 6.1 მუხლის დარღვევა არ დაადგინა. მან მიიჩნია, რომ არსებობდა ხარვეზები უზენაესი სასამართლოს მხრიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი „prima facie“ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის ფორმის გამო. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა ხარვეზმა არ განაპირობა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა, ვინაიდან მომჩივანს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება კვიპროსში გაესაჩივრებინა.

1.7. ამდენად, უკრაინის, ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ს-ს“ სახელმწიფო საწარმო „კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 92 547,66 ევროსა (რაც შეადგენს 2 658 570,17 გრივნს) და სასამართლო ხარჯის _ 39 878,55 გრივნის გადახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

2. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვაზე უარის თქმის დასაბუთება:

2.1. შპს „ს-ი“ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე და ამ მიზნით წარადგინა არგუმენტები, რომლებიც, მხარის მოსაზრებით, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

2.2. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი (საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას, აგრეთვე, უნდა განემარტოს, რომ საქმე ზეპირად განიხილება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს), მართალია, ითვალისწინებს მხარის მოთხოვნით სხდომის დანიშვნის შესაძლებლობას, თუმცა ის საკითხები, რომელთა გამოც მხარეს სურს საქმის ზეპირი განხილვა, შეფასებულია საკასაციო პალატის მხრიდან, გარდა ამისა, მას საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე საკუთარი წერილობითი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა არ შეზღუდვია და მან გამოიყენა კიდევაც აღნიშნული შესაძლებლობანი (იხ. ECHR: CASE OF GALSTYAN v. ARMENIA; რიჟამაძე საქართველოს წინააღმდეგ), ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება მხარისათვის გარანტირებული იყო საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, ხოლო პროცესუალური ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს სავალდებულოდ არ მიაჩნია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს-ის“ შუამდგომლობა საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო საწარმო „კ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის, ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

3. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის, ხმელნიცკის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ს-ს“ სახელმწიფო საწარმო „კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 92 547,66 ევროსა (რაც შეადგენს 2 658 570,17 გრივნს) და სასამართლო ხარჯის _ 39 878,55 გრივნის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი