Facebook Twitter

საქმე №ა-2480-შ-68-2018 20 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი - სს „ბ. ფ.“ (B. F., ყოფილი M. ...)

წარმომადგენელი _ ვ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „.. და ... ა.“

წარმომადგენელი _ მ. მ-ი

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ლიტვის რესპუბლიკის, შირვინტოსის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლიეტუვის (ლიტვის) რესპუბლიკის, შირვინტოსის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინებით სს „ბ. ფ.“ (B. F.) სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შპს „... და .. ა.“ (ს/კ #4...., რეგისტრირებული მისამართზე: საქართველო, ვარკეთილი .., მე-4 მ/რ, კორპ #...., ბინა #...) სს „ბ. ფ.“ (B. F., კომპანიის კოდი #1...) სასარგებლოდ, დაეკისრა დავალიანების _ 13 090,32 ევროს, ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით დარიცხული პროცენტის _ 4 958,17 ევროს, გადასახდელ თანხაზე დარიცხული წლიური 6%-ის (18 048,49 ევრო) სასამართლოში საქმის წარმოების დაწყების დღიდან _ 2015 წლის 14 ნოემბრიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე და ასევე, სასამართლო ხარჯის 1 104,42 ევროს გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სს „ბ. ფ.“ (B. F.) წარმომადგენელმა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქვევა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტებისა და მათი ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

ა) მოპასუხე გაფრთხილებილი იყო საქმის განხილვის თაობაზე, მას ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, ასევე, წერილობით განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები. გარდა ამისა, ელ.ფოსტის მეშვეობით ეცნობა სასამართლო სხდომის თაობაზე. სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, ასევე, ელ.ფოსტით გაუგზავნა უცხო ქვეყნის კომპეტენტურ სასამართლოში საპასუხო შეტყობინება, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც საპროცესო წარმომადგენელი დაუნიშნავს;

ბ) დავა გამომდინარეობს მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ასლით კი, ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, როგორც სასამართლოს კომპეტენციაზე, ისე _ სამართალზე;

გ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს 2016 წლის 26 სექტემბრიდან შესულია კანონიერ ძალაში და მისი გამომტანი ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა;

დ) მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისს შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და ხსენებული განჩინება საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელმაც ითხოვა საქმის ზეპირი განხილვა.

4. 2018 წლის 20 ივლისის სხდომაზე მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგება, შესაბამისად, მათ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს მიღწეული პირობებით მორიგების დამტკიცების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მათი პოზიციები, თვლის, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და დასაკმაყოფილებელია, რის გამოც მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მორიგების თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:

1.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის სხდომაზე მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას დავის მორიგებით დასრულების თაობაზე, სასამართლო სხდომაზე განსაზღვრეს ამ მორიგების პირობები და მხარი დაუჭირეს მის შემდგომი სახით დამტკიცებას:

ა) შპს „... და ... ა.“ (ს/კ #4...) სს „ბ. ფ.“ (B. F. ს/კ #1...) 15 000 (თხუთმეტი ათასი) ევროს გადაუხდის არა უგვიანეს 2018 წლის 30 სექტემბრისა;

ბ) თუ თანხა (15 000 ევრო) სრულად არ იქნება გადახდილი 2018 წლის 1 ოქტომბრამდე შპს „... და ... ა.“ (ს/კ #4...) სრულად იქნება პასუხისმგებელი, აანაზღაუროს ლიტვის (ლიეტუას) რესპუბლიკის, შირვინტოსის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით (განჩინებით) დაკისრებული თანხები (დავალიანება _ 13 090,32 ევრო, ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით დარიცხული პროცენტი _ 4 958,17 ევრო, ასევე, სასამართლოში საქმის წარმოების დაწყებიდან, 2015 წლის 14 ნოემბრიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე გადასახდელ თანხაზე დარიცხული წლიური 6% (18 048,49 ევრო) და სასამართლო ხარჯები _ 1 104,42 ევრო).

1.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 და 70.3 მუხლების შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის გადაწყვეტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამდენად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა ხდება ყველა იმ საპროცესო პრინციპის დაცვით, რაც ეროვნული საპროცესო კანონმდებლობითაა დადგენილი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

1.4. საკასაციო პალატამ შეამოწმა მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე (5), 70-ე (3) მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, მე-3, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგების გზით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. დამტკიცდეს მორიგება სს „ბ. ფ.“ და შპს „... და ... ა.“ შორის შემდეგი პირობებით:

ა) შპს „... და ... ა.“ (ს/კ #4...) სს „ბ. ფ.“ (B. F. ს/კ #1...) 15 000 (თხუთმეტი ათასი) ევროს გადაუხდის არა უგვიანეს 2018 წლის 30 სექტემბრისა;

ბ) თუ თანხა (15 000 ევრო) სრულად არ იქნება გადახდილი 2018 წლის 1 ოქტომბრამდე შპს „... და ... ა.“ (ს/კ #4...) სრულად იქნება პასუხისმგებელი აანაზღაუროს ლიტვის (ლიეტუას) რესპუბლიკის, შირვინტოსის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით (განჩინებით) დაკისრებული თანხები (დავალიანება _ 13 090,32 ევრო, ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით დარიცხული პროცენტი _ 4 958,17 ევრო, ასევე, სასამართლოში საქმის წარმოების დაწყებიდან, 2015 წლის 14 ნოემბრიდან გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე გადასახდელ თანხაზე დარიცხული წლიური 6% (18 048,49 ევრო) და სასამართლო ხარჯები _ 1 104,42 ევრო).

3. შეწყდეს წარმოება სს „ბ. ფ.“ (B. F., ყოფილი M. ...) შუამდგომლობაზე შპს „... და ... ა.“ მიმართ ლიტვის რესპუბლიკის, შირვინტოსის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი