Facebook Twitter

საქმე №ა-3581-შ-97-2017 19 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - მ. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს (კინგსის ოლქის სასამართლოში) 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ლ-ასა და მოპასუხე მ. ჯ-ის შორის ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ლ-ამ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

3.2. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

3.3. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ზემოხსენებული გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;

3.4. შუამდგომლობის ავტორი ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მ. ლ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო პალატის განჩინება საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც წერილობითი მოსაზრება სასამართლოში არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. ლ-ას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოში 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ლ-ასა და მოპასუხე მ. ჯ-ის შორის ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ლ-ამ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების, ასევე, მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე;

3.2. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

3.3. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ზემოხსენებული გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;

3.4. შუამდგომლობის ავტორი ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ლ-ა და მოპასუხე მ. ჯ-ი განქორწინდნენ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ლ-ას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს კინგსის ოლქის სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. (მ-ი) ლ-ა და მ. ჯ-ი განქორწინდნენ.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი