Facebook Twitter

საქმე №ა-5406-შ-144-2017 31 იანვარი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ა. ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ბ–ი

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ავსტრიის რესპუბლიკის დონაუშტატის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ავსტრიის რესპუბლიკის, დონაუშტატის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით ა. ბ–სა და ი. ბ–ს შორის 1985 წლის 19 ივლისს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ბ–მა და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე და თანხმობა განაცხადეს განქორწინებაზე;

3.2. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს 2017 წლის 27 ივნისს შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;

3.3. მხარეები არიან საქართველოს მოქალაქეები.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით ა. ბ–ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო პალატის განჩინება საქმის მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც წერილობითი მოსაზრება სასამართლოში არ წარმოუდგენია. საქმის მასალებში ასევე მოიპოვება ი. ბ–ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლის თანახმადაც მისთვის ცნობილია ავსტრიის რესპუბლიკის, დონაუშტატის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის განხილვის თაობაზე და იგი არავითარ პრეტენზიას არ გამოთქვამს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა. ბ–ის შუამდგომლობა ავსტრიის რესპუბლიკის, დონაუშტატის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ავსტრიის რესპუბლიკის, დონაუშტატის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით ა. ბ–სა და ი. ბ–ს შორის 1985 წლის 19 ივლისს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ბ–მა და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ:

3.1. მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე და თანხმობა განაცხადეს განქორწინებაზე;

3.2. გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს 2017 წლის 27 ივნისს შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია;

3.3. მხარეები არიან საქართველოს მოქალაქეები.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ავსტრიის რესპუბლიკის, დონაუშტატის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინება რომლითაც ა. ბ–სა და ი. ბ–ს შორის 1985 წლის 19 ივლისს თბილისის ქორწინების სასახლეში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ–ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე ავსტრიის რესპუბლიკის დონაუშტატის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ავსტრიის რესპუბლიკის დონაუშტატის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინება, რომლითაც ა. ბ–სა და ი. ბ–ს (ქორწინებამდელი გვრი იოგან) შორის 1985 წლის 19 ივლისს თბილისის ქორწინების სასახლეში შემდგარი #2448 ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი